თურქეთმა საქართველოსთვის საზღვრის გადაკვეთის ახალ რეგულაცია ჯერჯერობით შეაჩერა. ამიერიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეეძლებათ უპრობლემოდ გადალახონ მეზობელი ქვეყნის საზღვარი, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია უძღოდა. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, მოითხოვდნენ, გაუქმებულიყო ის რეგულაციები, რომლებიც პირველი იანვრიდან თურქეთმა აამოქმედა.
მეზობელი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება. პირებს, რომლებიც დღის განმავლობაში გადაკვეთენ საზღვარს და უკან დაბრუნდებიან, თურქეთის ტერიტორიაზე გატარებული რამდენიმე საათი ერთ დღედ ჩაეთვლებათ. არსებული კანონმდებლობით კი, ვიზით ან უვიზო რეჟიმით თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ახალი რეგულაციების შედეგად, პირებს, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ და თურქეთში მუშაობენ, ბინადრობის ნებართვის აღება მოუწევთ, რადგან ამ საბუთის გარეშე მხოლოდ 90-ჯერ შეეძლებათ საზღვარზე გადასვლა. აქედან გამომდინარე, ისინი მხოლოდ 3 თვის განმავლობაში მოახერხებენ სამსახურის შენარჩუნებას, რადგან ყოველდღიურად საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მაქსიმუმ 90-ჯერ მიეცემათ.
აქციის მოონაწილეებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას, აწარმოოს მოლაპარაკებები თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. მათი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.
„ათასობით ადამიანი დავდივართ სამუშაოდ თურქეთში. ამ რეგულაციების შემდეგ, ფაქტობრივად, უმუშევრები ვრჩებით. ამიტომ, საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, მოლაპარაკებები დაიწყოს თურქულ მხარესთან, რათა ჩვენ ისევ შევძლოთ მუშაობა. ამდენ უმუშევარ ადამიანს საქართველო ვერ დაასაქმებს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
დღის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელ იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები. შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართვისა და საკითხის მხარდაჭერის კუთხით.
გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარიძემ.