უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლელბაზე ვერ თანხმდება

უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლელბაზე ვერ თანხმდება

მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ვადის ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა კიდევ ერთი ახალი მთვარობა უნდა დაამტკიცონ. ამჯერად, 14 მინისტრის ნაცვლად, მთავრობა 11 მინისტრით იქნება წარმოდგენილი. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს არ სჭირდება 11 სამინისტროზე მეტი.

„ბუნებრივია, გაერთიანებები იქნება ორგანული, გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები და ერთეულები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტურობას, მოქნილობას და რაც მთავარია - ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქემდე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროებს, რომელთა შერწყმაც იგეგმება, უმრავლესობა ამ საკითხზე მედიასთან არ საუბრობს. მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები უკვე დაიწყო. კონსულტაციების დასრულების შემდეგ ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან. მისივე თქმით, შენარჩუნდება ადმინისტაციული ხარჯები.

„არის მსჯელობის პროცესი. ერთი, რაც შეიძლება დღეს დარწმუნებით ითქვას, ადმინისტაციული ხარჯები შენარჩუნდება. ეკონომიკური ზრდის პირობებებში, რასაკვირველია, ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს. აქედან გამომდინარეობს ყველა ის დაპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს ერთი და მეორე – ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც, ალბათ, უნდა გაითვალოსწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, როგორც გუშინ. ეკონომისტების მოსაზრება რასაკვირველია საინტერესოა. პრემიერ-მინისტრს არ აკლია კომპეტენცია იმისთვის, რომ დასაბუთებული პასუხი გასცეს, მაგრამ ნებისმიერი წინადადება და მოსაზრება განსახილველია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით დღესაც გაგრძელდება. როგირც ირკვევა გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე ერთიანი პოზიცია არ არის. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კონცეპტუალურ საკითხებზე გუნდში თანხვედრა არის, თუმცა ამის მიუხედავად კონსულტაციები გაგრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამინისტროების გაერთიანებაზე გუნდში ჯერ გადაწყვეტილება მიღწეული არ არის.

„ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე, რადგან დასრულებული არ არის კონსულტაციები, ხვალაც გაგრძელდება ამავე ფორმატში. საბოლოოდ დღეს ნუ დავსვამთ წერტილს და როცა კონსულტაციები დასრულდება, ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას.

ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ–მინისტრი საუბრობდა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხებზე, რომელიც ჯერ ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა. კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება. შესაძლოა, შემდეგაც იყოს დამატებითი დრო საჭირო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ პირველი ეტაპი იქნება მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მოკლე დროში უნდა მომზადდეს. ამის შემდეგ, როდესაც პარლამენტი მოკლე დროში იმსჯელებს, მოხდება სტრუქტურული ცვლილებები და 14–ის ნაცვლად საქართველოს მთავრობაში 11 მინისტრი იქნება წარმოდგენილი.

არსებული ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მცირე მთავრობის უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა ხდება, არამედ ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო.

„მცირე მთავრობის კონცეფციაზე რამდენიმე დაზუსტება მინდა გავაკეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა ამაზე მსჯელობა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან. მცირე მთავრობა კონცეპტუალურად არის მინიმალისტური სტრუქტურა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენს მოცემულობაში საკმარისია 11 სამინისტრო. მცირე მთავრობის მეორე უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა უნდა მოხდეს, არამედ ისეთი სისტემა შეიქმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო. ასეთი მოდელი ამის საშუალებას იძლევა, რადგან მინისტრი ხდება პასუხისმგებელი ბევრ მიმართულებაზე“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

მინისტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროების შემცირება გარდაუვლად მოიცავს რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება მოხდება.

„მე კარგად მესმის ინტერესი, რომ ახლა უნდათ იცოდნენ, რა იქნება, მაგრამ სწორ დაგეგმვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს უნდა მოხდეს დროულად და სამი კვირა არა მხოლოდ ფორმალურ ნაწილზე არის აუცილებელი, არამედ იმპლემენტაციის გაკეთება უნდა მოხდეს. ასევე იყო მსჯელობა რამდენად სპეციფიურია სამინისტროების გაერთიანება, უნდა მოხდეს პლუსების და მინუსების შესწავლა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანება. უწყების პირველი პირი, კახი კახიშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. მინისტრი ამბობს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ერთი დეპარტამენტის სახით ვერ შევა.

„ამ ორი უწყების გაერთიანებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ პროცესს წინ საპარლამენტო კონსულტაციები უნდა უძღოდეს, რადგან მთავრობა სამინისტროების შერწყმისა თუ გაყოფის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლის გარეშე ვერ მიიღებს. რაც შეეხება კონკრეტულად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების საკითხს, ამაზე მსჯელობა იყო, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ძალიან დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება“, – აცხადებს კახი კახიშვილი.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცალკე სამინისტროს სახით ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. კახიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალი რედაქციის კონსტიტუციის გათვალისწინებით, პროკურატურა იუტიციის სამინისტროს სისტემიდან გავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ არსებობის საფუძველი აღარ იქნება.

