თბილისის 35-ე სკოლის მოსწავლეები ირწმუნებიან, რომ ისინი გამვლელმა ორმა ბიჭმა დანით ისე დაჭრა, რომ მათ ვერც კი გაიგეს, რა მოხდა. უცნობები თურმე რაღაც თემაზე აუხირდნენ და, როდესაც მოსწავლეებმა საკუთარი სისხლი დაინახეს, მაშინღა მიხვდნენ, რომ დაჭრილები ყოფილან.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული მათივე ყოფილი თანაკლასელია. დაჭრა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები რეპეტიტორთან მიდიოდნენ.
რა იწვევს აგრესიას ბავშვებში, ამის მიზეზები უამრავი შეიძლება იყოს. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დარწმუნებული არ არის, ბავშვებში გამოვლენილი აგრესიის შემთხვევები მუდმივი და მზრდადი იყოს. უბრალოდ, ყოველთვის, როცა ხდება რაღაც პრეცედენტი, ადამიანებს მისი განმეორების სურვილი უჩნდებათ.
„ამას წინათ ორი ბიჭი მოკლეს ვაკეში, ამ ფაქტმა რაღაცნაირად გამოიწვია იმიტაციის, გამეორების სურვილი. როდესაც მერილინ მონრომ თავი მოიკლა, იმას მიჰყვა კიდევ ერთი ათი კაცი. ვფიქრობ, რაღაც მსგავსი ხდება ჩვენთანაც. შეიძლება ველოდოთ კიდევ რამდენიმე მსგავს შემთხვევას და იმედი მაქვს, მერე ეს მონაცემები ისევ შემცირდება. ეს არის ასეთი შემთხვევების დროებითი ზრდა. 70-80-იან წლებში აგრესია რომ იყო სკოლებში, ჩემი შეფასებით, დაახლოებით იგივე დონეა“, - აღნიშნა გაგა ნიჟარაძემ.
რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამ ფაქტების შესამცირებლად?! ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ, თუ ეს შესაძლებელია, სახელმწიფომ რაღაცნაირად უნდა შეზღუდოს დანის ტარება. თუმცა ესეც არ იქნება გამოსავალი.
ენათმეცნიერი, პროფესორი, ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაუჯერებელია, ბავშვებს ვერ გაეგოთ, როგორ დაჭრეს. უბრალოდ, შესაძლოა, ისინი ფარავენ კონფლიქტს თანატოლებთან, რაც ასეთ შემთხვევებს ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე. ავთანდილ არაბულის თქმით, ზოგადად, ბავშვებში გამოვლენილი აგრესიის მიზეზია, რომ სკოლა დაიქცა და დაკარგა აღმზრდელობითი, მაორგანიზებელი როლი. გაკვეთილის ნაცვლად ბავშვი ქუჩაშია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მშობელი ამბობს, რომ იმ დღეს ბავშვი სკოლაში არ ყოფილა და მოსამზადებლად, რეპეტიტორთან მიდიოდა. ეს სოციალური პრობლემაა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია ყველაფერში. ე.ი. სკოლა არ არის ბავშვისთვის ის დაწესებულება, სადაც ცოდნას მიიღებს, ამიტომაც აღარ დადის სკოლაში და მაღალი კლასების მოსწავლეები რეპეტიტორებს აკითხავენ.
„რეპეტიტორთან სიარული კი თავისი შედეგის მომტანია. როდესაც მანდატურის ინსტუტიტი შემოიღეს, ვამბობდით, რომ მანდატურის ინსტიტუტი დაანგრევდა სკოლას, როგორც სისტემას. წინათ სკოლა აგებული იყო მასწავლებლის ავტორიტეტზე, წესრიგს პედაგოგი და პედკოლექტივი ამყარებდა. შესაბამისად, ვინც წესრიგს ამყარებს და, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, სწორედ ის ითვლება სკოლაში ავტორიტეტად. სკოლაში მანდატურის შესვლის შემდეგ კი მასწავლებელი გახდა შეთქმული ბავშვებთან. აბა, ბავშვებო, გაჩერდით, თორემ მანდატურს დავუძახებ; გაჩერდით, მანდატური მოდის და ა.შ. ამ თვალსაზრისით, მასწავლებლის ავტორიტეტი განულდა. იმდენ მანდატურს ხომ ვერ შევიყვანთ სკოლაში, რომ მასწავლებელთა რაოდენობა შეცვალოს და ყველა კლასში მანდატური იდგეს?! ამიტომაც აიშვეს ბავშვებმა. მასწავლებლებს ჩამორთმეული აქვთ წესრიგის დამყარების უფლება და მოსწავლეები გადადიან ერთმანეთზე. ბავშვი დგება გაკვეთილის დროს, მიდის სადღაც, გარეთ გადის, როცა უნდა, ჭამს და სვამს, ეჩხუბება ვიღაცას. სხვათა შორის, მარგველაშვილის მინისტრობის დროს იყო იდეა, მანდატურები ფსიქოლოგებით ჩაენაცვლებინათ. თუმცა როგორ ჩაანაცვლებდნენ? სად გვყავდა ამდენი ფსიქოლოგი? ახლა სრულიად არაადეკვატური რეაქციაა, გავაძლიეროთ მანდატურის ინსტიტუტი. გააძლიერებ მანდატურის ინსტიტუტს და გაძლიერდება განუკითხაობა“, - აცხადებს ავთანდილ არაბული.
მისივე თქმით, ბავშვმა ენერგია სადღაც უნდა დახარჯოს. ბავშვის შინაგანი წყობა ისეთია, რომ თვით სუსტ ბავშვსაც სჭირდება მოძრაობა. კედლებს ეჯახებიან ხოლმე ბავშვები, მოზარდებივით არიან, რადგან ენერგიის დახარჯვა უნდათ. ადრე ამ მიზნით არსებობდა ფიზკულტურის გაკვეთილები, სპორტის სექციები.
„ჩვენი ბავშვობაც გვახსოვს. მაშინდელი ბავშვი დღის განმავლობაში სკოლაში ხარჯავდა ძირითად ენერგიას, მერე სახლში ასრულებდა დავალებას, ფაქტობრივად, მისი ერთი დღის სამუშაო დატვირთული იყო. ახლა მოსწავლეების უმეტესობა სრულიად დაუტვირთავია, არც დავალებას ასრულებს, არც მასწავლებელს უსმენს, არც სპორტშია ჩართული. მთელი დღე რა აკეთონ? არჩევენ საქმეებს. მუდმივად შედიან ტუალეტებში, წაუჯიკავებენ ერთმანეთს. რა ქნას მანდატურმა, რამდენ სართულსა და ტუალეტში ირბინოს ამისთვის? ლამის „დედოვშჩინის“ მსგავსი ქმედებებია“, - აცხადებს ავთანდილ არაბული, რომლის თქმითაც, ქუჩაშიც კი იგრძნობა, რომ ახალგაზრდები შეკრებილნი არიან და გამუდმებით „არჩევენ საქმეებს“.
ამ ფონზე განადგურებულია მასწავლებლის ავტორიტეტი. კარგი მასწავლებლებიც კი დეკვალიფიცირებულნი არიან, რადგან ათწლეულების განმავლობაში ვერ განვითარდნენ, ახალი ლიტერატურა არ წაუკითხავთ და თვითგადარჩენის რეჟიმში არიან გადასულნი. ავთანდულ არაბულის თქმით, საცოდაობაა, როცა მასწავლებელი დამცირებულ მდგომარეობაშია, ამიტომაცაა ასეთი პედაგოგი აგრესიული და გაღიზიანებული.