თამაშის ახალი წესები ეკონომიკაში

თამაშის ახალი წესები ეკონომიკაში

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, - ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ახალი პრემიერი გვპირდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, იქნება 2011 -2012 წლებში უსაფუძვლოდ დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა კომპანიებისთვის, რამაც თავის დროზე, ბევრი მათგანის გაჩერება გამოიწვია.

„ამ კომპანიებს ჩამოვაწერთ საგადასახადო დავალიანებებს და მივცემთ საშუალებას განვითარდნენ ეკონომიკურად და შექმნან სამუშაო ადგილი. თანხა თუ გაინტერესებთ, 2013 წლის პირველ იანვრამდე არის 450 მილიონი ლარი და შეეხება 36 ათას გადამხდელს“,- განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას ეკონომიკის სექტორის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა.

„თავისუფალ ბაზართან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში უსამართლო თამაშის წესები. ჩვენ ვცდილობთ, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. სამუშაო ადგილებზე როდესაც ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ერთადერთი წყარო იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები იმ რაოდენობით, რაც სიღარიბის დასამარცხებლადაა საჭირო.

იმ სტატუს-ქვოში, რომელიც გვერგო, საგადასახადო ტვირთი ინდმეწარმეს და მცირე ბიზნესს ჰქონდა უფრო დიდი, ვიდრე მსხვილ ბიზნესს, ამიტომ ამის მიღწევა რთული იყო. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ეკონომიკის კარგი ზრდის ტემპი, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობა, ჩართულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით, დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში.

ბახტაძის თქმით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები.

„პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. შესაბამისად, რეფორმების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე, კომერციულ და საგადასახადო დავებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ქართული ბიზნესი ელოდება და ის უნდა განვახორციელოთ რაც შეიძლება მალე. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავნერგავთ“,- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერობის კანდიდატმა ისაუბრა გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე, როგორც მან აღნიშნა, გადახდისუნარიანობის ეფექტური სისტემის გარეშე ბუნებრივია, საბაზრო ეკონომიკის განვითარება ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის რეფორმა, რომელიც ასევე მინდა გაგიზიაროთ, ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ბიზნესგარემო - ეს გახლავთ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღე არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული. შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ.

„ეკონომიკური რეფორმების სია არის პროგრამაში, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ თითოეული მათგანი არის ძალიან პრინციპული და ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში განვავითაროთ მეწარმეობა. ამის მაგალითად მე შემიძლია მოვიყვანო ის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული ქარხნებისა და აქტივების და მათი საქმიანობის გათავისუფლებას დღგ-ს გადასახადისგან. სწორედ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ისე, რომ საქართველო გახდა იმპორტზე ასე ტოტალურად დამოკიდებული ქვეყანა. დღეს საქართველოში, ფარმაციის დარგში, იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოებები იხდიან დღგ-ს და თან ამ დღგ-ს მერე ვეღარ ითვლიან. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცევტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ თავისუფალი ვაჭრობის ძალიან დიდი მხარდამჭერი. თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ უსამართლო თამაშის წესებზე ჩვენს ეკონომიკურ მოდელში. ბუნებრივია, ჩვენ ეს შეიძლება მივიღეთ მემკვიდრეობით, მაგრამ საჭიროა, რომ განახლებული სამართლიანი წესები დავამკვიდროთ, რაც შეიძლება დროულად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც დიდუბის მაჟრიტარმა დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის. მისი თქმით, მამუკა ბახტაძე აქამდეც არაერთხელ შეხვდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ისმენდა მათ შეხედულებებს ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით.

„მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია, რომ ის კიდევ უფრო დაიხვეწოს. სრულად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მამუკა ბახტაძის პოზიციას, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსმა მიიღოს ერთიანი დოკუმენტის სახე, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“, - აღნიშნავს ილია წულაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერობის კანდიდატი ეკონომიკური პოლიტიკის, უფრო სწორად, ეკონომიკური მოდელის შეცვლას გეგმავს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, იმ პრინციპების დანერგვაში, რომელიც ახალ მთავრობას ექნება, ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას.

„ჩემს მიერ დასახელებული მთავარი პრინციპების დანერგვაში ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიან თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს შეკითხვა და დღესაც მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და შესაბამისად ვერ წარმოადგინა თავისი პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ მართლაც რომ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.