„შესაბამისად, უნდა განვიხილოთ რამდენიმე მოდელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის მხოლოდ პენიტენციური დეპარტამენტი, ხოლო დანარჩენი დეპარტამენტები – მაგალითად, როგორიც არის სამედიცინო დეპარტამენტი, სადაც 800–ზე მეტი ექიმი, 1000–ზე მეტი ექთანი მუშაობს და ორი საავადმყოფოა – ეს სამსახური არის ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ. საბადრაგო სამსახური, რომელიც პატიმრების გადაყვანას უზრუნველყოფს, არის პოლიციის კომპონენტი.

ასე რომ, კარგად უნდა გავიაზროთ, როგორ მოდელს ვაკეთებთ. პირადად ჩემი აზრით, ცოტა სარისკო იქნება, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროში ცალკე შევა, ხოლო სამედიცინო ნაწილი გადავა ჯანდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ. ეს იქნება რთული პროცესი, რადგან შესაძლებელია სისტემამ ეფექტურობა დაკარგოს. არის ბევრი ნიუანსი, რაც კარგ განხილვას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი განხილვები იქნება და შემდგომში ალბათ ისეთ მოდელს მივიღებთ, რომელიც განვითარების მხრივ სისტემას საფრთხეს არ შეუქმნის“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების არსი და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. უმრავლესობისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით, რომელიც მოვისმინეთ, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს.

„სტრუქტურული ცვლილებები 7 თვის წინაც ვნახეთ კვირიკაშვილისგან და არც ერთი კაპიკით არ შემცირებულა ხარჯები. არასწორი პოლიტიკის გააზრება, რაც აქამდე იყო, მე ამ გუნდშიც ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს უჭერს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, მცირე მთავრობის იდეა კარგია, მაგრამ გააჩნია ეს რა სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში. მის თქმით, ეს არ უნდა იყოს მექანიკური გაერთიანება.

„თუ ეს დაკავშირებულია პოლიტიკის ცვლილებასთან, ინტეგრირებულად დაიგეგმება, მაშინ კარგია. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, მთავრობა სოლიდარულად აგებს პასუხს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ანუ, კონკრეტული მინისტრი მარტო მის სფეროზე კი არა, მთლიანობაში აგებს პასუხს. რასაკვირველია, მინისტრის პასუხს აგებს თავის დარგობრივ პოლიტიკაზე, მაგრამ ის მთავრობის წევრიც არის და სოლიდარულად აგებს პასუხს მთლიანად პოლიტიკაზე.

აი ეს არის, თუ მცირე მთავრობა იქნება კომპაქტური, გადაწყვეტილების მიღებაში უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანი, ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ეს მექანიკური გაერთიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში რაღაც-რაღაცეები უნდა შეიცავალოს, რომ ეფექტიანი პოლიტიკა მივიღოთ. იდეა კარგია, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკის დაგეგმვის ახალ სისტემაზე გადასვლა, ინტეგრირებულად უნდა იგეგმებოდეს პოლიტიკა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მცირე მთავრობის იდეას ემხრობა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მთავარია ვინ რას გულისხმობს მცირე მთავრობაში. მისი თქმით, მცირე მთავრობა არის პოლიტიკური მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს და რომელსაც არ აქვს სამეურნეო ფუნქციები.

„მოქალაქეეებს აქვთ ვალდებულება სახელმწიფოსთან, სოციალური ვალდებულებები და ა.შ. ასე, ერთი ხელის მოსმით გავყაროთ ყველა, არ გამოვა, თუ ძირეულ რეორგანიზაციაზეა ლაპარაკი. კიდევ ცალკე თემაა ვინ უნდა დავტოვოთ და ვინ გავუშვათ. ისევ და ისევ უნდა გამოცხადდეს კონკურსები, მაგრამ თუ ისე მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა შერჩევა, მაშინ არაფერი გამოვა. თუ რეალურ რეორგანიზაციაზეა ლაპარაკი, სამ კვირაში ამის მოსწრება ზღაპარია. თუ უბრალოდ ვიღაცეების შემცირება სურთ და მერე მათ სიპებსა და აიპებში გადაიყვანენ, ვიტყვით რომ მხოლოდ 11 სამინისტრო გვაქვს და არაფერი შეიცვლება“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია რეალური მოსამზადებელი პერიოდი იმისათვის, რომ მცირე მთავრობაზე გადასვლის გეგმა დაიდოს.

„უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც არ იქნება დაინტერესებული, რომელი სამინისტრო დარჩება და რომელი – არა, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, იქნება ქვეყანაზე მოფიქრალი, რომელსაც ექნება წვდომა ყველანაირ სტატისტიკურ მონაცემებთან, და ასეთმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს ეს გეგმა. შესაბამისი კონცეფცია უნდა იყოს გათალისწინებული კონსტიტუციაში, პოლიტიკურ მოწყობაში, პარტიების დაფინანსების წესის განსაზრვრაში, საარჩევნო სისტემაში და ა.შ. - მე ასე ვიყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ბახტაძე როგორ აპირებს, მე არ ვიცი.

საჯაროდ უნდა ითქვას, რომ ვინც სახელმწიფო უწყებაშია დასაქმებული, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო ვალდებულია მათზეც იზრუნოს და ერთი ხელის მოსმით არ გაყაროს სამსახურებიდან“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.