სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ცვლილებებია. თბილისში ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და გაზაფხულამდე ყველაფერი დაზუსტდება. რეგიონებში ცვლილებები მგზავრობის ღირებულებას უკავშირდება, რომელიც თანდათან ყველა დიდ ქალაქში იზრდება.
დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, მერიას სპეციალური სანებართვო პირობები აქვს დადგენილი, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსებმა უნდა იმუშაონ. მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს ყველა კომპანიასთან, რომელიც სამარშრუტო ხაზებს კურირებს.
„მერია ამ მიმართულებითაც გეგმავს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მომავალ კვირაშიც უნდა შევხვდეთ ამ კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე სამარშრუტო ტაქსების მიერ განაწესის შესრულების საკითხი განიხილება. ამ კომპანიებს მკაცრად უნდა მოვთხოვოთ სანებართვო პირობების შესრულება და ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა უფრო შეუვალი უნდა გახდეს“, - განაცხადა ბითაძემ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომა გაგრძელებაა იმ რეგულაციებისა, რომელიც მერიამ სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებით ბოლო პერიოდში შეიმუშავა. დეკემბრის ბოლოს ქალაქის ხელმძღვანელობამ 14 ქუჩის სამარშრუტო სქემა შეიმუშავა და მიკროავტობუსებს მხოლოდ გაჩერებებზე დაუდგინა მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმის შესაძლებლობა. მერია და საპატრულო პოლიცია ამის თაობაზე ერთობლივ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ
„ამ შემთხვევაში საუბარია მიკროავტობუსების მგზავრების კომფორტზე. შეფერხება და დაჯარიმება საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც მგზავრისთვის, ისე საპატრულო პოლიციისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება უფრო კომფორტულია, ვიდრე რეპრესიული მექანიზმების გატარება“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა.
მისი აზრით, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, დასრულდება ის ქაოსური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის დედაქალაქში. „მომავალი წლის თებერვლიდან დამთავრდება საორგანიზაციო საკითხები, ცვლილებები შევა ნორმატიულ დოკუმენტებში და დაიწყება პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვართ, ამის შედეგს ახლო მომავალში დავინახავთ“, - დასძინა მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მერიას სხვა სიახლეებიც ექნება მიკროავტუბუსებთან დაკავშირებით. დეტალები დაახლოებით 1 თვეში იქნება ცნობილი. დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებები გარდაუვალია.
სამარშრუტო ტაქსების ირგვლივ სიახლეებია რეგიონებშიც, თუმცა ეს მხოლოდ მგზავრობის ფასის შეცვლას ეხება. მაგალითად, პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება და 40-დან 50 თეთრს მიაღწევს. ბათუმის საკრებულომ 16 ხმით ექვსის წინააღმდეგ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.
„რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ცხოვრება გაძვირდა, გაიზარდა საწვავის ფასი და მეორე მხრივ, გაძვირებულ ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებს რიგით მგზავრებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი კი ამტკიცებს, რომ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო.
„არავის უხარია ტარიფის მატება, სამაგიეროდ, იგი იმოქმედებს მთელ ბათუმში, ანუ თუკი მწვანე კონცხიდან მომავალი მგზავრი აქამდე იხდიდა 60 თეთრს, ამის შემდეგ ისიც 50 თეთრს გადაიხდის. ტარიფები ქალაქის მასშტაბით გათანაბრდება, ამასთან მძღოლებს კატეგორიულად მოეთხოვებათ მგზავრობის პირობების გაუმჯობესებაც“, - განაცხადა დიმიტრი ჭეიშვილმა.