არსენას ნაკვალევზე - „ჩინოვნიკებისთვის ჩამოჭრილი ფული - ღარიბ ბავშვებს!“

არსენას ნაკვალევზე - „ჩინოვნიკებისთვის ჩამოჭრილი ფული - ღარიბ ბავშვებს!“

უმრავლესობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები საბოლოოდ დასარულდა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარ საკითხებზე შეთანხმდნენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერისადმი სრული მხარდაჭერაა - გარკვეულ საკითხებზე იყო განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოყალიბდნენ.

ვოლსკის თქმით, მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არის იერარქიულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტრუქტურულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადებს.

როგორც ცნობილია, შეხვედრებისას იყო მსჯელობა გაერთიანებებზე, სტრუქტურების შეცვლაზე, გაყოფაზე და მოსალოდნელ შედეგებზე, თუ რა ეფექტი ექნება, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

„რა მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის, რათა სოციალურ პროგრამებს კიდევ უფრო მეტი რესურსი დავახარჯოთ. კონკრეტული სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს - ამ დეტალებზე იყო საუბარი. ყველა თემაზე პრაქტიკულად შევთანხმდით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, იყო აზრთა სხვადასხვაობა სამინისტროებისა და უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით - მაგალითად, უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია თვლის, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება არ შეიძლება, მაგრამ

ვოლსკის თქმით, ამაზე პრემიერ მინისტრს ძალიან წონადი არგუმენტი აქვს.

„ძალიან სერიოზული და ძალიან წონადი არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით, რომ კულტურა, განათლება, სპორტი ეს არის თემა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ერთად უნდა მიეწოდოს და რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ეროვნული იდენტობის გაძლიერებაც და საერთოდ, მომავალი თაობის განვითარება. ეს არის მთავარი საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშანი აღარ არის დარჩენილი. თუ რომელიმე საკითხზე დამატებით კიდევ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, პრემიერ-მინისტრი დამატებით ყველაფერზე გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რაზეც ყველანი თანხმდებიან არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემების წინააღმდეგ, რაც საზოგადოებას აწუხებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალ სახეებზე კვლავ გრძელდება მსჯელობა.

„უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მსჯელობის საფუძველზე წარმოადგენს, ასე ვთქვათ, რეორგანიზაციის ვარიანტს და მას ეყრება კენჭი პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რეორგანიზაციის ვარიანტს, იგი ასე გამოიყურება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დევნილთა სამინისტროსთან გაერთიანდება; კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი - განათლების სამინისტროსთან.

უმრავლესობის დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ასევე ერთ უწყებაში მოექცევა ყველა ის მიმართულება, რაც მშენებლობებს ეხება.

„მთელი სამშენებლო სექტორი, ანუ სკოლების, ციხეების მშენებლობა, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რომ არ იყოს დაგვიანებები, ტენდერების საკითხები და ეს, რა თქმა უნდა, კორუფციის რისკებსაც გამორიცხავს. ასევე, გარკვეული სექტორები უწყებებიდან გადავა ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ასევე გაირკვა, რომ დაანონსებულ სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარი იყო მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთაზე და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაზე და განხილვების დროს მთავრობაში რამე ახალი თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.

„ჩვენ გვქონდა ზოგადი დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რამე კონკრეტულ თანამდებობაზე თუ რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი, მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობის სტრუქტურის შეცვლა, მინისტრისა და მოადგილეების მხრივ, ამ ეტაპზე არ განიხილება და ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში - მინისტრი და მინისტრის მოადგილე.

„იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე გუნდი იმსჯელებს და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რამე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არაა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობის სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ცვლილებათა პირველ ეფექტს, ამ ეტაპზე რაც ცნობილია, ეს არის გამოთავისუფლებული თანხების სოციალური მიმართულებით გადასროლა.

„ეს ფული ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება - მცირე მთავრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პირობებში, უკვე გამოთავისუფლებული თანხები მთლიანად წავა უღარიბესი ოჯახების ბავშვების დაფინანსებაზე. ციფრებს ამჟამად ვერ გეტყვით, თუმცა საკმაოდ სერიოზული სოციალური დახმარება წავა ოჯახებზე, სადაც 0 და მეტი წლის ბავშვები არიან“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

ვინ დარჩება ახალ მთავრობაში და ვინ - წავა, დეპუტატები არ აკონკრეტებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს.

კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის პირველ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარუდგენს.

„ინიციატივა, აქ რა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება უკვე საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია ვოლსკი როგორც აღნიშნავს, რომ ახალი სახეები გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ და კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, არ უმსჯელიათ.

„მთავარია, ახლა ჩვენ სტრუქტურაზე შევთანხმდეთ. მივიღოთ შესაბამისი კანონი და რასაკვირველია, უახლოეს პერიოდში საკადრო თემაზე გვექნება საუბარი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

უკვე ცნობილი გახდა პირველი ცვლილების შესახებ - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე თანამდებობიდან გადადგა. ის მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა.