დასრულდა თუ არა ყალბი პოლიტიკური დატვირთვის მქონე სამინისტროებისა და უფუნქციო მინისტრების ეპოქა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მთავარია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება სასახლის გადატრიალების გაუვნებელყოფას და არჩევნების წინ სამინისტროებიდან გაშვებული ხალხის უკმაყოფილების შეჩერებას. ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ვახტანგ მაისაია: მცირე მთავრობის მოდელი უფრო პიარი მგონია, ვიდრე რაიმე კონკრეტული მართვის სისტემის შემოტანა. საერთოდ, ჩვენი სახელმწიფოს მართვის სისტემა აბსოლუტურად გაუმართავი, არაეფექტურია. თავის დროზე ეს სისტემა ე.წ. სოციალური დასაქმების სფეროდ ითვლებოდა. ამას მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარი მომხრეების დასაქმებისთვის იყენებდა, რითაც ერთგულთა დასაქმების საკითხს აგვარებდა. კადრის რაოდენობა სწორედ ასე იყო განაწილებული სახელმწიფო სამსახურებში.
ყველა ხელისუფლებას თავისი ფავორიტები ჰყავდა, მაგრამ ეს უფრო სააკაშვილის დროს ხდებოდა. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხშირად ჩიოდნენ, „ოცნებამ“ არ დაგვაფასა, თუკი „ნაციონალ“ აქტივისტებს გარანტირებული ჰქონდათ სამსახურები და პარტია მათ აფასებდა, „ოცნებამ“ გამოგვიყენა და გადაგვაგდოო.
- სააკაშვილის დროსაც ხდებოდა და ახლაც გაგრძელდა ასეთი პოლიტიკა. ამიტომ კონცეპტუალურად თუ არ მოხერხდა მართვის სისტემების შეცვლა, მანამდე მცირე მთავრობის ფორმირებას აზრი არ აქვს. 14-დან 11 სამინისტროს დატოვებას მაშინ აქვს აზრი, თუ სამინისტროებს შიგნით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას მისცემ და ისევ ერთი კაცის ნება-სურვილზე არ იქნება დამოკიდებული მართვა. ვერტიკალი თუ არ შეცვალე, მანამდე მთავარი პრინციპი იქნება, გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე ეგ თქვენი გაგორებული ფალავანიო. ეს ეხება დღევანდელ ჩვენს მთავრობას და რა მნიშვნელობა აქვს, მცირე ეფექტური მთავრობა იქნება, თუ გაბერილი მთავრობა. მაგალითად, გერმანიაში დიდი მთავრობის მოდელი აქვთ. არა მარტო ფედერალურ, არამედ რეგიონალურ მთავრობებს უფრო მეტი სამთავრობო სტრუქტურები ჰყავთ. თუ არ ვცდები, გერმანიის მთავრობას 20-მდე სამინისტრო მაინც ჰყავს. გაბერილია ის, თუ დიდი სამინისტროებია, მათ ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.
ბიუროკრატიული აპარატის სიდიდე და ხელოვნურად შექმნილი სამინისტროები ყველა ჩვენი მთავრობის პრობლემა იყო, რაც ხალხის ჯიბეს აწვებოდა. 100-120 მილიონი ლარის დაზოგვა არაფერს ნიშნავს?
- დამიჯერეთ, იმ ქვეყანაში, სადაც ეფექტური მმართველობის სტილი დაბალია, ამას დიდი ეფექტი არ ექნება.
გეთანხმებით, რომ სამინისტროები ძირითადად პარტიული აქტივისტების დასაქმების არეალი იყო. გვახსოვს მახინჯი პრაქტიკა, რამდენი მინისტრიც მოდიოდა, თავისი კადრი მოჰყავდა, შემდეგ მოვიდოდა სხვა მინისტრი, ათავისუფლებდა წინამორბედის კადრებს, მაგრამ საინტერესოა, ახლა პარტიული აქტივისტები მმართველ პარტიას აღარ სჭირდება?
