ოპოზიციური სპექტრის ნაწილი აქტიურად ემზადება 4 ოქტომბერს დაანონსებული საპროტესტო აქციისთვის. მეტიც, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 4 ოქტომბერს, „რუსული რეჟიმი“ მშვიდობიანად დაამხონ, ანუ „ვარდების რევოლუციის“ სცენარი გაიმეორონ. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ დღეს მოსახლეობაში ის განწყობა აღარ არსებობს, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ უძღოდა წინ. შესაბამისად, ხელისუფლება ვერც „მშვიდობიანად“ და მით უფრო, ძალისმიერი მეთოდით, ვერ დაემხობა.
„4 ოქტომბერს ნახავთ, ვინ, როგორ დაისჯება, როგორი ტონიც არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ეს ისტერიკა მიანიშნებს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის აქციის და ძალიან ეშინიათ საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეების. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული, მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება დამხობა მშვიდობიანად, წითლიძემ უპასუხა, რომ „ზუსტად ისე, როგორც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა.
ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ანა წითლიძეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა: მოსახლეობამ გამოსცადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე და მისი ხელახლა დაბრუნება ხელისუფლებაში არ სურს. საყვარელიძის შეფასებითვე, დღეს საქართველოში რევოლუციური სცენარის განმეორების რესურსი არ არსებობს:
„რაც ხდებოდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს, გარდა იმისა, რომ დასავლეთი ისევე იყო ჩართული ამ პროცესში, როგორც ახლა ვხედავთ - რევოლუციის მოთხოვნაში არიან ჩართულნი - ამავე დროს, რუსეთიც ღიად მონაწილეობდა, მაგრამ გადამწყვეტი იყო ის, რომ „ვარდების რევოლუცია“ მოხდა 2003 წელს და 2000 წლიდან, აქტიური იყო მოსახლეობის დამუშავება, რაშიც ლომის წილი მაშინდელმა „რუსთავი 2“-მა ითამაშა. ამ ტელევიზიამ, ფაქტობრივად, რევოლუციური სიტუაცია შექმნა - მოსახლეობა მიილტვოდა იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და ანა წითლიძეს მოსახლეობის ფაქტორი გამორჩა.
ევროპა ისევ ცვდილობს, რომ რევოლუცია მოხდეს, რუსეთიც, ალბათ, ამ პოზიციაზე დგას, უბრალოდ, ანტირუსული გაწყობები იცის საქართველოში და არ უნდა, რომ ეს განწყობები გააძლიეროს, მაგრამ მოსახლეობაა დღეს სხვანაირად განწყობილი. მაშინ მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო შევარდნაძე, თუმცა დღეს ხომ მიუღებელი უკვე სააკაშვილია, რადგან მოსახლეობამ სააკაშვილის 9 წელი ნახა და მის მოსვლას საზოგადოება არ ემხრობა. უნდათ, დასავლეთის დახმარებით, გადაატრიალონ დღეს არსებული ხელისუფლება, რომელიც არ არის უნიკალური, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნიათ.
ვერც სააკაშვილი გადაატრიალებდა შევარდნაძეს, მას რომ არ ეთქვა, „მე წავედი სახლში“. შევარდნაძე, ფაქტობრივად, მთელმა გარემოცვამ მიატოვა. უცხოელებს ყველაფრის ფასად ურჩევნიათ სააკაშვილის ჯგუფი, რადგან იციან, რომ ეს ჯგუფი, მათი დავალებით, ყველაფერს იზამს. ამ ფონზე, ისიც ნახეს, რომ „ოცნება“ არ ჩაება ომში, არ შეასრულა მათი სურვილი და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ურჩევნიათ“, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.
თბილისის მერის და იმავდროულად, მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით, მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.
„ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე, კანონის წინააღმდეგ, გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას ერთმანეთთან, მერი ამბობს, რომ ამ პოლემიკაში ჩართვა არ სურს.
„ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი წესრიგი.
ვისაც სურს თავისი ნებისმიერი პოლიტიკური აზრის გამოხატვა, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ობიექტებიდან (საარჩევნო შტაბები, საარჩევნო შეხვედრის ადგილები, საარჩევნო უბნები) მინიმუმ 500 მეტრის მოშორებით და არჩევნების შემდეგ, კანონით დასაშვებ ნებისმიერ ადგილზე.
4 ოქტომბრის დილის 6 საათიდან, 5 ოქტომბრის დილის 6 საათამდე კატეგორიულად უნდა აიკრძალოს, საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელი ნებისმიერი აქტივობა (შეკრებები, მიტინგები, მსვლელობები და სხვა), მთელი ქვეყნის მასშტაბით.