ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი დადგეს - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ კი ეროვნული უშიშროების საბჭოც უქმდება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უფრო უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი თვლის, რომ უკვე მერამდენედ ვხედავთ მცდელობას, რომ გამოსწორდეს ის ზიანი, რომელიც კონსტიტუციურმა რეფორმამ მიაყენა კონსტიტუციის, პოლიტიკურ სისტემას და ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას.
„არსებობს ბევრად უფრო მარტივი გზა, ვიდრე 22 წლის ინსტიტუტის დემონტაჟი და მისი ანალოგის ხელახლა შექმნის მცდელობაა. უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ორგანო, რომელზეც არის დაკისრებული პოლიტიკური თათბირის ფუნქციები, მის გარეშე ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ განისაზღვრება. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესაძლებლობა მისი მოდელის ადაპტირება მოხდეს იმ მმართველობითი მოდელის შესაბამისად, რომელიც იქნება მიღებული ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ. ჩვენ ეს წინადადებები გაზიარებული გვაქვს პარლამენტთან. კომიტეტს კიდევ ერთხელ მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ თემაზე გაიმართება კონსულტაციები“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე თვლის, რომ ქვეყანას არ აქვს არც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი და არც მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე, მის კოორდინაციასა და აღსრულების ზედამხედველობაზე. დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანოს შექმნა გარკვეულწილად დაგვიანებულია, თუმცა საჭირო. მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემატურია პოლიტიკური ორგანო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე, მის კოორდინირებაზე და ამ პოლიტიკის აღსრულების ზედამხედველობაზეა ორიენტირებული.
„რაც შეეხება ანალიტიკურ ცენტრს, ეს არის სამსახური თავისი არსით და ბუნებრივია, ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ ორგანოს“,- აცხადებს სიხარულიძე.
მისივე შეფასებით, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევები აქვს - ოკუპირებული ტერიტორიები, რთული უსაფრთხოების გარემო, სერიოზული საგარეო პოლიტიკური ამოცანები, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაცია, აუცილებელია, ჰქონდეს კარგად ფუნქციონირებადი პოლიტიკური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიიღებს და კრიზისებს მართავს და როგორც სიხარულიძე აღნიშნავს, ასეთი ორგანო დღეს საქართველოს საერთოდ არ გააჩნია.
ირაკლი სესიაშვილის აზრით, სწორედ იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უფრო უკეთესი იყოს, საჭიროა ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.
„ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუკი ანალიზის შემდგომ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ კოორდინაციის ან დაგეგმვის პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დამატებითი ორგანო ან სტრუქტურა, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ“,- აცხადებს სესიაშვილი.
სესიაშვილის აზრით, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი ხედვა ყველა მიმართულებით - განსაკუთრებით, როცა საქმე თავდაცვას და უსაფრთხოებას ეხება.
„ამიტომ, საჭიროა ერთიანი საინფორმაციო ველი და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. მთავრობას ეს შეუძლია. მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო და ის ყველა შესაბამის უწყებას ითავსებს. მთავრობას შეუძლია ეს მთავრობის ფარგლებში გააკეთოს, თუმცა, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უფრო უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, არამედ სხვა მიმართულებითაც წარმოაჩენს ერთიან ხედვას, თუ როგორ უნდა მოახდინოს ქვეყანამ რეაგირება“, - აცხადებს სესიაშვილი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ეს არ არის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილების მიღება აჩქარებულად შეიძლება.
„მუშაობა მიმდინარეობს და ანალიზი გვანახებს, რამდენად არის დღეს ამის გადაუდებელი აუცილებლობა“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.