- „ოცნებას“ სჭირდება საკუთარი აქტივისტები, მაგრამ ამჯერად მათ უფრო პიარი სჭირდებათ, ვიდრე აქტივისტები. სიტუაცია იქამდეა მისული, რომ, ფაქტობრივად, მზადდებოდა სასახლის გადატრიალება. ამიტომ ახლა ყურადღება გადატანილია იმ მიმართულებით, რომ გადატრიალების სინდრომი როგორმე გადაიხარშოს. ახლანდელი მთავრობა ექვემდებარება ერთ პიროვნებას, რომელმაც აღკვეთა გადატრიალების მცდელობა და სწორიც გააკეთა. ახლა მთავარია ახალი მთავრობის პიარი, რომელიც ბოლო შანსია, რადგან კიდევ ერთი ასეთი რყევა და მთავრობის კიდევ ერთი გადატრიალება მოკლევადიან პერიოდში ნიშნავს, რომ ქვეყანას, ბოდიში ამ სიტყვაზე, დედა არ ეყოლება. ამიტომ, ახლა მიდის ნდობის ვოტუმის გამოცხადება და პოლიტიკური რეკლამირება, რაც მარკეტინგის კუთხითაა წარმოჩენილი, ვიდრე რაიმე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
უცხოურ მედიაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, გამოასწორებს თუ არა სიტუაციას ახალბედა 36 წლის პრემიერი? როგორც ჩანს, თქვენ რადიკალურ ცვლილებებს არ ელით?
-არ ველი, რადგან თვითონ სისტემაა მოუქნელი.
ხშირად გვესმის გაღიზიანება, რას აკეთებენ ეს უფუნქციო სამინისტროები და რაში იხარჯება ამდენი თანხა? განსაკუთრებით, ნიშანშია ამოღებული შერიგების სამინისტრო, რომელმაც ვერავინ შეარიგა. როდესაც არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია ფაქტია, როდესაც იტაცებენ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, რას აკეთებს ეს სამინისტრო, ან თუნდაც კულტურისა და იუსტიციის სამინისტროები?
- სამინისტროები რას გააკეთებენ, როდესაც მთლიანი სისტემა და მართვის მოდელია უფუნქციო. ფაქტობრივად, ქაოსურ მართვაშია გადასული ეს სისტემა. თუ ამ სისტემას სათავეში ჩაუდგება ნორმალური მენეჯერი, როგორიც კახი კახიშვილია, მას შეუძლია სისტემის ნაწილი გააუმჯობესოს. ხოლო, თუ სისტემას სათავეში ჩაუდგება წარუმატებელი მენეჯერი, როგორიც ლევან იზორიაა, შეიძლება სრული ქაოსი მივიღოთ. როგორც სამხედრო უსაფრთხოების სპეცილისტი, ვამბობ, რომ ამერიკელების გარეშე ბატკა მახნო რომ იყო სამოქალაქო ომის პერიოდში, სწორედ იმ ბატკა მახნოს მწვანეთა არმიის დონემდე იქნებოდა მისული დღევანდელი ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამერიკელების ყოფნა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ კრიზისულ მდგომარეობას როგორღაც კიდევ აბრკოლებს. თავდაცვის მინისტრები ისეთი გვყავდა, რომ ასეთი მინისტრების ფონზე, ბატკა მახნო კი არა, ნესტორ კალანდარიშვილი, ჩვენი ცნობილი პარტიზანი რომ იყო ციმბირში, შეიძლება ისიც კი ჩვენთვის სანატრელი გახდეს. ფაქტობრივად, სისტემა თვითდინებაზეა მიშვებული და კარგი მენეჯერის მოლოდინშია.
კარგი მენეჯერი თუ არ გამოჩნდა, შეიძლება სისტემა სრულ დაქცევამდე მიიყვანონ. ძირითადად შემოგვყავს არაეფექტური და არამოტივირებული პოლიტიკური მმართველი მენეჯერები. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემა და მთავრობა რუსული ზღაპრის გმირის - ბაბა იაგას ქათმის ფეხებზე მდგარი ქოხმახივითაა. იმ ქოხმახში კარგად ფუნქციონირებდა მხოლოდ ფეჩი.
თქვენ კარგ მენეჯერს ახსენებთ, მაგრამ კარგმა მენეჯერმა, თუკი ამ ტერმინში ბიძინა ივანიშვილს მოვიაზრებთ, არ ისურვა ამ ბერკეტების აღება.
