საქართველოს ახალი, ძველი და დროებითი მთავრობა ჰყავს

საქართველოს ახალი, ძველი და დროებითი მთავრობა ჰყავს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა და მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცა. მინისტრთა ახალი კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი

ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი

კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

„მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა, მან პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

დროებითი მთავრობის მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკურად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ როგორც აღნიშნა, „პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა“.

„დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღე, ვინაიდან ახალ მთავრობას ამტკიცებთ. რატომღაც „ტრაურის“ განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არაა სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია. არ ვიცით, ვინ იქნება მინისტრი, ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან. გვინახავს ხომ ფილმები ფიქტიურ ქორწინებაზე, ფიქტიურ ხელშეკრულებაზე, პირველად დავინახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზის მინისტრები და არ არიან მინისტრები. გახსოვთ გიორგი შენგელაია რომ თამაშობდა ფილმში „რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ“, პატარძალი არ მოვიდა და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო. აი დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ესაა კომიკური ვითარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კახიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უმრავლესობა მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება დაიწყება.

„საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა შემცირებული სამინისტროების გათვალისწინებით მოხდება. მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ იგეგმება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძემ მის წინამორბედ ყველა პრემიერ-მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად, ვაცნობიერებ რამდენად დიდია პასუხისმგებლობა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული და წარმატებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მმართველი გუნდისთვის ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.