„თუ საზოგადოება ისევ ლუარსაბ თათქარიძის რეჟიმში იქნება, განვითარების შანსი ნაკლები იქნება“

„თუ საზოგადოება ისევ ლუარსაბ თათქარიძის რეჟიმში იქნება, განვითარების შანსი ნაკლები იქნება“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და თავისი და სხვისი შეცდომების ანალიზიდან დაასკვნას რა არის გასაკეთებელი. მისი თქმით, ალტერნატივის გარეშე ხარისხი არ გაუმჯობესდება.

რატომ ვერ უმკვალდება ხელისუფლება არსებული პრობლემების მოგვარებას და სად არის გამოსავალი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ამ ნაწილში 27%-ითქართული ოცნებალიდერობს. „ნაციონალური მოძრაობა“ - 10%; „ევროპული საქართველო“ - 3%; არც ერთი პარტიას ხმას არ აძლევს 24%; არ იცის - 15%-მა; პასუხზე უარს აცხადებს - 13%. გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი და ფიქრობს, რომ ძალიან რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული დეპუტატთან შეხვედრა. რამდენად დამაფიქრებელია კვლევის ეს ნაწილი ხელისუფლებისთვის, მით უფრო, რომ 2018 წელი არის საარჩევნო წელი ქვეყანაში?

რამაზ საყვარელიძე: მე არ გამოვყოფდი ხელისუფლებას როგორც მხოლოდ მხარეს, რომელიც უდა დაფიქრდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ეს კვლევა არის დამაფიქრებელი და ამავე დროს საყურადღებო, მაგრამ ეს შედეგები არანაკლებ დამაფიქრებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლებას 27% მაინც აქვს, ოპოზიციას რა აქვს?

ნაციონალები ამაყობენ, რომ 10% მაინც გვაქვს და ისევ მეორე ოპოზიციური პარტია ვართო. კი ბატონო, იამაყონ, თუმცა ეს 10% გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ადრინდელი 40 და 20%. მაგრამ დანარჩენი პარტიები, რომლებმაც ისიც დაკარგეს რაც გააჩნდათ, მათთვის დამაფიქრებელი არ უნდა იყოს ეს შედეგები? - რა თქმა უნდა - კი. ასე რომ, გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს ოპოზიციურ პარტიებს, ვიდრე ხელისუფლებას.

როგორ ფიქრობთ ხელისუფლებისთვის რამდენად დამაფიქრებელია, როდესაც 24% ამბობს, რომ არც ერთი პარტიას არ აძლევს ხმას, ასევე 15%, რომელმაც არ იცის ვის მისცეს ხმა? თუნდაც იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი არ გახდეს 30-34% და თუ წინა კვლევიდან გამოვალთ, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ნდობის მაჩვენებელში კლების ტენდენცია არ გაიზარდოს?

- უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ფიქრი ნამდვილად კარგი რამეა. თავისი და სხვისი შეცდომების ანალიზიდან დაასკვნას რა არის გასაკეთებელი, რადგანაც სხვების შეცდომაც ბლომად არის. რატომ კარგავს რეიტინგს ნებისმიერი პარტია და მათ შორის ხელისუფლება, ამის გარკვევას დაახლოებით 2 თვე უნდა. ხომ შეიძლება გამოკვლევები მარტო საარჩევნოდ არ ჩატარდეს, სადაც ძირითადად რეიტინგები აინტერესებთ-ხოლმე, არამედ ჩატარდეს იმის გასარკვევად, რატომ კარგავს ხელისუფლება რეიტინგს და მერე გატარდეს რაღაცა ქმედება იმისთვის, რომ ნდობის კლების ტენდენცია არ მივიღოთ.

როგორ ფიქრობთ, რატომ კარგავს ხელისუფლება რეიტინგს? ერთი შეხედვით ნდობის ხარისხი აქვთ ცალკე აღებულ მინისტრებს, მაგრამ ამის მიუხედავად ხელისუფლება მთლიანობაში კარგავს რეიტინგს, საზოგადოების მხარდაჭერას. რა არის ამის მიზეზი, რომ არაფერი ვთქვთ პარლამენტზე, რომლის მიმართ ნდობდა საკმაოდ დაბალია...

