სირაძემ და ფხალაძემ კომისიას ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

სირაძემ და ფხალაძემ კომისიას ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა შსს–ს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს დაკითხვით განახლდა. კითხვების ძირითადი ნაწილი ეხება ძირითადად, თუ როგორ მიმდინარეობდა საქმის გამოძიება; რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული, რა დროში და როგორ. როგორც კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რაღაც კითხვებზე პასუხები საქმის მასალებიდან არ არის.

დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა შსს-ს გამომძიებელის კახა სირაძის დაკითხვა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრი, ოთარ კახიძე დაინტერესდა რატომ არ ამოიღო გამოძიებამ დაუყოვნებლივ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის, მირზა სუბელიანის შვილის მობილური ტელეფონი, რომლითაც დაიგეგმა ამ კონფლიქტის გაგრძელება, რაზეც კახა სირაძემ უპასუხა, რომ სუბელიანი იყო ერთ–ერთი პირველი, რომელიც საკუთარმა მშობლემა წარადგინა გამოძიების წინაშე და მისგან მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.

რაც შეეხება ამ საქმის კიდევ ერთ საინტერესო დეტალს, ეს არის ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდულის დანგრევა, სადაც ეს სასტიკი მკვლელობა მოხდა და, რომელიც გამოძიებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო. სირაძე ამ შემთხვევაში ასე ხსნის – „მოსახლეობამ ფარდული ჩვენგან დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით დაანგრია“. კახა სირაძის თქმით, ფარდულში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ის გამოძიებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.

კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა ამ საქმეში არსებული მესამე დაჭრილი არასრულწლოვანით, რომელმაც 2 დეკემბერს საკუთარ ჩვენებაში განაცხადა, რომ დაჭრილია, თუმცა მას სამედიცინო ექსპერტიზა დაგვიანებით ჩაუტარდა.

ირაკლი აბესაძე: „2 დეკემბერს თქვენ გ.მ. დაკითხვაში გეუბნებათ, რომ ჭრილობა მიიღო ზურგში. 12 დეკემბერს ნიშნავთ სამედიცინო ექსპერტიზას, რატომ?“.

კახა სირაძე: „ამ პიროვნების მოძიება გაჭირდა. იმ დღეებში ვერ გამოცხადდა. შესაბამისად ამ პერიოდს დაემთხვა ასევე რაც დაკავშირებული იყო ერთი პიროვნების და მეორეს დაკავებასთან, მათთვის ბრალის წაყენებასთან...“

სხდომაზე კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა პირველ დღეებში გამოძიება და გამოიკითხა თუ არა ყველა პირი, ვისაც, შესაძლოა, დაენახა ინციდენტი.

ოთარ კახიძე: „მაინტერესებს, რატომ თქვით უარი ფასეული მოწმეების დაკითხვაზე, მათ შორის ისეთი პირების დაკითხვაზე, რომლებიც ღიად და საჯაროდ ტელევიზიებს აძლევდნენ კომენტარებს და საუბრობდნენ, თუ როგორ დაინახეს ჩხუბი და მკვლელობა. მაგალითისთვის მოგიყვანთ ნიკა ვაჩეიშვილისა და მერაბ ჯაყელის კომენტარებს. სისხლის სამართლის საქმეში მერაბ ჯაყელი საერთოდ არ არის დაკითხული, რატომ?“.

კახა სირაძე: „ნიკა ვაჩეიშვილის მეუღლე დაკითხულია. მან ასახა ის გარემოებები, რასაც ასახავდა მეუღლე. რას შეცვლიდა ვაჩეიშვილის დაკითხვა ისეთს, რაც გამოძიებისთვის არ იყო ცნობილი? გამოძიებამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დაფიქსირებულია საქმეში“.

კახა სირაძის შემდეგ საგამოძიებო კომისიამ ამ გახმაურებული საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მოუსმინა. სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია და საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაუპირისპირდნენ. ფხაკაძემ დეპუტატების ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კითხვების დროს მოითხოვა, რომ შეკითხვების ავტორებს მისთვის პასუხის ბოლომდე გაცემის შესაძლებლობა მიეცათ. რაზეც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მათ შორის გიგა ბოკერიამ განუმარტეს, რომ მიმდინარეობდა პროკურორის დაკითხვა და ვინც კითხვას სვამს, სწორედ, მისი გადასაწყვეტია არის თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხი.

