„ჯგუფი რომელიც კვირიკაშვილის გარშემო ტრიალებს, მისაღებია დასავლეთისთვის“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ასეთი ჯგუფის ჩამოყალიბება უკვე ნიშნავს დასავლეთის მხარდაჭერას. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს კვირიკაშვილის სახით კონსტრუქციული ძლიერი ოპოზიციური ჯგუფის შექმნას, რომლის გვერდით, შესაძლოა, დავით უსუფაშვილიც აღმოჩნდეს.
როგორი პოლიტიკური რელიეფი ყალიბდება ქვეყანაში – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
სად წავა გიორგი კვირიკაშვილი – ყოფილი პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემდეგ ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია. მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება – წავა ოპოზიციაში. ამავე ნაწილში საინტერსოა საქართველში აშშ–ის ყოფილი ელჩის განცხადება, რომ მთავრობა გარედან იმართება და შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. ასეთი გავლენის მქონე პარტიის თავმჯდომარის პირობებში შესაძლებელია კვირიკაშვილი ვიხილოთ როგორც ოპოზიციის ლიდერი?
რამაზ საყვარელიძე: კვირიკაშვილს რომ გავლენის შიში არ აქვს, ნათლად გამოჩნდა მისი წასვლის პროცედურაში, იმაში თუ როგორ წავიდა. ოდნავ შევცვალოთ კითხვის რაკურსი - კვირიკაშვილს აქვს იმის რესურსი იყოს ისეთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც არავისი არ იქნება, რაც ასე მობეზრდა ქართულ საზოგადოებას? ყოველ შემთვევაში მისი წასვლის სტილი მიუთითებდა იმაზე, რომ მზად არის ოპოზციური ლიდერის ფუნქციის შეთავსებისთვის. ამიტომ მგონია, რომ გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია იყოს ახალი მესამე ცენტრის ლიდერი, ამისთვის მას ყველაფერი აქვს. რაც მთავარია, აქვს მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვგულისხმობ დასავლეთს და აშშ-ს. მას შეუძლია შეკრას ძალიან საინტერესო ჯგუფი.
რა ჯგუში შეიძლება შეკრას კვირიკაშვილმა მის გარშემო, ვინ არიან ესენი?
– ჯგუფი, რომელთანაც კვირიკაშვილი თანამშრომლობდა. საერთოდ ასეა ხოლმე, ვისთანაც თანამშრომლობ, ის შენთან არის. ესენი არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - ნიშანდობლივი იყო, რომ პრემიერის გადადგომიდან რამდენიმე წუთში მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ასევე, ეს შეიძლება იყოს დავით უსუფაშვილი, რომელსაც იგივე ბედი არგუნა ცხოვრებამ, რაც კვირიკაშვილს. ეს შეიძლება იყოს თინა ხიდაშელი და ეს შეიძლება იყოს მინისტრთა კაბინეტის გარკვეული წევრები, რომლებიც კვირიკაშვილთან ერთად მიდიან. ამ კაბინეტის არსებობის ერთ–ერთი ნიშანი არის ის, რომ მას დასავლეთი უყურებს ძალიან დიდი სიმპატიით.
ამდენად, დასავლეთის მხარდაჭერა ექნება თუ არა, აქ უკვე კითხვა არ ისმის, რადგან ნამდვილად ექნება დასავლეთის მხარდაჭერა. გარდა ამისა, თვითონ საქართველოსთვის და ქვეყნისთვის იქნება პერსპექტიული ნაბიჯი, რადგან ქვეყანას სჭირდება ნორმალური ოპოზიცია. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომლის სერიოზული მოსმენაც კი შეუძლებელია, ამ დღეებში გვქონდა საშუალება თვალ-ყური გვედევნებინა ამ ოპოზიციისთვის. ასეთი ოპოზიციის არსებობა ვერ იქნება განვითარების წყარო და მათ შორის არც „ქართული ოცნებისთვის“ არის კარგი. ამიტომ, ნორმალური, აზრიანი და საქმიანი ოპოზიცია არის საჭირო. ამის უნარი ნამდვილად აქვს იმ ჯგუფს, რომელიც კვირიკაშვილის გარშემო ტრიალებს.
რამდენად ექნება კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარდაჭერა და რამდენად აუცილებელია მისთვის როგორც ოპოზიციონერი ლიდერისთვის საპარლამენტო ტრიბუნა? უმრავლესობიდან მხოლოდ 2 დეპუტატი ლევან კობერიძე და ალექსანდე ერქვანია აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი კვირიკაშვილს...