- პარლამენტი ახსენეთ, ნამდვილად კარგი მაგალითია იმ მხრივ, რომ სულ იძახიან ხელისუფლება მედიაში არ ჩანსო, პარლამენტი ხომ ჩანს მედიაში, მაგრამ ამით არ იზრდება პარლამენტის რეიტინგი. ყველა მედიაშია ჩანს ოპოზიციური პარტია, მაგრამ მათი რეიტინგი კლებულობს, ე.ი. რაღაცაშია საქმე. ანუ მარტო საჯარო გამოსვლა არ არის საკმარისი. დამაჯერებელი და არგუმენტირებული უნდა იყოს საჯარო გამოსვლა და ლიდერის პოზიციას უნდა ტოვებდეს საზოგადოებაში. ლიდერობის განცდა კი, არ არის საზოგადოებაში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ცალკეულ მინისტრებს აქვთ ნდობაო, ცალკელული მინისტრებში სწორედ ლიდერობის სტილი გამოდის წინა პლანზე, ან პირიქით. მთლიანობაში ხელისუფლების პოლიტიკა უნდა იყოს წამყვანი როლის შემსრულებელი. ანუ, ლიდერობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას. არ უნდა იყოს მშიშარა, მორიდებული, გაუბედავი სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და თუ მოქალაქეთა ინტერესების დაცვაში. ამ მომენტების პედალირება უნდა ხდებოდს ბოლო წუთამდე. არ უნდა იყოს პროგნოზირებადი თვითონ ხელისუფლება. ერთ-ერთი რითაც ქარიზმატული ლიდერი იღებს სიმპათიებს და რითაც ის არის ქარიზმატული, გახლავთ ის, რომ ნაკლებად პროგნოზირებადია.

სააკაშვილის მომხიბვლელობის დიდი წილი იყო იმაში, რომ ნაკლებად პროგნოზირებადი იყო. სიახლის მომტანი და ინტერესის საგანი უნდა იყოს ხელისუფლება. დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებად პროგნოზირებადია, ეს კარგია სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მაგრამ პიარისთვის არის ცუდი.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ამ რეალობის წინაშა დგას ქვეყანა, ყოველდღიური ფასები მატება, ინფლაცია, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ამ ყოველივეს ფონზე ელექტროენერგიაზე და წყალზე გადასახადის მომატება - როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ იჭერს სოციალურ პრობლემებს ხელისუფლება, თითქოს უძლურია ამ პრობლემის წინაშე და ხელიდან გაუშვა პროცესები...

- პროცესის დაჭერა - ამ ფრაზაში იგულისხმება, რომ წინა ხელისუფლებას ეჭირა და დღევანდელი ვერ იჭერს. არც წინა ხელიუფლებას ჰქონდა სამუშაო ადგილები და არც მაშინ არ იყო ლარი კარგად. ვერც წინა ხელისუფლებამ და ვერც წინას წინამ ვერ მოუარა ეკონომიკურ პრობლემებს. ამბობენ, რომ ძნელი მოსავლელი პრობლემა არისო. ეს ის პრობლემებია, რომელიც ბევრი ფრონტიდან ითხოვს შეტევას.  - მრავლამხრივი მოქმედების და მიხვედრის უნარი, ხვალ რა არის გასაკეთებელი - აი ამ უნარის არის თუ არა ხელისუფლება, ამაში ეპარება ეჭვი მოსახლეობას და ამიტომ არის ნიჰილიზმი. აქ ვერ გადადგა ხელისუფლებამ ის ნაბიჯები რომელიც დაარწმუნებდა მოსახლეობას ხელისუფლების კომპეტენციაში.

ეს რამდენად რთულად აისახება ხელისუფლებაზე?

- თუ ალტერნატივა არ არის, რაც უნდა მიუღებელი იყოს, მოსახლეობა ვერ ინაცვლებს სიცარიელისკენ. არ ვარგა ეს ხელისუფლება, ვინ აირჩიონ „ნაციონალური მოძრაობა“, ის უარესი იყო - ეს ახსოვს მოსახლეობას. დანარჩენი ვინ უნდა აირჩიონ, ვინც საერთოდ არ იქცევს ყურადღებას?

ანუ, პოლიტიკური ველის სიცარიელე ხელისუფლებას აძლევს შეცდომების დაშვების საშუალებას?

