წლის ადამიანი – უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წლის ადამიანი – უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” მენეჯმენტის, ჟურნალისტებისა და ტრადიციული რესპოდენტების გამოკითხვა წლის ადამიანის დასადგენად 1999 წლიდან ტარდება. წელს ამ გამოკითხვის შედეგად საუკეთესო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  აღმოჩნდა. მეორე – ოლიმპიური და წელს უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, მსოფლიო რეკორდსმენი, პლანეტის უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძე. მესამე – თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე.

რესპოდენტებმა საკამაოდ საინტერესო ათეული დაასახელეს. არც სხვა თვალსაჩინო პიროვნებები გამორჩენიათ და გაზეთი მათ ვინაობასაც გამცნობთ.

ამ გამოკითხვისას მისი თითოეული მონაწილე ასახელებს წლის სამ საუკეთესო პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დგინდება გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ოცეული. გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში.

გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, გაზეთის ჟურნალისტებმა, მენეჯმენტმა და რესპოდენტებმა დაასახელეს ”წლის ადამიანი”. გამოიკვეთა პირველი სამეული და ათი საუკეთესო.

გთავაზობთ, აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. პიროვნებები სიაში დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

– სხვადასხვა წელს, 1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ”ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

– ედუარდ შევარდნაძე

– ნინო ანანიაშვილი

– გიორგი კანდელაკი

– ილია II (ექვსჯერ)

– მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)

– ზურაბ ჟვანია

– გიგა ბოკერია

– ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)

– თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები

– ლაშა ტალახაძე

გაზეთი ”ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ გამოკითხვის ფავორიტების ათეულს, გილოცავთ შობა–ახალწელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

1. ილია II   

70-იანი წლების დასაწყისში ბოლშევიკური ექსპერიმენტის წარუმატებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოიკვეთა. ედუარდ შევარდნაძის ამბოხი სისტემის წინააღმდეგ საბჭოური კორუფციის ტალღით წაირეცხა. 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში ნავთობისა და გაზის გაყიდვით ამონაგებზე დაყრდნობით სულმოუთქმული მოსახლეობა, 80-იანი წლების დასაწყისში ახალი, პერმანენტულად მზარდი და გაღრმავებადი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში ქართულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესი ილია II .

ქართულ, მითოლოგიზაციისკენ მიდრეკილ ცნობიერებას მესიებისა და მოსეს მარადიული ძიებაც ახასიათებს. ჩვენ ცოდვილებს, ვერ გვიცვნია და შეგვიცვნია არამარტო მაცხოვარი, უფალი ჩვენი, არამედ ჭეშმარიტი და რეალური სულიერი წინამძღოლი.

ორმოცი წელია მტკიცედ დგას ერისა და სულიერების სადარაჯოზე. ორმოცი წელი, ვითარცა მოსე, საბჭოურ თუ პოსტსაბჭოურ უდაბნოში თავისუფლების ხვატით და უკიდურეს შეჭირვებაში მყოფ მოძმეებს ამხნევებს და ძალას ჰმატებს.

არც საბჭოთა საქართველოს ლიდერებს და არც მერე დამოუკიდებელი საქართველოს წინამძღოლებს (ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი), არც ერთს იგი გულზე არ ეხატება, თუმცა ყველა აღიარებდა და პატივს სცემდა.

ფინალში – კინაღამ მოვწამლეთ (ერთმა უფალმა იცის, რეალურად რა მოხდა). ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობით დაინტერესებულ ყველა მსოფლიო მოთამაშეს, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის სათავეში „თავისიანის” ხილვა სურს.

და განა ჩვენ, უბირნი გავიგებთ მის ღვაწლსა და ფასს?

მავანს რუსეთთან მისი რბილი და მოქნილი პოლიტიკა აღიზიანებს.

მავანს მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილი მეუფეების დესანტის ბრძნული და პრაგმატული პოზიცია აშფოთებს.

მან იცის მხოლოდ რაოდენ საფრთხილოა ამ აჭრილ და აზვირთებულ მსოფლიოში ჩვენი ძირძველი და გაცოტავებული ერის წინამძღოლობა.

ზოგიერთები ვთხოვდით და მას უკეთ ესმოდა, ჩვენზე უკეთ, რომ თანამოსაყდრის დასახელება დაამშვიდებდა სიტუაციას. ის ასეც მოიქცა და შექმნა ახალი მოცემულობა, რომელიც გამორიცხავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაშლას და დასუსტებას, რაზეც ესოდენ ოცნებობენ მრავალი წელია მავანნი. მისი მოღვაწეობა არის სახე, მაგალითი ჩვენი ეროვნული მისწრაფებების, პროქართულობის და პროდასავლურობის, ყველა შინა და გარე მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრების.

ჯანმრთელობა, ნაყოფიერი ღწვა და დღეგრძელობა უწმიდესო!

2.  ლაშა ტალახაძე

საჩხერელი სპორტსმენი შარშან ოლიმპიური ჩემპიონი, წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ნიჭიერების, მიზანსწრაფულობის და ნებისყოფის უდრეკობის სიმბოლო მოწოდებულია, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო. გვაიმედებს, რომ თუ ჩხერიმელას ნაპირებზე და მოდი ნახეს მიდამოებში გაზრდილები პირველები არიან საქართველოში და მსოფლიოში, ზოგი ფულით, ზოგი გულით, ზოგი ღონით ამ ლოგიკით ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც ერთ ათ წელიწადში უნდა ვივარაუდოთ, რომ საჩხერის „ჩიხურა” გახდება.

