პრემიერი მთავრობაში ახალი, საინტერესო სახეების შემოყვანას გვპირდება

პრემიერი მთავრობაში ახალი, საინტერესო სახეების შემოყვანას გვპირდება

ახალი პრემიერი დაახლოებით, სამ კვირაში, წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. მანამდე შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილებები ახალი მთავრობის შესახებ ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.

„ბუნებრივია, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, ერთი მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრემიერ-მინისტის პრეროგატივაა.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები, წარმატებული ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკის და ყველა იმ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს ახალდამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 11 სამინისტროზე მეტი საჭირო არ არის.

„ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რაც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას, რომ მე საშუალება მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით 3 კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რაც წარმოვადგინეთ.

ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც პრემიერი აცხადებს, სამინისტროების გაერთიანებები იქნება ორგანული, გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები და ერთეულები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტურობას, მოქნილობას და რაც მთავარია - ოპერატიულობას.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქემდე. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება პენსია 20 ლარით და 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ასევე 20 ლარით, ანუ ორი წლის განმავლობაში გაიზრდება 40 ლარით“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძემ ასევე, დაადასტურა აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან.

„ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით. თითოეული რეფორმის განხილვისას არა მხოლოდ პარლამენტთან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგდაოებასთან. ზოგადად, ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი. რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, იმ მუშაობის შედეგია, რომელიც კერძო სექტორთან გავწიეთ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რა გზით ვაპირებთ ინსტიტუტების განვითარებას და განმტკიცებას.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენტთან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში“, - მიმართა დეპუტატებს ბახტაძემ.