ყოველი ახალი პრემიერის მოსვლას უზომოდ გაბერილი შტატების მქონე ჩვენს სამინისტროებში შიშითა და უსიამოვნო მოლოდინით შეჰყურებენ. გამუდმებით იწყება საუბარი რეორგანიზაციაზე, თანხების ოპტიმიზაციაზე, ქამრების შემოჭერაზე. საბოლოოდ, როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ოპტიმიზაცია მხოლოდ არასასურველი კადრის დათხოვნის საფუძველი ხდება.
მცირე მთავრობის კონცეფციაზე საუბრისას ხშირად პოლონეთის მაგალითს იშველიებენ, რომელსაც უფრო მცირე ბიუროკრატია ჰყავს, ვიდრე საქართველოს. ასევე, შვეიცარიაშიც უფრო ნაკლები სამინისტროებია, ვიდრე საქართველოში, ხოლო ლონდონს ემსახურება უფრო ნაკლები ჩინოვნიკი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქის ადმინისტრაციას. თუმცა ზემოთხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსნაირი სუსტი ეკონომიკის პირობებში დიდი ტვირთია გაბერილი ბიუროკრატიის შენახვა.
რას მოიტანს მცირე მთავრობის მოდელი, რომლის შესახებაც პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა? ხომ არ იქნება ეს არჩევნების წინ არაპოპულარული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან და რის ხარჯზე დაიზოგება 100-120 მილიონი ლარი? მოსალოდნელია თუ არა ბიუროკრატიის შემცირება და თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება?
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მცირე მთავრობის ინიციატივაზე მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს მინისტრების ბედს. ეს ძალიან ცუდია ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის, რაც მახინჯ სახეს იღებს. თორემ მინისტრები საკუთარ თავს რომ ეკუთვნოდნენ და პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძეც რომ იყოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიმღები, მაშინ შეიძლება კიდევ განგვეხილა მცირე მთავრობის პლუსები და მინუსები.
„ბარემ პირდაპირ ყოფილიყო ახალი სამთავრობო პროექტი და მისი დამტკიცება მომხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს იმასთან შედარებით, რაც ერთ კონკრეტულ ადამიანს სურს და მთავრობებიც იცვლებიან. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ კონსტიტუციურ მოდელს, როცა პრემიერ-მინისტრია სახელმწიფოს მეთაური. ჩვენთან ბიძინა ივანიშვილია ყველაფრის მეთაური და არც ის ვიცი, მცირე მთავრობის ფორმირება გამოიწვევს თუ არა თანამშრომელთა შემცირებას, ან საერთოდ რას გამოიწვევს. ეს ადამიანები ხომ, უბრალოდ, ვითომც მინისტრებად იწოდებიან უმრავლესობის მიერ. ბიძინას თუ უნდა, ამ სამინისტროებში კადრების შემცირება დაიწყება, თუ არ უნდა შემცირება, მაშინ არავის შეამცირებენ“,-აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის დროს სამინისტროების შემცირებით თანხები არ დაზოგილა. პირიქით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების დაკნინება უფრო მოხერხდა მაშინდელი შერწყმით და ეს არ ყოფილა ახალი გზა. ეს იყო ძველი გზა, რომელიც გაიარა პორტუგალიამ. სხვათა შორის, პორტუგალიის მოდელი მაგალითად მოიტანეს მაშინდელ სამთავრობო რეფორმაში, რომ თურმე პორტუგალიაში შერწყმული ყოფილა გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა. ამ დროს კი ზუსტად ერთი წლის თავზე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა სახელმწიფომ, როცა გააერთიანა სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.
„რაღაც მომენტში ჩვენც მივხვდებით, რომ ასეთი გაერთიანებები შეცდომაა. ფულის დაზოგვა ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით არ ხდება. მე არ ვიცი, რას ვზოგავთ და რის ხარჯზე, შეიძლება, ჩვენ დავზოგოთ ხარჯები, რომელიც იხარჯება მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, ეს თავისუფლად შეიძლება, მაგრამ არა მგონია, მამუკა ბახტაძის ამინიციატივის შემდეგ სამინისტროებში უბრალო თანამშრომლები შემცირდნენ. ბოლოს და ბოლოს, შერწყმულ სამსახურებსაც სჭირდებათ ძველი თანამშრომლები.
ვფიქრობ, ძირეული რეფორმა საჭიროა და, მე მგონი, ემზადება კიდეც ჩვენი მთავრობა ამ ძირეული რეფორმისთვის, რადგან უნდა იყოს სამდონიანი სახელმწიფო და არა ორდონიანი, როგორც დღეს გვაქვს. ვერ ვიტყვი, გვჭირდება თუ არა სხვადასხვა პროფილის სამინისტროები, რადგან ეს პოლიტიკური თემაა. სანამ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა არ აღგვიდგენია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს არსებობაც საჭიროა და ეს არის პოლიტიკური ნაწილი. ჩვენ რომ გვქონდეს აღდგენილი საზღვრები, მაშინ შეიძლება სხვანაირად გვემსჯელა.
რაც შეეხება ლტოლვილებთან დაკავშირებულ უწყებას, ეს შეიძლება ნაწილობრივ იყოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პრეროგატივა. თუმცა მაინც უნდა გადავხედოთ ამ საკითხს, რათა პოლიტიკურ თემაში არ გადაიხლართოს, რადგან ლტოლვილთა საკითხი სწორედ პოლიტიკური თემაა.
ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციული სამსახურის გაძლიერება. ეს შეეხება არა მარტო იმ მიგრანტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმ მიგრანტებსაც, რომლებიც გადიან საქართველოდან და, ვთქვათ, შრომით მიგრაციას ექვემდებარებიან“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.
ამასთან, ნინო ჩხობაძე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ეს უწყებები ერთად უნდა იყვნენ, ყოველთვის ასე იყო და თავის დროზე სწორედ ასე შეიქმნა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სამართავად ტლანქი მექანიზმი იყო და ვერ გამოდიოდა მუშაობა. მისივე თქმით, ჩვენ უნდა გავიაზროთ სხვადასხვა ტიპის გამოცდილება. სრულიად შესაძლებელია გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების უწყება ერთობლიობაში არსებობდეს. მთავარია, რომ გარემოს დაცვა არ იყოს ეკონომიკურ დარგთან შერწყმული, თორემ დანარჩენი ყველასთან შეიძლება იყოს კავშირში. მაგალითად, ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარმოადგენს გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების სამინისტროს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ახლაც საინტერესოა, როგორ მოხდება ჩვენი უწყებების ოპტიმიზაცია და რა არგუმენტებს მოვისმენთ მთავრობის მეთაურისგან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სანდრო თვალჭრელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ღირს მოვლენებს წინ გავუსწროთ, დაველოდოთ, რომელ სამინისტროებს დატოვებს მამუკა ბახტაძე და რომელს არა. საერთოდ, სამინისტროების რაოდენობა და ტიპი დამოკიდებულია იმ ამოცანაზე, რომელიც მთავრობას აქვს ჩაფიქრებული.
„არ ვიცი, სამინისტროების შერწყმით დაიზოგება თუ არა 100-120 მილიონი ლარი. სანამ შტატები არ შემცირდება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ისე როგორ დაზოგავენ 120 მილიონს, თუ ამას კადრების შემცირება არ მოჰყვება? რა თქმა უნდა, კადრებს შეამცირებენ“, - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.