- არ ვიცი... უმრავლესობაში საყრდენი აუცილებელია – მე მგონია, რომ ასე არ დგას საკითხი, ვინაიდან, ბუნებრივია, ოპოზიციას საყრდენი არ ექნება პარლამენტში. იმ შემთხვევაში, თუკი კვირიკაშვილი ოპოზიციური გზით წავიდა, მისთვის მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. თუკი მოსახლეობის მხარდაჭერა ექნა, მერე უკვე უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნება საქართველოში.
ჩვენ არ ვართ განებივრებული კვალიფიციური და რაც მთავარია პროევროპული ტიპის პოლიტიკური ოპოზიციის არსებობით. კვირიკაშვილის გარშემო რა წრეც იკვრება, იგივე დავით უსუფაშვილი, რომელიც გამოკვეთილად პროევროპელი პოლიტიკოსია, როგორც პოლიტიკოსს არ აქვს რეიტინგი საქართველოში. ამის მიუხედავად უშვებთ კვირიკაშვილი-უსუფაშვილის გაერთიანებას?
- ვუშვებ კი არა, ვგულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობ, რომ კვირიკაშვილის გარშემო იკვრება გუნდი, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მარტო იმ ადამიანებს, ვინც კვირიკაშვილმა შემოიყვანა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ვგულისხმობ იმათაც, ვინც კვირიკაშვილთან ერთად კომფორტულად გრძნობდა თავს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ბატონი დავით უსუფაშვილი. მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ ასეთი გუნდის ფორმირებისას გიორგი მარგველაშვილის ფიგურას. თუ მან ვერ მიიღო საჭირო ხმები საპრეზიდენტო არჩევნებში, აგრეთვე დაიძრას ამ გაერთიანებისკენ.
ერთია, როდესაც პარტიის მიზანია ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრება და მეორეა, რამდენად არის ამის მოთხოვნილება ქართულ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, ქართულ საზოგადოებაში არის ძლიერი ოპოზიციური ძალის მოთხოვნილება?
– ამ მოთხოვნილების გამოხატულება იყო როდესაც პაატა ბურჭულაძისკენ დაიძრა ნახევარი საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ ასოცირდებოდა სააკაშვილთან...
- ეს მოსახლეობამ არ იცოდა, რაღაც მინიშნებების დონეზე კი, მაგრამ მაინც უფრო მესამე ცენტრის სურვილი იყო. როცა მკაფიოდ გამოიკვეთა მისი კავშირი სააკაშვილთან, იქ უკვე მეტ–ნაკლებად ჩაქრა ინტერესი. აი, ამიტომ მგონია, რომ ის ვინც არც სააკაშვილია და არც ივანიშვილი, დღეს ადვილად მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას.
ერთია მიზანი და მეორეა მისი რეალიზება. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ კვირიკაშვილის, როგორც გაწონასწორებული პოლიტიკოსის მხარეს, რომ მას მხარს უჭერეს დასავლეთი, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად. ის, რომ ვერ შეძლო გამხდარიყო ლიდერი, ამ შემთხვევაში რამდენად იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი ოპოზიციის ლიდერი, მით უფრო, რომ ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაში არის დიდი? ამას რამდენად ექნება გავლენა კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არ უყვარს რისკი?
- თუ ყურადღებიანი იქნა იმის მიმართ რა პოზიციას იკავებენ მის ადრინდელ მოღვაწეობაზე და ეცდება, რომ ეს ხარვეზები მოიხსნას, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
ფილოსიფისი ზაზა ფირალშივილი თვლის, რომ თვითონ ხელისუფლება არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავად დაიწყოს ვიღაცა მესამის ძიება და აქვე ამბობს, რომ ვიღაც მესამის მოლოდინი იგრძობა...