- მას თავისი საქმეები აქვს. გარდა ამისა, მას იმდენი პოლიტიკური გამოცდილებაც არ გააჩნია. როგორც ჩანს, მას არ სურს უფრო მეტად დაამძიმოს ის სფერო, სადაც ნაკლები კომპეტენცია აქვს.
მაგრამ 36 წლის პრემიერობის კანდიდატს მართვის გამოცდილება აქვს?
- სხვა კადრები არ არსებობს. როგორც გითხარით, ქვეყანა სასახლის გადატრიალების პირას იყო, მზადდებოდა სერიოზული პოლიტიკური გადატრიალება, რაც ჩაიშალა, ამიტომ წარმოგვიდგინეს ის, ვინც ხელთ შერჩათ.
ქამრების შემოჭერამ არაფერი გვიშველა. არჩევნების წინაც ეს ხომ არ იქნება არაპოპულარული გადაწყვეტილება, რასაც სამინისტროების თუნდაც უფუნქციო თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა მოჰყვება?
- ბუნებრივია, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტია, კატასტროფულ სიტუაციას მიაღწია ხარჯვითმა ნაწილმა და ეკონომიკური რეცესიის აშკარა ნიშნებია. ამიტომ ეს ყველაფერი თანმდევი პროცესია. ამის მიუხედავად, არჩევნების წინ ასეთი ტენდენციის გამოკვეთა ისევ მმართველ პოლიტიკურ ძალას დააზარალებს.
სულ ახალახნს ვიხილეთ თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავთან მისული ზაზა სარალიძე და ქისტების აქცია, რომლებიც უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ რეაგირებას. „ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა!“ როგორც ჩანს, არც პანკისიდან იგრძნობა წყნარი მდგომარეობა და მთავრობის შეცვლის მიუხედავად, მაინც არ ჩერდება პროცესები.
- პანკისის ხეობიდან წამოსულ საფრთხეს გამოვრიცხავ თავად პანკისში მცხოვრები საზოგადოების პოლიტიკურად მაღალი თვითშეგნების გამო, თუ არ მოხდება მათი პროვოცირება, რაც განხორციელდა კიდეც ახმედ კადიროვის ფოტოთი და რუსეთის დროშებით პროვოკაციის სახით. ეს იყო რუსებისგან წამოსული ჰიბრიდული ომის „მშვენიერი“ მაგალითი. ამიტომ პანკისიდან საფრთხეს არ ველი, თუკი ხელოვნურად არ მოხდება აგრავაცია ჩვენი მთავრობის უუნარობისა და ბრიყვული ნაბიჯების შედეგად, როდესაც ახალგაზრდა ადამიანს ყოველგვარი მიზეზის გარეშე კლავენ საკუთარ სახლში და მერე ბრალსაც ვერ უყენებენ. ეს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩადენილი მავნებლური შემთხვევაა. სწორედ ეს არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პირდაპირი დანაშაული, რომ მათ ვერ შეძლეს რუსეთის დროშებით შემოსული ხალხის პროვოკაციის აღკვეთა. როგორ, ჩვენს ტერიტორიაზე შემოდიან და დადიან უცხო ქვეყნისა და მტრული სახელმწიფოს დროშებით და იქვე აპირებენ სამხედრო შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას?
კადიროვის სურათების აფრიალება ნიშნავს, რომ პროვოკატორებმა სწორედ მაჩალიკაშვილის ტრაგედიით ისარგებლეს?
- რა თქმა უნდა, ისარგებლეს და კიდევ აპირებენ ასეთი თემების გაღვივებას. მათი გათვლა ის იყო, რომ უკვე არსებული უკმაყოფილების ფონზე კიდევ უფრო გაიზრდებოდა დაპირისპირების მასშტაბი და მოხდებოდა შეარაღებული დაპირისპირება მხარეებს შორის. პროვოკატორებმა ნამდვილად მოსინჯეს ძალები. თუმცა პანკისის ხეობის მოსახლეობის დიდი გონიერების საფუძველზე მოხდა ასეთი პროვოკაციის შემდგომი არგანვითარება.