ბახტაძე დროებითი მთავრობით და დიდი იდეებით

ბახტაძე დროებითი მთავრობით და დიდი იდეებით

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, – ასეთია მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამა და მიჩნია, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის სწრაფად და ეფექტურად განხორციელებისთვის. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მთვარობას გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ როგორ გაუმკლავდეს სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას.

„ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან. არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკვლავება, რაც დღეს არის ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული.

1-ელი ივლისიდან ამოქმედდება უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მცირე ბიზნესისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განვითარდნენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ–მინისტრის სამთავრობო პროგრამა მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის და მათ შორის დროებითი მთავრობის სამოქმედო გეგმა. უმრავლესობის წევრია ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბახტაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დარწმუნდა, რომ ძალიან მოკლე დროში შეძლო წარმოედგინა სწორი ხედვა ქვეყნის განვითარების.

„მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ ბატონმა მამუკამ ძალიან მოკლე ვადაში  შეძლო წარმოედგინა ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს მართლაც ამბიციურ და ძალიან საინტერესო რეფორმების გეგმას. მე ამას არ ველოდი იმიტომ, რომ დრო იყო მოკლე. რაც მაფიქრებინებს, რომ მას სწორად აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების მიმართულებები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკავაძე ელოდება, რომ მინისტრთა კაბინეტის ძალიან აქტიური და საინტერესო შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი და რაც მთავრია, თალაკვაძის განცხადებით, ეს შემადგენლობა უნდა პასუხობდეს იმ ამოცანებს და ხედვას, რომელსაც გუნდი განიხილავს და რომელიც წარმოადგინა მამუკა ბახტაძემ.

„მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები, ეს არის: ფინანსური ამნისტია, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ინვესტირება, გადასახადების დაწევა, პოლიციელებისთვის, მეხანძრე–მაშველებისთვის ხელფასების ზრდა, ამის გარდა, არის 32 მიმართულება და ინიციატივა, რომელიც მის გეგმაში არის წარმოდენილი და ჩვენ მივესალმებით, რომ ქმედითი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები აქვს პრემიერ–მინისტრს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საჭიროებებზე აისახება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ ერთადერთი დეპუტატი აღმონდა ალექსანდრე ერქვანია, რომელმაც ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აღნიშნულ პოსტზე გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისთვის, იმ ფასეულობების ერთგულებისთვის, რომელიც ძალიან ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. მადლობა პრინციპულობისთვის, ღირსეული ლიდერობისთვის და დიდი ადამიანობისთვის“, –  განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მაშ ასე, უმრავლესობისთვის პრემიერ ბახტაძის სამთავრობო პროგრამა მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს. გიგა ბოკერია დაინტერესდა, წარმოდგენილი გეგმებიდან, რომელს უბლოკვადა მას როგორც ფინანსთა მინისტრს, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

„ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება. მე ერთი კითხვა მაქვს – ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, – მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ–მინისტრს.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ახალი პრემიერი არანაირ ხედვას არ ფლობს იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკას და ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს უკავშირდება. რაც შეეხება მცირე მთავრობას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, როგორც პატრიაში აცხადებენ, ამ იდეას მხარს უჭერდნენ, მაგრამ ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია, ქვეყანაში მნიშვნელოვან სახელმწიფო მიმართულებებს დააზიანებს, როგორიცაა განათლება და კულტურა.

„ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ–მინისტრი, ძველმოდური იდეებით – ის პროგრამა, რომელიც გაგვაცნო, არის უკან გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენა. ახალი მთავრობა ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების გამტარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს და სიღარიბეს.

რაც შეეხება პერსონალურ შემადგენლობას, ეს არის ამორტიზებული მთავრობა, მორალურად გაცვეთილი, რომელსაც არ აქვს რესურსი და არ აქვს შანსი ქვეყანა წაიყვანოს წინ. ხალხი ითხოვდა ძალადობრივი სისტემის შეცვლას, მაგრამ ეს ყველა მინისტრი რჩება და რეალურად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება აბუჩად აიგდო, ვინაიდან მან გაბედა და წარმოადგინა ისევ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მიმართული იყო საზოგადოების პროტესტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ბახტაძესთან კითხები აქვს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. „შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს, რომლის განცხადებით ბახტაძემ სამი კვირა ითხოვა ახალი გუნდის წარდგენისთვის, მაგრამ სამ კვირაში კანონპროექტის მიღება ვერ მოესწრება.

„ახალი კანონპროექტის მიღებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. მე ვისურვებდი, რომ ამ ხნის განმავლობაში სახელისუფლებო სისტემა კიდევ უფრო არ დაძაბუნდეს. გაურკვევლობა საჯარო სამსახურების ეფექტურობას არ აამაღლებს, პირიქით დაადაბლებს. დროებითი მთავრობის კონცეფცია არასწორია, მაგრამ თუ მზად არ არიან, აბა რა ვქნათ. 2016 წლის არჩევნებიდან გამომდინარე მათ ხელში ვართ. მამუკა ბახტაძეს ვუსურვებ, იყოს შემძლე 400%-იანი ეფექტურობის, რადგან 100%-იანი ეფექტურობით მხოლოდ 20% შედეგს თუ მიაღწევს, რადგან დანარჩენი სისტემა არ არის მოწადინებული იმაზე, რომ რეფორმები გატარდეს. ამას შეძლებს? პირველი ვიქნები ვინც ტაშს დაუკრავს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე მცირე მთავრობის პროგრამაზე და სამინისტროების შერწყმაზე იქნება საუბარი, აუცილებელია ითქვას, რა შედეგი მოიტანა მანამდე განხორციელებულმა რეფორმამ.

„მგონია, რომ  ვიდრე სამინისტროს ხელს კიდევ მოვკიდებთ, ვინმემ უნდა აგვიხსნას განვლილი 7–8 თვის განმავლობაში გასული წლის ბოლოს გაკეთებულმა რეფორმებმა რა შედეგი მოიტანა. იმ სამინისტროების გაერთიანებით რა რაოდენობის ფინანსები დაიზოგა, რამდენად გაიზარდა ეფექტურობა, რამდენად უკეთესი შედეგი მივიღეთ. თუ ეს შედეგი არ გაგვაცნეს, მაშინ კიდევ ორი სამინისტროს ერთმანეთთან შეერთებით ახალ ქაოსს ხომ არ მივიღებთ.

უფრო დეტალებში თუ ჩავალთ, სასჯელაღსრულების სამინისტრო პირველ რიგში იყო იუსტიციასთან მისაერთებელი, ამაზე შარშან შემოდგომაზეც ვსაუბრობდით. ეს მაშინ არ გაიზიარეს. დღესდღეობით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი. მძიმე ვითარება პრემიერ–მინისტრის ისეთმა წასვლამ შექმნა, როგორც ის წავიდა“, –აცხადებს დავით უსუფაშვილი.