- უდავოდ საინტერესო ვერსიაა, მაგრამ არ მახსენდება ხელისუფლება, რომელიც თავის დამმარცხებელს ეძებდეს. ცოტა მაზოხისტური ვერსიაა, არ მგონია, რომ მაზოხისტი ახასიათებდეს ამ ხელისუფლებას. თუმცა, არის ამ ვერსიის ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება დამაფიქრებელი იყოს. სულ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი ეძებეს „ქართული ოცნების“ შემცვლელს, რამდენადაც „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი თვალსაზრისით ის შედეგი ვერ მოუტანა მას, რაც სურდა. კერძოდ, ვერ მოუარა ქვეყანას ისე, რომ ივანიშვილს არ დასჭირვებოდა ისევ გამოსვლა სახლიდან. ის ვერსიაც იყო, რომ აი, ბოკერიათი ჩაანაცვლებსო, ფართოდ იყო გავრცელებული ეს ვერსია. ბოკერიათი ჩანაცვლების ვერსიას თუ ვუშვებდით, მაშინ, პრინციპში, ისიც შეიძლება განვიხილოთ, ივანიშვილს ხომ არ აქვს ასეთი გეგმა – წარმოშვას ის ოპოზიცია, რომელიც ნაციონალების აჩრდილებიდან თავისუფალი იქნება და ნორმალური ოპოზიციის იერის მიიღებს.
ამ თვალსაზრისით თუ მივუდგებით და თუ ბოკერია-ივანიშვილის ალიანსზე სერიოზულად ვილაპარაკებთ რაიმეს, მაშინ ანალოგიური სერიოზული განხილვას იმსახურებს ისეთი ვერსიაც, რომ ივანიშვილი აკეთებს ამ ახალ ოპოზიციას. მით უმეტეს ვიცით, რომ დავით უსუფაშვილის მიმართ დიდი სიმპატიით არის განწყობილი და შექმნის იმ ოპოზიციას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლია მშვიდად იყოს და არც ქვეყანა დაინგრევა - „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ოპოზიცია აშკარად მიისწრაფვის ქვეყნის დანგრევისკენ.
კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობის პირობებში სახელმწიფო მექანიზმი ბუნებრივი დინამიკით განვითარდება, ერთმანეთთან შეჯიბრი და ივანიშვილის ჩართვა აღარ დასჭირდებათ ყოველ მეორე მოსახვევში. შეიძლება არსებობდეს ასეთი ვერსია? - მე მგონია, რომ შეიძლება არსებობდეს. თუმც, მეჩვენება, რომ ცოტა ნაძალადევი ვერსიაა, რადგან, ბევრი ისეთი რამ უთხრეს ამ ადამიანებმა ერთმანეთს, მეეჭვება ეს დაპირისპირება ხელოვნური იყოს.
საზოგადოებას არ უნდა როგორც „ნაციოინალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი, კვირიკაშვილის წასვლამ გააჩინა მესაძე ძალის შემოსვლის შანსი?
– იმდენად ცოტა დროა გასული კვირკაშვილის წასვლიდან, რომ ჯერ არ გადახარშულა წასვლასთან დაკავშირებული საკითხი, თუნდაც - მერე რას იზამს. თუ ეს საკითხი არ მომწიფდა და მოსახლეობამ არ ჩათვალა, რომ ეს ადამიანი ხელისუფლებისთვის იბრძოლებს, ისე კვირიკაშვილზე ფსონს არ დადებს. არასოდეს ფსონი არ იდება ადამიანზე, რომელიც პოლიტიკაში ჩართული არ არის. ივანიშვილთან დაკავშირებით ყველამ იცოდა, რომ ქველმოქმედი ადამიანი იყო, მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკოსად გვინდაო არავინ არ -ამბობდა, რადგან მისგან არ იყო ინიციატივა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. როგორც კი შემოვიდა, მერე გაჩნდა მის მიმართ ეს მიზიდულობა.
კვირიკაშვილი სანამ მკაფიოდ არ იტყვის რას აპირებს, იქამდე მოსახლეობა არ დაუწყებს ყურებას, როგორც შესაძლო სამომავლო პოლიტიკურ ფიგურას. მოსახლეობა ელოდება კვირიკაშვილის განცხადებას. როგორც კი ის განაცხადებას, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, მერე უკვე მას შეხედავენ, როგორც ოპოზიციის ლიდერს.
კვირიკაშვილზე დადებს დასავლეთი ფსონს?
- დასავლეთის მხრიდან რომ მხარდაჭერა ექნება, ეს უკვე ჩანს, როცა ისინი აკრიტიკებენ ამ ცვლილებას. ისედაც ვიცით, რომ ჯგუფი, რომელიც კვირიკაშვილის გარშემო ტრიალებს, მისაღებია დასავლეთისთვის. ასე რომ, თავისთავად, ასეთი ჯგუფი თუ ჩამოყალიბდა, ეს უკვე ნიშნავს დასავლეთის მხარდაჭერას.