3. კახა კალაძე 

ვინც მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავის პოლიტიკოსობას სკეპტიკურად შეხვდა, უკვე დაფიქრება მოუწევს. უბრალოდ, თბილისის მერის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის თვალშისაცემად გაიზარდა, პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი სერიოზული უნარ-ჩვევები გამოავლინა და უკვე ვეღარავინ ვეღარ ბედავს მის მერობაზე იქედნურად საუბარს. დასაწყისია კარგია, თუ არისტოტელეს ვენდობით, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ თბილისის მერია მისი ბოლო გაჩერება არ არის.

4. ბიძინა ივანიშვილი

ცდება ვინც ფიქრობს, რომ ის არაფორმალური მმართველია. ის ფაქტობრივი მმართველია და თავისი ისტორიული მისია აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე შესასრულებელი. რა თქმა უნდა, არაფორმალური ასპექტი მისი მმართველობის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია და ეს მას კარგად აქვს გაცნობიერებული. მაგრამ რაა ალტერნატივა? ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთისა და თუნდაც სტავროპოლის მხარის რეალობაში დაბრუნება? თუ სინგაპური, თავისი მკვიდრი მოსახლეობის 13%-იანი შემადგენლობით და ავტორიტარიზმით განვითარებულ ეკონომიკასთან ერთად?

მაგრამ ალტერნატივა არ აქვს:

- საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციას;

- ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს;

- „პანორამა თბილისს”.

უბირებს უნდათ ივანიშვილმა ამ ქვეყანაში მარტო ხარჯოს და მის არცერთ პროექტს ბიზნესის ელემენტები არ ჰქონდეს.

ის აკეთებს და დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, გააკეთებს თავის საქმეს.

5. მიხეილ სააკაშვილი 

საქართველოში ძებნილმა ექს-პრეზიდენტმა გვარიანად შეარყია უკრაინა – 45 მილიონიანი, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა.

ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს, ვირტუოზულად და შესაძლოა, ვირტუალურადაც ურთიერთობს მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყნის უძლიერეს სპეცსამსახურთან. თუ ორმაგი თამაშისთვის დამახასიათებელმა ორმაგმა საფრთხემ არ შეიწირა, ისევ რეზონანსული პოლიტიკური ფიგურა გახდება. ივანიშვილს კი ურჩევნია გაითვალისწინოს ძველი სიბრძნე: სჯობს მგელი კარავში გყავდეს, ვიდრე კარავს გარშემო ურბენდეს და არ იცოდე როდის შემოგივარდება…

6. ნათია თოდუა 

უნიჭიერესი სოხუმელი დევნილი გოგონა, რომელიც გიორგი გაბუნიამ სამარცხვინო და სასაცილო მომღერლად შეაფასა, გერმანული „ვოისის” ტრიუმფატორი გახდა.

ძალიან მაგარი გოგო!

როგორც ჰოლივუდის ერთ კინოშედევრშია –  მთავარია გქონდეთ ოცნება და გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, რამეთუ ისინი შეიძლება ახდეს.

7. ზაზა ფაჩულია 

თბილისელი დევგმირი მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის NBA-ს ჩემპიონი გახდა. გაცილებით მეტ ჰონორარზე უარი თქვა „გოლდენ სტეიტ უორიორსის” შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონობის პერსპექტივის გამო. მაგალითი მებრძოლი ბუნების, კეთილშობილების, ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩვენი ახალგაზრდების გატაცების, მათთვის სამაგალითო ქართველი.

8. გიორგი კვირიკაშვილი 

პრემიერ-მინისტრისთვის ურთულესი წელი წარმატებით დაასრულა. მთავრობის მეთაურის პოსტიც შეინარჩუნა და თავისი ღირსებაც დაიცვა, რა თქმა უნდა, სკაბრეზული გამოთქმები თავად მას ღირსებას არ მატებს, მაგრამ, როცა შენი ღირსება ეჭვქვეშ დგება, ქართველი, თან სიღნაღელი, ქიზიყიდან, ანუ უბატონო ქვეყნიდან, არავინ იცის თავხედობას როგორ, რა ქმედებებით და რა სიტყვებით აღკვეთს.

უდავოდ დასავლური ყაიდის, პროგრესული ხედვების მქონე მთავრობის მეთაური ჰყავს საქართველოს.

9. ივანე გოლოშვილი 

თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ქვეყნისთვის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გმირულად დაღუპული ვაჟკაცია. ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი სიმშვიდე და უკეთესი მომავალი.

10. ქეთი დევდარიანი 

„რუსთავი2”-ის ყველაზე რეიტინგული სერიალის სცენარისტი. კარგად მოვარაყებულ სარკეში ჩაგვახედა, ,,რუსთავი2”-ისგან განსხვავებით, ეს სარკე მრუდე არასდროს არის. ჩიკას, ბარხატაშვილების და ქალთევზაშვილების ისტორია კი ჭეშმარიტად ქართული ამბავია, საყურებლადაც საინტერესო და თავშესაქცევი.