საქართველოს პარლამენტს სამ კვირაში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მოუწევს, ამჯერად 14 მინისტრის ნაცვლად - 11 მინისტრის. ჯერჯერობით უცნობია რომელი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას, თუმცა ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის მთავრობაში მინისტრის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. დროებითი მთავრობის ვადის ამოწურვის შემდეგ მთავარობაში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში ჩართულია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული აქვს თანხმობები, თუმცა ვინ არიან ისინი, მამუკა ბახტაძე ამ ეტაპზე არ საუბრობს. არსებული ინფორმაციით ბახტაძის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას მისივე მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ამ დრომდე უცნობია ვინ ჩაიაბარებს ეკონომიკის სამინისტროს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან, საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მას შემდეგ, რაც ცვლილებები შევა მთავრობის შესახებ კანონში, შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში.
როგორი იქნება ბახტაძის მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ უმრავლესობაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.
„ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში და ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი კომენტარის გაკეთება. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და, შესაბამისად, მას უნდა დაუსვათ კითხვები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მაშ ასე, უცნობია ვინ იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობაში ახალი სახეებით ეკონომიკური გუნდი დაკომპლექტდება. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ კარგია, როდესაც ლაპარაკია ახალ სახეებზე და უფრო მეტ პროფესიონალებზე, მაგრამ მისი თქმით, ერთი რამე არ უნდა დაავიწყდეს როგორც მამუკა ბახტაძეს, ასევე არც არავის, რომ მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, შესაბამისად მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი.
„როგორც გავიგე სამინისტროების გაერთიანების ფონზე შეიძლება შემოიღონ მუდმივი მოადგილის თანამდებობა. ანუ, ეს არის პირი, რომელიც არის უმაღლესი რანგის პროფესიული მოხელე და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლის შემთხვევაში, ის არ ტოვებს თანამდებობას, არჩევნების შედეგების მიუხედავადაც კი, მუდმივად აგრძელებს საქმიანობას, ეს არის კარიერული საჯარო მოხელე. თუ ამას გააკეთებს ბახტაძე კარგი იქნება, მაგრამ პოლიტიკოსები საიდან უნდა მოიყვანოს?! პოლიტიკოსი ასე, ჰაერიდან არ მოდის. ქუჩიდან რომ მოიყვანო ვინმე, რომელსაც პოლიტიკაში არავინ არ იცნობს და უცებ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირად დანიშნო, ეს გაუგებარია“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, თუ ლაპარაკია პროფესიონალი ადამიანების დანიშვნაზე, ასეთ შემთხვევაში მათ საზოგადოება უნდა იცნობდეს როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს არჩევნებში, ადამიანს, რომელიც აქტიურად ჩანს საზოგადოებრივ სივრცეში.
„პოლიტიკოსი ჰაერიდან არ იბადება. ეს პრობლემა იყო შევარდნაძე-სააკაშვილის დროს, ერთ მშვენიერ დღეს მინისტრად დანიშნავდნენ ისეთ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება არ იცნობდა. სააკაშვილის დროს გვყავდა ახალგაზრდა მინისტრები, რომლებიც საიდან მოდიოდნენ კაცმა არ იცოდა, აგერ ვერა ქობალიას მაგალითი გვაქვს. ასეთი „ექსპერიმენტები“ შედეგის მომტანი არ არის.
გასაგებია, საზოგადოებას იმედგაცრუება აქვს პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ პოლიტიკოსი რომ მოიყვანო და შემოვიდეს პოლიტიკაში, მან რაღაცა გზა უნდა გაიაროს. მინისტრის თანამდებობიდან კარიერის დაწყება, ეს ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუ ბახტაძე იცნობს ისეთ პოლიტიკოსებს რომლებიც უცნობია და უცხოა საზოგადოებისთვის, არ ვიცი. ასეთი რამე წარმოუდგენელია.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ მოიზრება ბახტაძის მთავრობაში მინისტრის თანამდებობაზე. თუ ბახტაძე იგივე შეცდომას დაუშვებს, პროფესიონალებს წამოიყვანს პოლიტიკაში და დააწყებინებს მინისტრის თანამდებობიდან კარიერის კეთებას, ეს არ იქნება შედეგის მომტანი. ასეთი გზით საქმე არ კეთდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ ზოგადად, ახალი სახე, ისევე როგორც ახალი ცოცხი კარგად გვის პრინციპით უკეთესი და უფრო ენერგიულია. თუმცა, გააჩნია რამდენად ეფექტური იქნება ის იდეა, რამდენად იქნება გათვლილი და რამდენად მოერგება რეალობას.
„ახალი სახე, თავისთავად, არ არის ცუდი, კარგია, როგორც ახალი ცოცხი, მაგრამ რამდენი ხანი იქნება ახალი, ენერგიული და ეფექტური, ამაშია საქმე. ახალი სახეების შემოყვანა ცუდი არ არის - ახალი ხედვა, ადვილად საქმეების გადაწყვეტა უკეთეს სიტუაციას ქმნის. გამოცდილება ხანდახან არის კონსერვატიული და გამოცდილება ყოველთვის არ არის დადებითი, მაგრამ მთავარია, რა არის რეალური პროგრამა. ვნახოთ, ვინ იქნება კონკრეტული პერსონალია და ახალი სახეები“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.
რაც შეეხება პოლიტიკაში ახალი სახეების შემოყვანას, ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელი არ არის პირი ცნობადი სახე იყოს და პოლიტიკური ბეგრაუნდი ჰქონდეს.
„იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო, პროკურატურა, ეს ცოტა სხვა რამეა. მას სჭირდება პოლიტიკური ბეგრაუნდები. მაგრამ სამინისტროებს, რომელთაც აქვს ეკონომიკური პროფილი და კონკრეტული ინფარსტრუქტურული, ტექნიკური, ფინანსური ამოცანა აქვს გადასაწყევი, აქ ახალი სახე ყოველთვის უფრო მომგებიანია. არ არის აუცილებელი, რომ მას ჰქონდეს პოლიტიკური ბეგრაუნდი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.