პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელში შესატანი ცვლილებებიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ვეტო დაადო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით.
მარგველაშვილმა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება - ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება და შესყიდვებთან დაკავშირებული ცვლილება. მისივე თქმით, რეკლამის განთავსებასა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხი კანონპროექტში არ არის ადეკვატურად გაწერილი.
„სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ, უქმნის პრობლემას როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და მათი საქმიანობის ნაწილია. ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წლიდან“... - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს სარეკლამო ბაზარზე, პრობლემურია, რადგან როდესაც პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება.
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, კიდევ ერთხელ იმსჯელოს ვეტოსთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და საკმაოდ დაბალი რეიტინგი, მომზადებული ცვლილებები კი სწორედ მისი რეიტინგის ზრდის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
„ჩვენი ამოცანა არის, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიზაროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ჩანს, თემა კვლავ საკამათოა საპარლამენტო უმრავლესობისთვის - უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას.
ქანთარიას თქმით, დეპუტატთა ის ნაწილი, რომელმაც კანონპროექტს ხმა არ მისცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ქანთარია არც იმას გამორიცხავს, რომ უმრავლესობაში შეთანხმება შედგეს.
დამოუკიდებელი ტელეკომპანიები თვლიან, რომ პრეზიდენტი საზოგადოების განწყობას გამოხატავს - როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის, არასამთავრობო სექტორის და საღი აზრის შემცველი შენიშვნები,
„უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ კანონს“, - აღნიშნა ჯანგირაშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტის ცვლილებების მოწინააღმდეგეები შეეცდებიან დარჩენილ დროში უმრავლესობა დაარწმუნონ, რომ ცვლილებები ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული.
„ჩვენ ვაპირებთ ერთობლივი განცხადების გავრცელებას უახლოეს დღეებში. გვინდა ინდივიდუალურადაც, ჯგუფურადაც დაველაპარაკოთ მათ, შევხვდეთ, ვთხოვოთ შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან. გვინდა მათ ვთხოვოთ, რომ მოგვისმინონ, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კარგი იქნება მედიისთვის. ამ გადაწყვეტილებით სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ზარალდება. შესაძლებელია უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის იქნება ნორმალური, შევეცდებით ამაში დეპუტატები დავარწმუნოთ“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობნო სექტორს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს საფუძვლიანად გაეცნობა და კანონმდებლები პრეზიდენტის მოსაზრებებს გაიზიარებენ.
„ჩვენ არ გვინახავს მოტივირებული დასაბუთება, თუმცა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ კარგია, რადგან ვეტოს გამოყენებით პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, თავიდან მიუბრუნდეს ამ საკითხს. ვფიქრობთ, რომ ამ ვეტოს დადება არ არის იდენტური წინა შემთხვევებთან, ვინაიდან ამ შემთხვევაში წამყვანმა კომიტეტმაც უარი უთხრა სამივე მოსმენაზე ამ პროექტს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ვიმედოვნებთ, პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, იქნება დისკუსია, მსჯელობა და ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვევაში ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ პარლამენტს და ვისაუბროთ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
გარდა ამისა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.