საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ახალი ცვლილებით საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასე გამოიყურება - კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.
გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე - დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.
გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებას, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე არსებული აჟიოტაჟი არ შეესაბამება რეალობას.
„ჩვენ არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მმართველ გუნდში ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი თვლის, რომ მცირე მთავრობის იდეა არის ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ნაწილი კი, ამგვარ ცვლილებას მხარს არ უჭერს. უმრავლესობის წევრს, დეპტატ ზაზა პაპუაშვილს კითხვები აქვს რა პრინციპით ერთიანდება კულტურისა და განათლების სამინისტროები.
„ნებისმიერი ასეთი ცვლილებები მცირე მთავრობა იქნება თუ როგორც იქნება, თვითონ უნდა მოირგოს ქვეყანამ, როგორც შეესაბამება მის ინდივიდუალურ განვითარებას“, - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
წარმოდგენილ ცვლილებას, კერძოდ, კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების გადაწყვეტილებას არ იზიარებს დეპუტატი ნუკრი ქანთარია, რომლის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„ხელოვნების ნაწილი ცალკე სახელმწიფო დეპარტამენტის ან დამოუკიდებელი სააგენტოს სახით მაინც უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარებოდა. კონსულტაციების დროს პრემიერს ეს მოდელი შევთავაზე. შეიძლებოდა კულტურის სამინისტროდან განათლების სამინისტროს ფარგლებში სასწავლო-შემოქმედებითი დაწესებულებების, ასევე ბიბლიოთეკების და მუზეუმების გადასვლა.
ხელოვნების დარგების, რომელიც ეროვნული იდენტობის გამომხატველია და ასეთია - ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული მუსიკა, ქართული ქორეოგრაფია - მათი ამ ოკეანეში ჩაკარგვა, რასაც განათლება ჰქვია, ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭირდება“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დავით მათიკაშვილის განცხადებით, უმრავლესობა მამუკა ბახტაძის ხედვებს სრულიად იზიარებს. მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებები ამოცანების დაჯგუფებას ეხება და არა კადრების შემცირებას.
„არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. რამდენიმე უწყების გაერთიანება და ოპტიმიზაცია ხდება, მათ შორის ხარჯების. ამ გზით იმას შევძლებთ, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება უფრო მოქნილად მოხდება და შესაბამის ადრესატამდე უფრო დროულად მივა, რაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს.
ისეთი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ორიენტირებული გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულებაზე იქნება. ეს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება. როგორც იტყვიან, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და თუკი რაიმე მშენებლობა უნდა წარიმართოს, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს, რადგან პროფილური დარგია. სამთავრობო ბიუროკრატიის ზრდა არ მოხდება, მისი მასშტაბი არ გაიზრდება და ყველა დანაზოგი სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, ვინ დარჩება ახალ მთავრობაში. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გუნდისთვის ახალი სახეები და ახალი ენერგია მნიშვნელოვანია. სტრუქტურილი ცვლილების შემდეგ მთვრობის შემადგელობას ტოვებს თეა წულუკიანი. გაერთიანებულ უწყებას კახი კახიშვილი ჩაიბარებს. წულუკიანთან ერთად მთავრობის შემადგელობას დაემშვიდობება სოზარ სუბარი. აწ უკვე ყოფილი მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მის გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ არც „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დასახელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ რეალურად არ შემცირდება ბიუჯეტის უვარგისი და ბიუროკრატიული ხარჯები, სტრუქტურული ცვლილებების შედეგი იქნება ნულოვანი. მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებს სასწრაფო ცვლილებები უნდა მოჰყვეს ბიუჯეტში.
„ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, სად არის ეს 120 მილიონი ლარი, რომლის ეკონომიასაც აპირებენ. სინამდვილეში იტყუებიან, რადგან ხდება მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური გადაჯგუფება. ეს ემსგავსება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების შერწყმას, როდესაც ყველაფერი დარჩა იგივე, მათ შორის ქვედა სტრუქტურები, უფრო მეტიც, სამი მილიონით გაიზარდა სახელფასო ფონდი. სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა საზოგადოება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას რეალურად დაინახავს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
გადასახადები თუ იგივე დარჩება და მოსახლეობის მდგომარეობა არაფრით შემსუბუქდება, ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით სამთავრობო ცვლილებას არანაირი აზრი არ ექნება.
„მნიშვნელოვანია არა სამინისტროების რაოდენობა, არამედ სამთავრობო ხარჯების შემცირება. მთავარი ცვლილებებში არის არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, ვის მდივანს დაარქმევენ და ვის მინისტრს, არამედ ეს როგორ აისახება ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ გადასახადები იგივე დარჩება, თუ მათი მდგომარეობა არაფრით შემსუბუქდება, რა თქმა უნდა ამ ცვლილებებს არანაირი აზრი არ ექნება. აუცილებელია სამთავრობო ხარჯების შემცირება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მამუკა ბახტაძის შემცირებულ მთავრობას აკრიტიკებენ ანალიტოკოსები. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ოპტიმაციის წინააღმდეგი არ არის და მისი თქმით, შეიძლება ზოგი სამინისტროს გაუქმებაზეც წავიდეთ, მაგრამ ერთმანეთთან შერწყმა იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც თავის დროზე სპორტის სამინისტრო მიუერთეს კულტურისას, ნამდვილად არ შეიძლება. როგორც ფირალიშვილი აცხადებს, კულტურის სამინისტროს გაუქმება ჩვენისთანა მცირე და და გლობალურ სამყაროში გაქრობის საშიშროების წინაშე მყოფი ხალხისათვის, უკეთეს შემთხვევაში, დაუფიქრებლობის შედეგია.
„ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ ეს არ მოხდებოდა. როგორც ვნახე, ამას ძირითადად ორი არგუმენტით ამართლებენ. პირველი - კულტურის სამინისტრო საბჭოთა გადმონაშთია. იმ ეპოქაში ის ხელოვნების მუშაკთა კონტროლს ემსახურებოდა, დღეს კი უფუნქციოდაა. ამ არგუმენტის გამომთქმელს გავახსენებდი, რომ კულტურის სამინისტრო, ვთქვათ, სრულიად „არასაბჭოთა“ საფრანგეთსაც აქვს და მისი არსებობა „არასაბჭოთა“ ეპოქაში, პირველ რიგში, მოკლედ რომ ვთქვა, გლობალურ სამყაროში ადგილობრივი კულტურების შენარჩუნებისა და გლობალურ პროცესებთან სრულფასოვანი ადაპტაციის საქმეს უნდა ემსახურებოდეს. როდესაც კულტურის მატარებელი მცირე ერია და შენ მას მთლიანად ე.წ. კულტურის საერთაშორისო ბაზარს გადასცემ, გასაქრობად გაგიწირავს. თანაც ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მეცენატობის ტრადიცია სუსტია.
მეორე - კულტურაცა და სპორტიც, თურმე განათლების ასპექტებია. ამ არგუმენტის ავტორს, როგორც ჩანს, არ ესმის განათლების სახელმწიფო სისტემის მნიშვნელობა და სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოფენაზე, კონცერტზე თუ სპექტაკლზე მიღებულ განათლებას ერთმანეთთან აიგივებს. სხვა პრობლემაა, რამდენად დაეხმარება ეს შერწყმა თავად განათლების სამინისტროს, რომელსაც ისედაც ურთულესი და უმძიმესი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი“, - წერს სოციალურ ქსელში ზაზა ფირალიშვილი.
წარმოდგენილი სახით მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს არ იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, სამინისტროების ამგვარი გადაადგილებებით, ხარჯები შემცირების ნაცვლად იზრდება ხოლმე.
„ასეთი ცვლილებები ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს. ეს სიახლე არ არის. ასეთ დაშლას, მიერთებას და მექანიკურ გადაადგილებებს რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოუტანია არც ერთი მთავრობის ქვეშ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველა ხელისუფლებამ გადადგა ასეთი ნაბიჯი - გამსახურდიამ, შევარდნაძემ, სააკაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამაც. შედეგი არსად არ მინახავს და აქ რატომ მოხდება რამე არაორდინალური, არ მესმის.
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველთვის ერთნაირია და ამავდროულად ყოველთვის უშედეგო. გვქონდა ჩვენ ასეთი რესტრუქტურიზაციის ვარიანტი, როდესაც სამინისტროებს სთხოვეს, რომ შეემცირებინათ ხარჯები და ყველა ინიციატივით გამოვიდა, ვინ რამდენს შემაცირებდა. ერთია განცხადებები, მაგრამ მერე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდა. ასე იქნება ახლაც. ყველა ასეთ ცვლილებას ზუსტად ეს განცხადებები ახლავს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელების ეტაპზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები მხოლოდ პირველი ეტაპია და ამ კონცეფციის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისთვის, საჭიროა შტატების შემცირებაც.
„მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელების პირველი ნაბიჯია. ამ კონცეფციის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისთვის საჭიროა შტატების შემცირება, რასაც დღეს მთავრობა ერიდება. შტატების შემცირება თუ მოხდება, პარალელურად უნდა გაჩნდეს ამ ადგილებიდან გათავისუფლებული ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები.
სამინისტროებში ძირითადი ხარჯი ადამიანური შრომის ანაზღაურებაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პირველი ეტაპია. აგრეთვე ვფიქრობ, შესამუშავებელი იქნება ის, რომ შემოიღონ კანონები, რომლებითაც რაღაც ფუნქციებს აიღებს კერძო სექტორი. მაგალითად, შემოვიდეს კანონი ქველმოქმედების შესახებ, რაც კერძო სექტორს იმისკენ უბიძგებს, რომ კულტურის და მეცნიერების სფეროს დახმარება გაუწიოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.