პრემიერობის კანდიდატი ახალი სამთავრობო პროგრამით წარსდგა პარლამენტის წინაშე, რასაც ოპოზიციის მხრიდან სკეპტიკური შეფასებები მოჰყვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოს ახალი და წარმატებული მთავრობა ეყოლება.
რამდენად მოასწრებს მამუკა ბახტაძის ახალი მთავრობა იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც მმართველი გუნდის წინაშეა? რამდენად იგრძნობს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების სიკეთეებს თითოეული ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც არა მხოლოდ მთავრობას, არამედ მთლიანად, ხელისუფლებას უნდა გამოუცხადოს ხალხმა ნდობა თუ უნდობლობა? რამდენად შეიძლება, სწორედ მთავრობის ახალი მეთაურის უნარებზე დაიდოს ხალხის სამომავლო ნდობის მანდატის მოპოვების ფსონი, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
პირველი, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა ისაუბრა, ეს გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია, შემცირებული ბიუროკრატია, თუმცა ოპოზიცია თვლის, რომ ნაკლებად არის მოსალოდნელი ამ კონცეფციის რეალობაში განხორციელება...
- რამდენადაც ცნობილია, პრემიერობის კანდიდატი პროფესიონალია და საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ კონცეფციას. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენლის პროფესიონალიზმის და სამომავლო პოტენციალის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთი მამუკა ბახტაძე იყო.
ვფიქრობ, როდესაც საუბარია ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანზე, შესაბამისი მხარდაჭერაც აუცილებელია - პურის ფული ნამდვილად არ ექნება საშოვარი და თავიდან ბოლომდე შეუძლია ჩაეფლოს სასიკეთო საქმეებში. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და არა, ვინმეს მიერ პრივატიზებული ფიგურა.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დაპირებები და რეალობა ერთმანეთთან შორს დგას. ისღა დაგვრჩენია, მუდმივად საქმის კურსში ვიყით, კონკრეტულად რა ვადებში რის განხორციელებას გეგმავს ახალი მთავრობა და რამდენად შესრულდა ეს გეგმა, მოვისმინოთ არგუმენტები.
რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი იქნება ყველა და ყველაფერი, რაც ამ ხელისუფლებას უკავშირდება, თუმცა არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა დარგების პროფესიონალები, რომლებიც მობილიზებულები უნდა იყვნენ, რომ თავადაც ჩაერთონ შეხვედრებში, სადაც სხვადასხვა საკითხების შესახებ პროფესიული განხილვები შედგება.
რაც შეეხება მცირე მთავრობას, ვფიქრობ, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა - ცოტა ხნის წინ ბანქოს ქაღალდივით ჩამოარიგეს და გადაცვალ-გადმოცვალეს სამინისტროების სახელწოდებები. უნდა გავიაზროთ, რომ მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია, ანუ ესა თუ ის უწყება რამდენად აგვარებს დარგობრივ პრობლემებს.
კონკრეტული მაგალითიც შემიძლია, მოვიყვანო - ჩათვალეთ რომ პრაქტიკულად, აღარ გაგვაჩნია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რადგან მინისტრი, რომელიც ამ სივრცეში საქმიანობს, დაკავებულია შრომის და სოციალური საკითხების მოგვარებით, ხოლო ქართული მედიცინა სულ უფრო უკან მიდის.
გარდა ამისა, იყო მცდელობა, ყოფილიყო სოფლების განვითარების სამინისტრო, მაგრამ უცებ მოშთეს ეს პერსპექტივა და ისევ და ისევ დედაქალაქის ზურგზე უნდა აღმოჩნდეს ყველაფერი, რადგან სოფლის განვითარების კონცეფცია ხომ არ გვაქვს და როგორც ჩანს, შესაბამისი სურვილიც აღარ არსებობს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.
იუსტიცია და პრობაცია თუ შეერთდება, ამაში მაგალითად, საგანგაშო არაფერია, თუმცა უმჯობესია, რაოდენობას არ გამოვეკიდოთ.
ბიუროკრატიის შემცირება არ არის საჭირო?
- ბიუროკრატიზაცია უკვე დანერგილია თავისი პრემიებით და დანამატებით და ამაზე ოთხი წლის განმავლობაში მედიის გარდა ხმას არავინ იღებდა. ახლა კი, უბრალოდ, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც დასაქმების ნაცვლად უმუშევართა რაოდენობას გავზრდით. მთავარია, ობიექტურად მოხდეს დასაქმებულ ადამიანთა პროფესიონალიზმის შეფასება - ეს ბევრად გააჯანსაღებდა საერთო სურათს.
ბახტაძე ეკონომიკაში გვპირდება სერიოზულ ცვლილებებს, ეს არის ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსები, მცირე-საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება და ა.შ. თუმცა ისიც მართალია, რომ მსგავსი თემები ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში აუცილებლად მოიძებნება ხოლმე...
- ეს თემა აქტუალურია ყველა არჩევნებზე, მაგრამ გადის დრო და ვისაც ხელეწიფება სახელმწიფო სახსრების ხარჯვა, თვალი უჭირავს ხოლმე მსხვილ ბიზნესებზე. შეიძლება, დაპირებების რაღაც ნაწილი შესრულდეს, მაგრამ როგორც წესი, საკუთარ სიტყვას ყოველთვის ამბობს ნეპოტიზმი.
აქ რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს, ვგულისხმობ ტენდერებს, რამაც ლამის დაღუპა ჩვენი ეკონომიკა, ასეთი დაპირებები აღარ იქნებოდა საჭირო და ბიზნესი თავად მონახავდა გზას. კარგია როდესაც პრემიერობის ახალი კანდიდატი თამაშის სამართლიან წესებზე საუბრობს, მაგრამ დროა, ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, რომ ჯერ უნდა გადავხტეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიძახოთ „ჰოპლა“.