„კბილებში მოხვდებათ აფრასიძეების ადვოკატებს“ - ამ სიტყვების ავტორი ბატონი ბარამიძე გახლდათ

„კბილებში მოხვდებათ აფრასიძეების ადვოკატებს“ - ამ სიტყვების ავტორი ბატონი ბარამიძე გახლდათ

მოლოდინის მიუხედავად, აფრასიძეების საქმე დღემდე გამოუძიებელია. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურის მოთხოვნით და აფრასიძეების თანხმობით ჩატარდა გვამის ესგუმაცია, რაც გამოძიებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ დადგენილიყო ის ფაქტები, რომლებზეც ოჯახის წევრები და ადვოკატები მიუთითებდნენ. გახმაურებულ საქმის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს ადვოკატს, ირმა ჭკადუას, რომლის შეფასებით, სახელმწიფო ვალდებულია საქმე გამოიძიოს.

for.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ მიღების ინიციატივით გამოდის, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. რაში მდგომარეობს ამ ინიციატივის არსი?

ირმა ჭკადუა: სამწუხაროდ, მე არ ვიცნობ ამ ცვლილებას. ამიტომ ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. შეიძლება ძალიან კარგი ცვლილებაა, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რაც გაჟღერდა. იმის იქით არ ვიცით, რა ტიპის შესწორება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში. სანამ არ ექნება კანონის ფორმა, მანამდე ძალიან ძნელია შეფასება.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე არის უმძიმესი თემა, მაგრამ გირგვლიანამდე იყო აფრასიძეები, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გამცემლიძე და ა.შ. ყველა ამ საქმის ჩაფარცხვა მაღალჩინოსნების თანამონაწილეობით მოხდა და თავისი შინაარსით არის ძალიან მძიმე. შესაბამისად, ამ ფორმულირებით – „გირგვლიანის შესწორება“ ცვლილების შეტანის აუცილებლობა რატომ დადგა?

– გეთანხმებით, რომ ფაქტი არის უმძიმესი, რომელმაც ლამის ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია. მაგრამ რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, ერთ–ერთი მძიმე დანაშაული გახლავთ აფრასიძეების საქმე. ოჯახის ერთ–ერთი წევრი, უდანაშაულო ადამიანი, ცოცხლად დაწვეს. დაკავების შემდეგ ოჯახის მეორე წევრი დახვრიტეს, უმძიმესად დაიჭრა ოჯახის მესამე წევრი. ამ სპეცოპერაციის შემდეგ ფსიქიურად შეიშალა 5 შვილის დედა, რომელიც დღემდე ფსიქიატრულ საავადმყოფოში მკურნალობს.

ასევე ხელყოფილი იქნა მათი კერძო საკუთრება, დაიბომბა მათი სახლი და დღემდე ამ ოჯახს საცხოვრებელი არ გააჩნია და მათ სხვადასხვა ადამიანები იფარებენ. სამწუხარო გახლავთ ის, რომ არავინ დასჯილა, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. აფრასიძეები მდუმარედ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან გამოძიების შედეგებს.

რა ეტაპზეა გამოძიება?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. აფრასიძეების თანხმობით ჩატარდა ექსგუმაცია, რაც გამოძიებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ დადგენილიყო რეალურად ის ფაქტები, რა ფაქტებზეც მიუთითებდნენ ოჯახის წევრები და ადვოკატები. ეს არის ის საქმე, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პირდაპირ ეთერში საჯაროდ აღიარა, რომ მან გასცა აფრასიძეების დაბომბვის ბრძანება. განცხადება შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში, რომ გამოძიება დაწყებულიყო, მაგრამ პასუხი დღემდე არ არის.

ამ სპეცოპერაციის შემდგომ მოხდა უმძიმესი დანაშაული, რომელიც ასევე ხელისუფლების მიერ იქნა ჩადენილი, როდესაც სვანეთში გაითხარა მე–19 საუკუნის საგვარეულო სამარხები, 40 ადამიანზე მეტის ნეშთი და ფრაგმენტები იქნა ამოღებული. ჯერ თბილისში წამოიღეს და მოგვიანებით ეს ფრაგმენტები ჩაყარეს დიდ ტომარაში და ჩაიტანეს სვანეთში. არც კი მიაბარეს მიწას, ე.წ. მოსაცდელში დატოვეს. ეს ყველაფერი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

გამოძიება უნდა დასრულდეს, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. დიახ, ქვეყნის პირველი პირები იყვნენ ამ სპეცოპერაციაში ჩართული. ერთი-მეორის მიყოლებით მართავდნენ ბრიფინგებს ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, რომლებიც საზოგადეობას ამცნობდნენ, რომ თურმე აფრასიძეების მხრიდან დახოცილი არა ერთი ადამიანის ნეშთი იქნა აღმოჩენილი სვანეთში, რაც ასევე არ დადასტურდა.

ასევე არ დადასტურდა ის, რომ აფრასიძეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს. მძინარე ოჯახს დაესხნენ თავს, 800 ადამიანზე მეტი - პოლიცია, სპეცრაზმი და 12 ვერტმფრენი ღებულობდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში. დიახ, ამ სპეცოპერაციის ავტორები უნდა დაისაჯონ იმისთვის, რომ სხვას არასდროს აზრად არ მოუვიდეს ასეთი ვანდალური ქმედების განხორციელება.

მართალია აფრასიძეები დუმან, მაგრამ მათი ყოფა არის გაუსაძლისი. უახლოეს დღეებში აფრასიძეების ოჯახი საგანგებო ბრიფინგით მიმართავს ხელისუფლებას გამოძიების დასრულების მოთხოვნით, ასევე მოითხოვენ, რომ მათ მიეცეთ დაზარალებულის სტატუსი და აუნაზღაურდეთ ის ზიანი, რომელიც სახლმწიფოსგან მიადგათ.

