ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი

ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი

ახალი წელი ის ტრადიციაა, რომელსაც უძველესი დროიდან დღესასწაულობენ. ამ დღეს მთელი მსოფლიო სხვადასხვანაირად აღნიშნავს. თითოეულ ქვეყანას საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და წესები გააჩნია.

სპარსელები საახალწლოდ ერთმანეთს უცვლიდნენ კვერცხს, იცვამდნენ ახალ ტანსაცმელს, ეზოებში ანთებდნენ კოცონს, რომელსაც გადაახტებოდნენ, რათა განწმენდილიყვნენ. დღეს ირანში საახალწლო სუფრაზე აუცილებელია შვიდი თავი კერძი. უამისოდ, იქაური რწმენით, ახალ წელიწადს ბედნიერება არ იქნება.

ჩინეთში იმპერატორი მზის ამოსვლამდე მიდიოდა ტაძარში. სასახლეში დაბრუნების შემდეგ კი მილოცვებს იღებდა. სამეფო ტახტთან გაკრული იყო ლოზუნგი: “იმეფოს იმპერატორმა ათი ათასი და ათჯერ ათი ათასი წელი”. საახალწლოდ თეთრი ფერით იმოსებოდნენ. იტალიელი მოგზაურის, მარკო პოლოს ცნობით, მეფისათვის უნდა მიერთმიათ ასი ათასი თეთრი ცხენი. საახალწლოდ ზოგან ორი-სამი დღით ადრე იკეტება მაღაზიები. ზოგ დაწესებულებაში ორი კვირით ადრე წყდება მუშაობა. მათი რწმენით, ქუჩაში ხნიერი კაცის შეხვედრა კარგის მომასწავლებელია, ქალისა კი—ცუდის.

იაპონიაში ყველა ცდილობს საახალწლოდ ვალის გასტუმრებას. სახლებს რთავენ ბამბუკის ღეროებით, ანანასის ფოთლებითა და ტოტებით. ბამბუკი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, ანანასი კი წარმატებისა. არ შეიძლებოდა სუფრასთან ოთხი კაცის დაჯდომა, რადგანაც, სიტყვა ოთხი და სიკვდილი ერთნაირად გამოითქმებოდა. აკრძალული იყო საქონლის ხორცის ჭამა. სუფრაზე პირველად წყალს სვამენ - ადამიანი წლის განმავლობაში ჯანმრთელი იქნებაო. აუცილებელია ბრინჯის ფაფა, ჩაი, მაკარონი, ბრინჯის ღვინო, ბარდა ჯანმრთელობისა და ჭანარი, როგორც ძალის სიმბოლო. თუ ბავშვი დაიბადებოდა 31 დეკემბერს, პირველ იანვარს იგი უკვე მეორე წელიწადში იყო გადამდგარი.

ვიეტნამში საახალწლოდ ერიდებიან დავას, მოინახულებენ ნათესავებს, ახლობელთა საფლავებს, ბაზარში ვაჭრობენ იაფად, რათა მთელ წელიწადს იაფობა იყოს.

ავღანეთში მინდვრად პირველი მეფე გადიოდა და გუთნით პირველ ხნულს ავლებდა. ამ ქვეყანაში ქალები ცალკე ეგებებიან ახალ წელს. მამაკაცები სვამენ ხილის წვენს, ღვინო აკრძალულია.

ინდოეთში აკრძალულია ჩხუბი და აყალმაყალი. ყველა ცდილობს ერთმანეთთან თბილი და ლმობიერი იყოს.

ბირმაში ახალი წლის დადგომა ყველაზე ცხელ დღეებს ემთხვევა, ამიტომ ნაცნობებსა და უცნობებს წყლით წუწავენ. ასევე იცოდნენ საბერძნეთში და აზორის კუნძულებზე.

თურქეთში ახალი წლის ღამეს ცოტა ხნით ქრება შუქი და თანამესუფრენი ერთმანეთს კოცნიან. სუფრა 30-40 კერძისაგან მაინც უნდა შედგებოდეს.

ინგლისში ყვავილებით რთავენ სახლებს. არავის არ ეპატიჟებიან, მაგრამ ყველას აქვს უფლება შევიდეს უცნობთანაც კი. სუფრაზე დელიკატესად ითვლება გედი, რომელიც სამეფო ფრინველად ითვლება. ბრიტანეთში მეოცე საუკუნემდე ერთი ორიგინალური ჩვეულება არსებობდა. ვინც წლის ბოლოს დაიფიცებდა, რომ მთელ წელიწადს არ წაჩხუბებია მეუღლეს, ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს. 1144 წლიდან 1908 წლამდე ამგვარი ჯილდო რვა მამაკაცს მიუღია.

საფრანგეთში მეღვინეებს სწამდათ, რომ ღვინო სულიერი არსებაა და არ შეიძლება მისი დავიწყება. ამიტომ ახალი წლის ღამეს მივიდოდნენ კასრთან, სამჯერ დააკაკუნებდნენ მასზე და ეტყოდნენ - ძვირფასო ღვინოვ, არ დაგივიწყეთო.

