უსუფაშვილი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

უსუფაშვილი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, პოლიტიკურ ველზე აქტიურად გამოჩნდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობამ გაუგებარი ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელმა შემადგენლობამ ვერ შეძლო დანაპირების ბოლომდე და კარგად შესრულება, ამის გამო დანაპირებზე არ უნდა ვთქვათ უარი, არამედ უნდა შევცვალოთ მმართველი გუნდი. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ხელისუფლება რაღაც ხვრელების ამოვსებას ცდილობს, რომ ნავი წყლით არ აივსოს. ამ კონტექსტში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია არასწორმა მართვამ. ქვეყანას ზოგადად ბევრი პრობლემა აქვს, მთავრობა გვინდა პრობლემების გადასაჭრელად და გამოვიდა ისე, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა უუნარო, რომ გადაეჭრა პრობლემები, პირიქით, პრობლემები შეაგროვა ერთ ადგილზე, დაახვავა და მივიღეთ უკვე კრიზისი. ჩვენ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებები უნდა გავითვალისწინოთ და ეს გამოცდილებები გვკარნახობს იმას, რომ ვერც ერთი მონოპოლისტი პარტია დიდხანს ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ის ნელ-ნელა დუნდება, აღარაა შემძლე აკეთოს თავისი საქმე.

დღეს ეს ვითარება გვაქვს. ამიტომ მთავარ სახელმწიფოებრივ ამოცანად ისახება, 2020 წლამდე ქვეყნის მიყვანა მშვიდობით, დიდი დანაკარგების გარეშე, დიდი მღელვარებების გარეშე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ამ ეტაპზე რაც შეეძლო გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს ვინმე სხვას, ან შესაძლოა მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. ამისთვისაა მობილიზება საჭირო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის ინიციატვიას კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, უკომენტაროდ ტოვებს მმართველი გუნდი. აზრი ორად გაიყო ანალიტიკურ წრეებში. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ დღეის მდგომარეობით კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. მაგრამ მისი თქმით, ძალიან აშკარაა და ნათლად ჩანს, რომ პროცესები მიდის ცუდი მიმართულებით, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც.

„ეს ძალიან აშკარად ნათლად ჩანს. თუმცა ვთვლი, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, ხელისუფლებას აქვს რესურსი და გარკვეული დრო, რომ პროცესები შემოატრიალოს. მაგრამ ეს რომ გააკეთოს, საჭირო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური ცვლილებები. უპირველს ყოვლისა ამისათვის აუცილებელია პრემიერის პოსტი დაიკავოს ივანიშვილმა და არა ვინმე მისმა ნაცვალმა, ვინც არ უნდა იყოს ის, პირველი ვაზირი ვერ იქნება ვერასდროს ქვეყნის სრულფასოვანი მმართველი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოხდეს პროცესების შემობრუნება და შეჩერება. უკვე ამის შემდეგ უნდა მოხდეს სრული სამთავრობო და სახელისუფლებო რეორგანიზაცია და არა ისეთი რომელსაც ახლა აპირებს ხელისუფლება. თუ ამას შეძლებს ხელისუფლება, შეძლებს ვითარების დასტაბილურებას. ვეთანხმები უსუფაშვილის შეფასებას, რომ პროცესები საკმაოდ რთულად და ცუდი მიმართულებით მიდის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

უსუფაშვილის იდეას არ იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისი პოლიტიკური ამოცანა აქვს და სწორედ ეს მოტივი ალაპარაკებს. მაგრამ შევა თუ არა უსუფაშვილი კოალიციაში გიორგი კვირიკაშვილთან, ამას ზარდიაშვილის განცხადებით, ამომრჩევლი 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვეტს.

„არა მგონია, რომ კვირიკაშვილი უსუფაშვილთან გაერთიანდეს და ამითი რაიმე ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. ჩვენ გვქონდა კოალიცური მთავრობა, რომელიც დამთავრდა შემდეგ იმითი, რომ სრულად ცხადი მიზეზის გამო კოალიცია დატოვეს „რესპუბლიკელებმა“. ითხოვდნენ უფრო მეტ გავლენას ამ კოალიციაში. პრინციპში კოალიციური მთავრობა კი ერქვა, მაგრამ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რადგან რეალურად თავიდან ბოლომდე, ივანიშვილის მიერ მოგებული არჩევნების შედეგად იყო კოალიციური. პარტიები კი არ გაერთიანდნენ, არამედ პარტიები შევიდნენ ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ, მხოლოდ არჩევნების შედეგებით უნდა გავარკვიოთ რომელი პარტია რომელთან დაბლოკდება და რომელთან შექნის კოალიციურ მთავრობას. არ ვიცი 2020 წელს როგორ იქნება, მაგრამ დღეს ამის ნიშან-წყალი არ არსებობს. არავითარი კოალიციური მთავრობის მოთხოვნილება ქართულ საზოგადოებას არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

კოალიციურ მთავრობას არა, მაგრამ კვირიკაშვილი-უსუფაშვილის ალიანსს არ გამორიცხავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, კვირიკაშვილს რომელსაც მხარდაჭერა აქვს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, შეუძლია შეკრას ძალიან საინტერესო ჯგუფი.

„საინტერესო ჯგუფი იკვრება კვირიკაშვილის გარშემო. ნიშანდობლივი იყო, რომ პრემიერის გადადგმიდან რამდენიმე წუთში მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ასევე, ეს შეიძლება იყოს დავით უსუფაშვილი, რომელსაც იგივე ბედი არგუნა ცხოვრებამ, რაც კვირიკაშვილს. ეს შეიძლება იყოს თინა ხიდაშელი და ეს შეიძლება იყოს მინისტრთა კაბინეტების ის წევრები, რომლებიც კვირიკაშვილთან ერთად მოვიდნენ და წავიდნენ. ამ ჯგუფის ერთ-ერთი არსებობის ნიშანი არის ის, რომ მათ დასავლეთი უყურებს ძალიან დიდი სიმპატიით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.