- რა თქმა უნდა. კერძო ბიზნესშიც იგივე პროცესები არ არის? ნებისმიერი წარმოება შეცდომებს უშვებს მაშინ, თუკი კონკურენტი არ ჰყავს. კონკურენცია არის იმის პირობა, რომ შეცდომები დაუშვებელი გახდეს. რისთვის შეიქმნა დემოკრატია როგორც სისტემა? - რომ კონკურენცია არსებობდეს. უბრალოდ, ის ვერ გაითვალისწინეს დემოკრატიის მამებმა, რომ თუ ერი ისეთი მოუმზადებელია დემოკრატიისთვის, რომ მას პარტიების გენერირებაც არ შეუძლია, რასაც დღეს ვაკვირდებით, კონკურენცია არ იქნება. თუ პარტიების და პოლიტიკური ალტერნატივების გენერირება არ ხდება, მაშინ კონკურენცია აღარ იქნება, რა ხარისხის დემოკრატიაც არ უნდა იყოს ქვეყანაში.

ეს პროცესები შესაძლებელია ქუჩის პროცესების ინდიკატორი გახდეს და მოსახლეობამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რომ ამ გზით მიიქციოს ხელისუფლების ყურადღება?

- ნორმალური ცხოვრების პირობებში ასეთი გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს ალტერნატიული ძალა. დავუშვათ, რომ ქვეყანაში მუშაობს ერთი პურის ქარხანა და გამოვიდა ხალხი ქუჩაში იმიტომ, რომ არ მოსწონს პური, პურის ქარხანა თავს შეიწუხებს იმაზე, რომ გაუმჯობესოს რაიმე? - არა. იმიტომ, რომ ის პური აუცილებლობაა, გარეთ გამოსული ხალხი ხვალ მაინც იმ პურს იყიდის. გვიჭამია ასეთი ბალახივით პური საქართველოში, ოღონდ გვიხაროდა იმიტომ, რომ ღამის რიგებში ვშოულობდით ასეთ პურს. ალტერნატივის გარეშე ხარისხი არ გაუმჯობესდება.

საპროტესო აქციები იქნება, ჩაივლის, უსასრულო ხომ არ იქნება, სიტუაციაც გაჩერდება. იმ ხალხს, რომელიც პროტესტს გამოთქვას და აი, ამ ხალხმა რომ შექმას პარტია, ეს პარტია წავიდეს ხელისუფლებასთან საჭიდაოდ იმაზე, რომ მმართველობა აიღოს საკუთარ თავზე, ეს იქნება ნორმალური გზა. ის რასაც ჩვენ შევეჩვეთ - ქუჩაში გამოსვლას, ამას არასწორი შედეგი აქვს.

როდესაც გამსახურდიას ალტერნატივად კიტოვანი და სიგუა გვეგულებოდა, შევარდნაძის ალტერნატივა სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე, იმ ალტერნატივებზე გვქონდა აქცენტირება და მერე უკვე ხელისუფლებაში მოდიოდნენ ისინი, ვინც იწყებდა ბრძოლას. არც ერთი ამგვარი რევოლუციური ბრძოლით მოსული გუნდი არ ყოფილა შედეგიანი. უალტერნატივო რეჟიმი შექმნეს და უალტერნატივოდ დარჩა ქვეყანა.

მარტო მათ კი არ შექმნეს, ქვეყანასაც ეზარება ალტერნატივის კეთება. ასეთი პოლიტიკურად ზარმაცი ქვეყანა ყოველთვის გამოდის ქუჩაში და მერე დასვამს ხელახლა ადამიანს, რომლის მოსაშორებლად ისევ ქუჩაში უნდა გამოვიდეს. ახლა უკვე ამ გზამაც დაკარგა ძალა, ვხედავთ, რომ ნიჰილიზმი გამეფდა. გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა პროპორციულობა.

ბავშვის გაჩენა საჭიროა იმისთვის, რომ მემკვიდრე ჰყავდეს ადამიანს. საზოგადოებასაც, რომელსაც უნდა ცხოვრების გაგრძელება, ახალი პოლიტიკური ძალები სჭირდება. ან ძველი პოლიტიკური ძალების განახლება, როგორც იდეოლოგიით, ასევე ადამიანური რესურსით. თუ საზოგადოება ისევ ლუარსაბ თათქარიძის რეჟიმში იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, განვითარების შანსი ნაკლები იქნება.