„ბატონი ზვიადი, დილიდან ცდილობს და უპატივცემულობას იჩენს კომისიის მიმართ. ის ცდილობს ათასმეორეხარისხოვან დეტალზე ყურადღების გამახვილებას, კითხვებზე პასუხის არგაცემას და დისკუსიაში ცდილობს შესვლას ადამიანი, რომელიც არის დაკითხვაზე დაბარებული. მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს. თუ ვინმეს არ მოსწონს პროკურორის პასუხი, შეუძლია გადავიდეს შემდეგ კითხვაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქმის პროკურორი კომისიის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო.

„ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება და შეგინება. როგორც გ.ჯ. იძახის, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი. რამდენიმე პირი იძახის, რომ დათომ ზოგადად შეიგინა ანუ კონკრეტულად არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და უკვე, როდესაც შეხლა–შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაზე – ფარდულთან 3–4 მეტრით წინ. ვინც გამოძიებაშია ნამუშევარი, მოგეხსენებათ, რომ ეს არის დინამიური პროცესი და სტატიკურად ხსენებული პირები ვერ იქნებოდნენ. ხელის მოქნევა იყო, ხელი მოხვდა დ.ჩ–საც, ასევე თ.ნ.–საც მოხვდა ხელი, რომელიც ფაქტობრივად, აშველებდა. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.ს შორის“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, მას მირზა სუბელიანთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ის, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც, ეს უშუალოდ დაკითხვის დროს, ან დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო.

„ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ რატომ არ მოხდა ყველა უბნიდან სისხლის ნიმუშების აღება.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან როგორც ჩანს, არ არის აღებული ნიმუშები, დაზუსტებით არ ვიცით ეს სისხლია თუ არა. შეფერილობით სისხლს გავს. როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ეს სარალიძის სისხლია. საინტერესოა, რატომ არ მოხდა ნიმუშების აღება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რაზეც ფხაკაძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი ლოკაციებიდან სისხლის ნიმუშები აღებული იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ის გარემოება, რომ სისხლის ყველა უბანი არ შემოწმებულა, პრობლემატურად არ ჩაითვალა, ვინაიდან პროცესზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ფარდულში მხოლოდ ერთი პირი იყო დაჭრილი დავით სარალიძე და მეორეს გ.მ–ს ქონდა დაზიანებები. მისი თქმით, სხვა პირთა დაზიანება რეალურად არ მომხდარა. ასევე იმ ლოკაციიდან აღებულია სისხლის ნიმუში, რაც საკმარისად იქნა მიჩნეული.

პროკურორის შეფასებით, მიხეილ კალანდიას ქმედებებში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი, მკვლელობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირდეს. მიხეილ კალანდიას ქმედების სამართლებრივი შეფასების თაობაზე კითხვა პროკურორს კახიძემ დაუსვა.

„მიხეილ კალანდია როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.–ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის?

კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

პროკურორის ამ განმარტებამდე კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძემ შემდეგი კითხვა დასვა: „როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?“ და აქვე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს თუ როგორ ურტყამენ გ.ბ. და გ.ჯ. დანებს დავით სარალიძეს. ამასთან, კალანდია ამბობს, რომ მანაც დაარტყა რამდენჯერმე სარალიძეს სახეში მუშტი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს. მდინარაძის თქმით, სწორედ ამიტომ დამატებითი კითხვები დაისმება, ხოლო საბოლოო შედეგი პასუხების დამაჯერებლობის და არადამაჯერებლობის შესახებ უნდა მიიღონ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, არ დასვეს მთავარი კითხვები. საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით არ არის გამართლებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო. გიორგი გახარიას უწყებაში მიმდინარე გამოძიებას მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში უწევს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიება არ მუშაობს ერთდერთი მიმართულებით, არამედ ამუშავებს ყველა შესაძლო ვერსიას.

„ამ კომისიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იქნება, გამომძიებლებისა და პროკურორების და თუნდაც ექსპერტების დაკითხვა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. არ ვიცი რამდენად მოხერხდება ახალი გამოძიებით დამატებითი მტკიცებულებების გამოვლენა, მაგრამ ის თუ რას აკეთებდა გამოძიება, რატომ ვერ გააკეთა და რატომ არ განახორციელა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩასატარებელი იყო, ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი და ამ ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხები“, – აღნიშნა ნინო ლომჯარია.