„ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღმოიფხვრება ტერორიზმის საფრთხე რეგიონში“, - წერს „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს, რომ ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთს არავისგან არ სჭირდება თანხმობა და ამბობს, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული შეტევების პასუხს წარმოადგენს.
„ქურთულმა დაჯგუფებამ - „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყაროს იმედები. ოპერაცია აფრინში არა მარტო თურქეთის ინტერესების დაცვისკენ, არამედ სირიის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შეტანის, სირიელი ხალხის უსაფრთხოებისა და დაცვისკენაა მიმართული. იდლიბსა და აფრინში სტაბილურობა დამყარდება, ასობით ათას სირიელს ექნება შესაძლებლობა უსაფრთხოების პირობებში იცხოვროს საკუთარ მიწაზე“, - წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ დაწყება გამოაცხადა ქურთული დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალებისა“ და პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ. თურქეთის ძალები სირიის ტერიტორიაზე უკვე შევიდნენ და ოპერაციის სახმელეთო ნაწილის განხორციელება დაიწყეს. სირიაში, აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთი სამხედრო ოპერაციას ატარებს დაახლოებით 1.5 მილიონი ქურთი ცხოვრობს.
ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას უკანასკნელი ტერორისტის ლიკვიდაციამდე გააგრძელებს. ანკარა დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ თურქეთის მოსაზღვრე რაიონში 8 000-დან 10 000-მდე ტერორისტი იმყოფება და ყველა მათგანის განადგურების პირობას დებს.
ანკარა ირწმუნება, რომ რუსეთი, აშშ და ირანი თურქეთის სამხედრო ოპერაციის გეგმის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. თუმცა, ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-ს მხრიდან დაბნეულობა შეიმჩნევა ოპერაცისთან მიმართებით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მომავალი ამერიკული მხარის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, აშშ-მ უნდა აირჩიოს თუ ვის უჭერს მხარს სირიაში.
„ჩვენ ველოდებით, რომ ისეთი მოკავშირე, როგორიც არის აშშ, თურქეთს დაუჭერს მხარს და არა ტერორისტებს. აშშ-სთან ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია ამერიკული მხარის შემდგომ ნაბიჯებზე. თურქეთმა თავის სამხედრო გეგმები ყველა დაინტერესებულ მხარეს სრულად შეატყობინა. ჩვენი მიზანი არ არის დავუპირისპირდეთ რუსეთს, სირიის რეჟიმს, აშშ-ს, არამედ ჩვენი მიზანია ვებრძოლოთ ტერორიზმს. თუ არიან ტერორისტები, ესე იგი, ჩვენთვის ეს საფრთხეა“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქი დიპლომატის საპასუხოდ აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ამბობს, რომ თურქეთმა თავიდანვე გააფრთხილა აშშ იმის შესახებ, რომ სირიის ჩრდილოეთში ავიადარტყმების განხორციელებას აპირებდა ვაშინგტონის მოკავშირე ქურთების „სირიის დემოკრატიული ძალების“ დანაყოფების წინააღმდეგ.
„თურქეთი გულახდილი იყო. მათ გაგვაფრთხილეს იქამდე ვიდრე ავიაციას გააგზავნიდნენ, ჩვენთან კონსულტაციები გაიარეს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომავალში. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
თურქეთის გადაწყვეტილება იყო მთავრი საკითხი, რაზეც გაერო-ში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა დელატრმა ისაუბრა. ფრანგი დიპლომატი აცხადებს, რომ სირია გზაგასაყარზე დგას და თუკი საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას არ მიაღწევს, ქვეყანა შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიშალოს, მოხდეს ეთნიკური წმენდა, ტერორიზმის ახალი ტალღა და ადამიანების მასობრივი გაქცევა.
„შესაძლებელია ყველაზე უარესი მოხდეს: დაშლა, ეთნიკური წმენდა, სუნიტი მუსლიმების სასოწარკვეთა, რაც ტერორიზმისა და მიგრაციის ახალ ტალღამდე, ახალ ჰუმანიტარულ ტრაგედიამდე მიგვიყვანს. ყველაფერი ეს შესაძლებელია. მშვიდობისკენ მიმავალი გზა მაინც არსებობს.
თუ ვიპოვით საშუალებას დავარწმუნოთ ამერიკელები, ევროპელები, რუსები და სხვები, რომ ერთი მიმართულებით იმოქმედონ, მშვიდობის მიღწევას ეცადონ, მაშინ ეს შესაძლებელი იქნება. არასასურველი სცენარის აცილების ერთადერთი გზა არის, რომ ყველანი მოვემზადოთ ამ კვირაში, ვენაში, სირიასა და სხვა საკითხებზე გაერო-ს ეგიდით დაგეგმილი შეხვედრისთვის“, - განაცხადა ფრანსუა დელატრმა.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოსაზღვრე რაიონში 8 000-დან 10 000-მდე ტერორისტის განადგურების მოტივით, სირიის აფრინის რაიონში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას ეხმაურებიან საქართველოშიც. ქართველი ანალიტოკოსების შეფასებით, მიმდინარე პროცესების საქართველოს უსაფრთხოებაზე არ აისახება, თუმცა ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველოში უკვე გაჩნდა ტერორისტული ორგანიზაციის კერა.
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, თურქებსა და ქურქეთს შორის ისტორიული მიუღებლობის ფონზე, შესაძლოა ემოციებით გადაპენტილმა თურქეთის ხელისუფლებამ ვეღარ მოზომა რა კონტრნაბიჯები შეიძლებოდა მიეღო საკუთარი აგრესიის პასუხად. მისი თქმით, თურქეთისა და აშშ-ის ასეთი დაპირისპირება ხელს აძლევს მხოლოდ კრემლს. რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება ავად განწყობილი აშშ-ის მიმართ, მით უფრო მისაღებია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკეული თემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა თურქეთმა ამერიკის მიმართულებით, ასჯერ მეტ მწვავე პასუხსს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს ტოტალური განრიდება თურქეთისგან. თუ თურქეთის მოსახლეობამ ვეღარ დაინახა საკუთარი თავი დღევანდელი თურქეთის რეალობაში, სად თუ არა საქართველოსკენ გაუწევთ მათ გული.
ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია იმისა, რომ დევნილების გარკვეული რაოდენობა მივიღოთ. ეს შეიძლება პესიმისტური სცენარია, მაგრამ სხვაგვარად ძნელად წარმოსადგენია, რომ თურქეთის მოსახლეობამ მხოლოდ ევროპისკენ შეაქციოს თავისი მზერა. გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფო არის გარკვეული საყრდენი, საქართველოს გარკვეული თავშესაფარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. თუ მტკიცე აღმოჩნდა რუსეთ-თურქეთის ტანდემი, ეს ნეგატიურ შედეგს მოიტანს საქართველოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ თურქეთი არასდროს დათანხმდება ქურთული გავლენის გაძლიერებას, შესაბამისად, მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
„ეს უფრო გეოპოლიტიკური დაპირისპირება არის თურქეთსა და დასავლეთს შორის. თურქეთის მიზანია საკუთარი თავის წარმოჩენა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ნათელი არ არის თურქეთის მიზანი, რა სურს მიაღწიოს ამ ოპერაციით. ქურთებს რომ ამ ტერიტორიიდან ვერ განდევნის ფაქტია. ქურთებმა, რომ დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვეს სირიის ფარგლებში, ესეც ფაქტია. ამიტომ, ამ ოპერაციიდან დიდი შედეგის მიღებას თურქეთისთვის ნამდვილად არ ველოდები.
თურქეთი ამით ცდილობს ამტკიცოს, რომ ამ რეგიონში ის არის სერიოზული მოთამაშე და მის გარეშე არაფერი არ ხდება. ქურთებმა ერაყში დე-ფაქტო მოიპოვეს დამოუკიდებლობა, თურქეთს ამ პრეცედენტის განმეორება არ სურს სირიაში და ამის პრევენციას ცდილობს, მაგრამ როგორ მოახერხებს ეს სხვა საკითხია. თურეთი ცდილობს არ დაუშვას კიდევ ერთი ქურთული ანკლავი, ამის პრევენციას უფრო ცდილობს“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
ანალიტოკოსი დარწმუნებულია, რომ თურქეთი ვერ შეძლებს ქურთების განდევნას. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც შეიძლება თურქეთმა მიღწიოს, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა, სირიის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა აღადგინოს ამ ტერიტორიაზე და სირიას უნიტარული სახელმწიფოს ფორმა დაუბრუნდეს.
რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი საკმაოდ ახლოს არის, ზურაბ აგლაძის შეფასებით, სირიის კონფიქტმა აჩვენა, რომ საქართველოზე იყო გავლენა, კერძოდ, შეიმჩნეოდა ტერორისტული ქსელის მოძაობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც, მისი თქმით, ვსაუბრობთ თურქეთის და ქურთების დაპირისპირებაზე, ნაკლებად სავარაუდოა მიმდინარე პროცესები საქართველოზე აისახოს.
„დიდი გავლენა არ ექნება. გაცილებით დიდი მასშტაბის კონფლიქტი იყო სირიაში, რამაც დაგვანახა, რომ ჩამოყალიბდა ტერორისტული ორგანიზაცია ISIS და საქართველოდანაც მოხდა რამოდენიმე ათეული მებრძოლის გადინება.
სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით დიდი გავლენა საქართველოზე არ ჰქონდა. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც. მით უმეტეს, რომ ამ ოპერაციას გრძელვადიანი პრესპექტივა არ აქვს. ადრე თუ გვიან, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწევს თავის ტერიტორიაზე დაბრუნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.