იტალიაში ღამის 12 საათზე ფანჯრიდან ყრიან ნახმარ ჭურჭელს, ავეჯს. სწამთ, რომ თუ ძველს მოიცილებენ, ახალს უფრო შეიძენენ.

ავსტრიაში, ისევე როგორც გერმანიაში, სასიკეთოდ ითვლებოდა ბუხრის მწმენდელის დანახვა. კარგი ნიშანი იყო აგრეთვე ღორი, ნალი და სოკო. ესპანეთში ავ სულს გზას უღობავენ მახეებისა და ხაფანგების დადგმით. ისევე როგორც საქართველოშიც, მას აფრთხობდნენ თოფების სროლით.

დანიაში თოვლისაგან აკეთებდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ფიგურებს და დამთვალიერებლებისაგან იღებდნენ ფულს, რომელსაც ზამთრისაგან დაზარალებულ და შევიწროებულ ხალხს ურიგებდნენ. ახალგაზრდები სახლის კარს აბრახუნებენ და ოჯახს ახალი წლის დადგომას ყვირილით ულოცავენ.

შვეიცარიაში ახალი წლის ღამეს რომელიმე მამაკაცი ყვავილებით მორთულ კუბოში წვებოდა, “მიცვალებულს” საზეიმოდ დაატარებდნენ ქუჩებში და მღეროდნენ: “ის მოკვდა, ის მოკვდა”. შემდეგ „მიცვალებული“ კუბოდან ამოხტებოდა და პროცესიას უერთდებოდა.

ნორვეგიაში ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ თივით გატენილ გრძელწვერა თხას—იულესვენს, რაც წარმართული დროიდან მოდის.

შვეციაში ყველა ქალაქი ირჩევდა თავის დედოფალს, რომელიც ხალხში დადიოდა და საჩუქრებს არიგებდა.

უნგრეთში საახალწლო მილოცვისას თუ ვინმე მოიღუშებოდა, ყურთან ბუკს მიუტანდნენ და ჩაჰყვიროდნენ. დღემდე არ მიირთმევენ ფრინველის ხორცს, რათა ბედნიერება ხელიდან არ გაუფრინდეთ. საუკეთესო კერძად ითვლება თაფლით შეზავებული ნიორი.

რუმინეთში ამზადებენ ღვეზელებს, რომლებშიც დებენ ხურდა ფულს, ბეჭედს, წიწაკას. ფული და ბეჭედი ბედნიერების სიმბოლოა, წიწაკა კი უბედურებისა.

განაში საახალწლოდ ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.

პანამაში ახალი წლის დადგომისას ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ხმაური ატეხოს ყველაფრით, რაზეც კი ხელი მიუწვდება.

კუბაში ღამის 12 საათზე ფანჯრებიდან ასხამენ წყალს და გამვლელებს უსურვებენ ნათელ, წყალივით გამჭვირვალე გზას. საახალწლოდ ყველამ უნდა იგემოს ყურძნის მარცვალი.

კოლუმბიაში ყველა ცდილობს ერთმანეთის მოტყუებას, როგორც ჩვენში პირველ აპრილს. ხელებსა და სახეს იღებავენ. ღამის 12 საათზე გაისმის აფეთქების ხმა და ძველი წელი ნაგლეჯებად იფანტება—ეს არის დიდი თოჯინა, ძველი წლის განსახიერება.

აშშ-ში შემორჩენილია ის ტრადიციები, რომლებიც ევროპელმა კოლონისტებმა შეიტანეს, ზოგი რამ კი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. ნიუ-იორკის ტაიმს-სკვერში ღამით თავს იყრის უამრავი ხალხი. 20 მეტრიანი ანძის წვერიდან, რომელიც ერთ-ერთ ცათამბჯენზე დგას, ნელა ეშვება პროჟექტორის სხივებით განათებული ვეებერთელა საჰაერო ბურთი. ზუსტად პირველის პირველ წუთზე ქრება შუქი და, 1904 წელს მიღებული წესით, ხალხი ხმამაღალი ყვირილითა და ხმაურით ხვდება ახალ წელს.

ისვრიან ტკაცუნებს. ბევრი აწყობს “ღია კარის დღეს” და სტუმრებს სთავაზობს ცხელ პუნშს. ეს ჩვევა ნელ-ნელა იკარგება, გასულ საუკუნეში კი ისე იყო გავრცელებული, რომ გაზეთები აქვეყნებდნენ იმ ოჯახების სიებს, რომლებიც ასეთ დღეს აწყობდნენ. 1 იანვარს ეწყობა უნივერსიტეტის გუნდების მატჩები ამერიკულ ფეხბურთში. ქალაქ პასადენაში თამაშს წინ უძღვის „ვარდების ტურნირი“.