12 იანვარს, ბალაკანის სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ევროკავშირი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ევროკავშირი თვლის, რომ აზერბაიჯანში ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით და სასამართლო ხელისუფლების მიმართ სერიოზულ კითხვებს იწვევს.
„საქართველოდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და აზერბაიჯანში მისი შემდგომი დაკავება და დაპატიმრება კვლავ სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს. ადამიანების ძირითადი უფლებების განხორციელების გამო, დაპატიმრების ყველა საქმე აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებოდა. მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. პროკურატურა აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუხთარლის ქართველ ადვოკატს არჩილ ჩოფიკაშვილს გამჭვირვალე გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯის იმედი არ აქვს. არგუმენტად კი ძიების პროცესის გაჭიანურება მოჰყავს. როგორ ადვოკატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ძიება საქართველოში 8 თვეა მიმდინარეობს, არაფერი შეცვლილა და შედეგიც არ არსებობს. რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ საქმეს, ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლის საქმეს სტრასბურგმა პრიორიტეტი მიანიჭა.
„ეს ადამიანი იმყოფება არაადამიანურ პირობებში. მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და იმედია, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით მოხდება ამ ადამიანის უფლებების აღდგენა. ფაქტია, რომ მიუხედავად არაერთი საერთაშორისო კომენტარისა, ქვეყნის შიგნითაც ჩავარდნების აღიარებისა, დღემდე წინ ნაბიჯი არ გადადგმულა. რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მცირეა იმედი იმისა, რომ ობიექტური გამოძიება მოხდება ამ საქმისა“, – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
ევროკავშირის მხრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნას უკვე მოჰყვა შეფასება თბილისში. ოპოზიცია პასუხგაუცემელი კითხვების არსებობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მუხთარლის გატაცების რეზონანსული საქმე მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მუხთარლის გაუჩინარების საქმეში ჩართული იყო სახელმწიფო.
„ამ კრიმინალში, პრაქტიკულად, მონაწილეობს სახელმწიფო. ის დანაშაულის შემოქმედიც იყო და ამ დანაშაულის დაფარვაშიც რეალურად არის თავად ჩართული. ამას მოწმობს არა მხოლოდ ოჯახის განცხადებები - რომ პრემიერი კვირიკაშვილი მონაწილეობს ამ დანაშაულში, არამედ მთელი რიგი ფაქტებისა“, – ამბობს ნინო კალანდაძე.
მუხთარლის საქმის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს სახელმწიფოს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, ამ 8 თვის განმავლობაში, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, რომ ამ საქმის გადადება სახელმწიფოსთვის არაფერს კარგს არ მოიტანდა და ჩრდილს მიაყენებდა საერთაშორისო რეპუტაციას, ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა.
„შეეცადა, რომ მიეჩქმალათ ეს ამბავი. ამ დროს არ იჩქმალება ასეთი ტიპის საქმეები, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან რეზონანსული და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ 6 თვის წინ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე კითხვები აქვს გამოძიებისათან და ასევე, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც აინტერესებს, ვიცე–სპიკერს, გია ვოლსკის, რომლის განცხადებით, გამორიცხულია მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრებოდეს. მისი თქმით, მუხთარლი საკმაოდ დიდი ხანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდად ცხოვრობდა საქართველოში.
„მის მიმართ არც პრეტენზია ყოფილა და არც მისი სახელი გაგვიგია, როგორც რაღაც პოლიტიკური მოღვაწის. წლების განმავლობაში ჟურნალისტი მუშაობდა საქართველოში, მუშაობდა აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამის თაობაზე არავის გვსმენია. ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა და არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, კომპეტენტური პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ. რაც შეეხება აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე არც კომპეტენტური ვარ და არც ჩემი პოზიციიდან მმართებს ამის შეფასება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.