იყო მოლოდინი იმისა, რომ აფრასიძეების საქმე გაიხსნებოდა. პროკურატურა ამბობდა, რომ გამოიძება ბოლო ეტაპზე იყო, ამაზე საუბრობდით თქვენც. მაგრამ პროკურატურა ამ საქმეზე უკვე აღარ საუბრობს. რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო საქმის გახსნა პროკურატურამ? სააკაშვილი აცხადებს, რომ მან გასცა ბრძანება, თუმცა ამ საქმეზე პროკურატურას სააკაშვილთან კითხვები არ აქვს, ისევე როგორც გია ბარამიძესთან, რომელსაც ოჯახი ბრალს დებს უმძიმეს დანაშაულში – მკვლელობაში...

– ძალიან გვიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მოლოდინი იყო, გამოძიებაც ინტენსიურად მუშაობდა, საქმის გამიძიებაში უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება. ყველას გვახსოვს ის შემზარავი ფაქტი, როდესაც აფრასიძეების სახლს ცეცხლი ეკიდა, ცეცხლში იწვოდა ოჯახის ერთ–ერთი წევრი და ბატონი ბარამიძე ხელებს ითბობდა ამ ცეცხლზე და მეზობლებს სთხოვდა კუბდარს. რასაკვირველია, ეს იყო უმძიმესი ფაქტი. მაშინ ერთ–ერთ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია – „კბილებში მოხვდებათ აფრასიძეების ადვოკატებს“, ამ სიტყვების ავტორი ბატონი ბარამიძე გახლდათ. ის გვემუქრებოდა, პრაქტიკულად ყველა ფორმით ხდებოდა  ჩვენზე ზეწოლა.

ძალიან მიჭირს იმის თქმა, რატომ შეჩერდა გამოძიება. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს ამ დღეებში შევახსენოთ გამოძიებას და ხელისუფლებას ეს საქმე და მოვთხოვოთ მათ გამოძიების დასრულება. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება. ეს არის ერთ–ერთი შემზარავი საქმე, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და რომელზეც არავინ დასჯილა.

გახმაურებული საქმეები – ეს არის თემა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტიურდება. მათი გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეს არის კოაბიტაციის შედეგი თუ არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს წარუდგინონ ბრალი?იგივე ბარამიძე ამბობს, რომ თუ იგი დამნაშავეა, მაშინ ბრალი უნდა წაუყენონ...

– მოქალაქეებს აქვთ პროტესტი იმაზე, თუ რატომ დადის დადის ბარამიძე დაუსჯელი. რა თქმა უნდა, პრობლემა არის მტკიცებულებებთან მიმართებაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გყავს დამწვარი, დახვრეტილი, დაბომბილი ოჯახი, დიახ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გამოიძიოს ეს საქმე. თითქოს დეკლარირებულია, რომ სახელმწიფოს ნება გახლავთ ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება იქნას დასრულებული, მაგრამ 2012 წლის შემდეგ გავიდა 6 წელი და ფაქტია, რომ ასეთი გამოძიება არ არის დასრულებილი.

როდესაც ვსაუბრობთ გახმაურებულ საქმეებზე, მუდმივად წინა პლანზე დგება კადრების საკითხი, ანუ ძველი კადრები. გასაგებია, რომ მთელი სისტემის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ რამდენად ართულებს საქმეს ძველი კადრების თემა?

– ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ–ერთი პრობლემა ნამდვილად გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ დანაშაულის ჩადენაში ჩართულები, ინარჩუნებენ თანამდებობებს და ბუნებრივია, არავის აქვს სურვილი, რომ მის წინააღმდეგ ჩატარდეს გამოძიება.

გაცხადებული პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, რომ ყველა, ვინვ სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო დანაშაულში, როგორც მინიმუმ, გამოძიების დასრულებამდე უნდა ჩამოშორებულიყო დაკავებულ თანამდებობებს, რომ გამოძიება ყოფილიყო ობიექტური. ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნებოდა, შექმნილიყო ცალკე დეპარტამენტი, რომელიც  ასეთ გახმაურებულ საქმეებს გამოიძიებდა.

ერთის მხრივ სახეზე გვაქვს დანაშაული, მეორეს მხრივ ის, რომ ეს დანაშაული არ არის გახსნილი. არიან ბრალდებულები და არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, მაგრამ მათ ოფიციალურად ბრალი წარდგენილი არ აქვთ.

იმ შემთხვევაში თუკი გამოიძებამ ვერ, ან არ გახსნა ეს საქმე, როგორი იქნება აფრასიძეების შემდეგი ნაბიჯი?

– ქალბატონი დოდო აფრასიძე გახლავთ ღრმად მოხუცებული. ის არის მარტოხელა, რომელსაც მოუკლეს მეუღლე და შვილი, რძალი ფსიქიურად დაავადდა, დატოვეს სახლ–კარის გარეშე და იმ შემთხვევაში, თუკი ამ საქმეზე არ იქნება დროული რეაგირება, ეს ქალბატონი გეგმავს მიმართოს პროცესის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. მისი სურვილია, სიცოცხლეშივე ნახოს ის ადამიანები დასჯილი, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს.

ამ ქვეყანაში აზრად არავის არ მოსვლაი ეკითხა – სად ცხოვრობდნენ და სად ცხოვრობენ ეს ადამიანები, მაშინ როდესაც 80 წლის ქალბატონი 5 არასრულწლოვან შვილიშვილთან და ფსიქიურად შეშლილ რძალთან ერთად ქუჩაში დარჩა. ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც აფრასიძეების ტრაგედიას გააპროტესტებდა და იკითხავდა, სად არის ეს ოჯახი.