სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, სპარტაკ პავლიაშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის მაღალჩინოსანის და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.
შესაბამისად, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას გადაწყვეტილება ბრალდებულის 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. როგორც ცნობილია, მოსამართლე შონიას გადაწყვეტილება პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
გახმაურებული საქმის მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის მოქმედებას კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად ვერ შეაფასებს. მისი თქმით, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის.
„როდესაც პიროვნებას ვაფასებ, ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მეგობრებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ კარგად არ გახასიათებდნენ. თქვენი მოქმედება მოჰყვა უარის მიღებას. სისხლის გუბეები იდგა იქ და გირაო დაუსაბუთებელი კი არა არათანმიმდევრულია“, - მიმართა მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა ბრალდებულს.
მოსამართლის ეს პოზიცია არ გაიზირა თავად ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი ისეთი არადაქვატური იყო, რომ მისი ვარაუდით ის რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. „ძალიან ვნერვიულობ. ასე მგონია რაღაცის ზემოქმeდების ქვეშ იყო“, - აღნიშანა თამაზ ქვლივიძემ.
ბრალდებულის ადვოკატი, ზაზა მესხი აცხადებს, რომ ქვლივიძის მიმართ დაცვის წევრების მხრიდან იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, ამის დამაdასტურებელი მტკიცებულება ადვოკატს არ წარმოუდგენია, ამბობს, რომ მტკიცებულება არსებობს, რასაც გაასაჯაროვებს კიდეც. მისი თქმით, თამაზ ქვლივიძე ამბობს, რომ ჰქონდა დანა და მოგერიების მიზნით იქნევდა მას. თუმცა, არ აღიარებს, რომ ვინმესთვის დაზიანება მიყენება ქონდა განზრახული
როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ საქმეზე, მათ შორის საჯარო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე აშკარად იყო ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისა და დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებები წაიკითხა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები არის უპასუხისმგებლო და მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობაა.
„მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ზეწოლა იყო ყველას მხრიდან. იმით აპელირება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაჭრა პოლიციელი, აბსურდია, რადგან ის პოლიციის ფორმით არ იყო. შს მინისტრმა აბსოლუტურად კანონიერი განცხადება გააკეთა. მე 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შსს-ს ორგანოებში და პოლიციელების პირველი დამცველი მე ვიყავი, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ ის იყო პოლიციელი.
ეს იყო გაშველების დროს მიღებული დაზიანება. მე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას. ცუდი ფაქტია, როდესაც იმ პერიოდში ვბრუნდებით, როდესაც გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გარეთ ხდება. ნახეთ, კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ თუ მოსამართლე არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, აქციებს აანონსებდნენ. ეს იყო შანტაჟი“, - აცხადებს ზაზა მესხი.
საქმის პროკურორის, ხათუნა კუსრაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარეს ჰქონდა საკმაოდ მყარი, დასაბუთებული არგუმენტები, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა დღევანდელ სასამართლოზე აღნიშნული ექსპერტიზის პასუხები არ იყო წარმოდგენილი, რადგანაც ვერ მოესწრო.
„ჩვენ გვქონდა გონივრული მოლოდინი, რომ შეიცვლებოდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ყველა სამართლებრივი საფუძველი იყო სახეზე - მტკიცებულებების განადგურება, მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის საფრთხე და გამოძიებისთვის ხელის შეშლა. პირველი ინსტანციის სასამართლოში რა მტკიცებულებების წარდგენაც მოხდა, იგივე მტკიცებულებები წარვადგინეთ მეორე ინსტანციის სასამართლოში“, - აღნიშნა ხათუნა კუსრაშვილმა.
რაც შეეხება თავად კლუბ „ბასიანს“, მის გარშემო ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო უკვე სწავლობს კლუბის გარშემო არსებულ ინფორმაციას. საჯარო რეესტრის მონაცემებით ამ კლუბის მფლობელი ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის ძმის შვილი,ზვიად გელბახიანია, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. კლუბის მფლობელი ამბობს, რომ პრინციპული საკითხი იყო, რამდენად იქნებოდა სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე. ის ამბობს, რომ დაცვის სამსახური ცდილობდა, ქვლივიძეს ტერიტორია მშვიდობიანად დაეტოვებინა.
„ნათელია, რომ ეს ადამიანი, მას შემდეგ რაც კლუბში შესვლაზე მას უარი განეცხადა, აგრესიით გამოირჩეოდა და სურდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა ყველა იქ მყოფი პირისთვის. დაცვის სამსახური ცდილობდა, ქვლივიძეს მშვიდობიანად დაეტოვებინა ტერიტორია, თუმცა მივიღეთ ის შედეგი, რაც ყველამ ნახეთ. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად მისი ფინანსური სტატუსისა და პოლიტიკური ნაცნობობისა“, - განაცხადა ზვიად გელბახიანმა.
საქმეზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა შს მინისტრმა. გიორგი გახარია ამბობს, რომ იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მიცემს, სადაც პოლიციელი არ და ვერ არის დაცული. მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ მარტივი მიზეზის გამო არ აფასებს, რომ მუშაობენ ინსტიტუტები და ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის ფუნქციას.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ, ყველა - შს სამინისტროს თანამშრომლები, ხელმძღვანელობა და ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქე, უნდა იყოს უკომპრომისო. ასე რომ, იმ საზოგადოების, სადაც პოლციელი არ და ვერ არის დაცული, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მიცემს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის და პოლიციის მაღალჩინოსნის დაჭრას ოპოზიცია ეხმაურებიან და ქვეყანაში კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა, გაუაზრებელი ამნისტიით, პოლიციის დემორალიზებით და „კანონიერი ქურდების“ წახალისებით ძირი გამოუთხარა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას. მისი თქმით, თუ არ გადაიდგა დროული ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ უკონტროლო მდგომარეობას.
„საჭიროა პოლიციის გააქტიურება. 2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო და მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, ვერც სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და სერიოზული ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
მისი თქმით, პოლიციის დემორალიზების ნაცვლად, საჭიროა მისი გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა.
„საზოგადოების დაკვეთა გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა და საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას. არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება მოვახდინო, ან პანიკის საფუძველი შევქმნა, უბრალოდ ამ მდგომარეობას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ბრალდებას არ იზიარებს მმართველი გუნდი და გაზრდილ კრიმინალს იმით ხსნის, რომ დღეს მედიაში ფაქტის უფრო აქტიურად ტირაჟირება ხდება, ვიდრე აქამდე იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებაში აზრი ყალიბდება, თითქოს კრიმინალი გაიზარდა და უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო.
„ეს ბრძოლა აქტიურია, მაგრამ ალბათ, უფრო აქტიური თუ იქნება, ამაში არაფერი იქნება ურიგო. კრიმინალი დამახასიათებელია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ მედიაში მისი ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებაში აზრი ყალიბდება, თითქოს კრიმინალი გაიზარდა და უფრო მეტია, ვიდრე იყო აქამდე. საუკეთესო გამოსავალი მოდუნება არ იქნება, საჭიროა ბრძოლა ყველა კანონიერი რესურსით, რაც ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.