რატომ იბლოკება ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული პრეპარატი?!

რატომ იბლოკება ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული პრეპარატი?!

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ქართველმა მეცნიერებმა ბიოლოგიურად სუფთა, ადამიანისა და გარემოსთვის უსაფრთხო პრეპარატი შექმნეს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან წააწყდნენ წინააღმდეგობას. რატომღაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ურჩევნია თურქეთიდან შემოიტანოს „ბიფენტრინის“ ჯგუფის გაურკვეველი შინაარსის პრეპარატი, ვიდრე ქართველ მეცნიერებს დაეხმაროს გლობალური მიზნის მიღწევაში. ტოქსიკური „ბიფენტრინი“ კი ფაროსანასთან ერთად, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობას, ისე ადამიანების ჯანმრთელობასაც დიდ ზიანს მიაყენებს.

საქართველოში წარმოებული და მიჩქმალული ახალი პრეპარატის შესახებ For.ge-ს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ჭირაქაძე ესაუბრა.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა, 2016 წელს კი თხილის მოსავლის დიდი ზარალი გამოიწვია. ხომ არ სჯობს ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ ზამთარში, როცა მას სძინავს, რადგან ერთი ფაროსანას განადგურება 200-მდე ფაროსანას მოსპობას ნიშნავს? რომელი პრეპარატია განსაკუთრებით ეფექტური ფაროსანასთან საბრძოლველად?

- ფაროსანასთან ბრძოლა, პრაქტიკულად, განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს. როდესაც ფაროსანა გამოიზამთრებს, იგი ცოტა ძნელად მიღწევადია, მაგრამ უძრავადაა და, თუ დაზვერავ და გაიგებ მისი განთავსების ადგილებს, ბევრად ადვილი მოსასპობია. ამიტომ მართალი ბრძანდებით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ტოქსიკური პრეპარატების გამოყენებით. საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ სავსებით არ არის დაცული პრეპარატ „ბიფენტრინის“ ინსტრუქციის მოთხოვნები, რომელიც ძალზე მკაცრად არეგულირებს ამ პრეპარატის გამოყენებას. მით უმეტეს, რომ ეს პრეპარატი გახლავთ მეორე კლასის ტოქსიკანტი. მოგეხსენებათ, ეს მაღალი კლასია და ადამიანისთვის საშუალო ტოქსიკურობად ითვლება. ეს პრეპარატები ძალზე ტოქსიკურია ფუტკრისთვის, ფუტკრის მნიშვნელობა კი საქართველოს ბუნებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობისთვის შეუფასებელია. ამასთან, აღნიშნული პრეპარატი პოტენციური კანცეროგენია, რაც ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ის ადამიანისთვისაც კანცეროგენურია. ასევე, რეპროდუქციულ, ანუ გამრავლების სისტემასა და ენდოკრინულ, ანუ ნივთიერებათა ცვლაზეც მოქმედებს. მოკლედ, ძალიან რთული პრეპარატია. ამიტომ მისი მოხმარება ზუსტად რეგლამენტირებული უნდა იყოს. აშშ-ში პირდაპირ წერია ყველა ინსტრუქციაში, რომ ამ ინსტრუქციის დარღვევა ფედერალური კანონმდებლობის დარღვევის ტოლფასია, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

როდიდან გამოიყენება ეს საშიში პრეპარატი?

- ეს პრეპარატი დიდი ხანია, 90-იანი წლებიდან არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოწმდება ეს პრეპარატი. არსებობს პირეტროიდების ტიპის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების, სხვადასხვა არეალისაა და გამოყენების წესიც ზუსტად არის მიბმული პრეპარატის კონკრეტულ თვისებებზე. ასეთი პრეპარატის ინსტრუქცია 20-დან 30 გვერდამდე წვრილი შრიფტით დაწერილს ითვლის. ჩვენთან კი მოქმედებს ინსტრუქცია, რომელიც მხოლოდ 4-გვერდიანია, იქიდანაც ორი გვერდი შესავალი და დასასრულია. ანუ, ფაქტობრივად, ორგვერდიანი მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი ინსტრუქცია გვაქვს. ცხადია, ეს ინსტრუქცია ამ პრეპარატის სწორ გამოყენებას ვერ უზრუნველყოფს. არ დაგვავიწყდეს, რომ პრეპარატი ძალზე ტოქსიკურია თევზებისა და წყლის ყველა ორგანიზმისთვისაც. ამიტომ მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს ისე, რომ წყალი არ ჩაიღვაროს ჭაში, სანიაღვრე წყლები არ ჩაიღვაროს და ა.შ. ეს დიდი პრობლემაა და არ შეიძლება მისი უბრალოდ გაფრქვევა ჰაერში, მოხვედრა ადამიანის ტანსაცმელზე, სახლებში, დიდ ფართობებზე მისი დასხურება იატაკზე, კედლებზე.

.. ეს პრეპარატი სპეციალისტებმა უნდა გააფრქვიონ ჰაერში და არა უბრალო გლეხებმა?

- მე სულ მომყავს აშშ-ის მაგალითი, სადაც მოქმედებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, მძლავრი ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებსაც კანონის ძალა აქვს. მათი რეკომენდაციით, აუცილებელია, პრეპარატი გააფრქვიოს კვალიფიცირებულმა, ინსტრუქტირებულმა პიროვნებამ. როდესაც ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტო გვეუბნება, რომ 210 ათას, თუ გინდაც, 21 ათას ოჯახს დაურიგეს პრეპარატი, ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ, ამდენივე ათასი ინსტრუქტაჟგავლილი პიროვნება მაინც უნდა გააყოლონ. თუმცა როგორ მოასწრეს ინსტრუქტაჟის გავლა, ან ვინ გაატარა ასეთი ინსტრუქტაჟი? ან იმ მძღოლებს, რომლებიც დიდ მანქანებს ატარებენ და პირდაპირ მანქანიდან აფრქვევენ „ბიფენტრინს“, ვინ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი?

რა ჯდებაბიფენტრინისპრეპარატი და ანალოგიური პრეპარატები თუ არსებობს მსოფლიოში?

- მე არ ვიცი, ჩვენი სურსათის სააგენტო რა თანხად შეიძენს მას, მაგრამ მაღალხარისხიანი „ბიფენტრინი“ 4-ლიტრიან შეფუთვაში დაახლოებით 48 დოლარი ღირს. ჩვენს მიერ შეძენილი თურქული „ბიფენტრინი“ კი არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. ყურადღებით შევისწავლეთ ეს პრეპარატი, რომელსაც ასეთი სახელი ჰქვია - „ზონდერი“. ის შეძენილია თურქეთში და მის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან ეს ოთხგვერდიანი ინსტრუქცია ზოგადია, ფაქტობრივად, აქ ამოკრებილია ყველა ინსტრუქციიდან ზოგადი დებულებები. ამიტომ როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება, ვერ დავადგინეთ.

ჩვენი კეთილმოსურნე მეზობლების ინტერესებზე რომ ვიფიქროთ, შესაძლოა, ამზონდერისმეშვეობით დაწამლონ მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობა?

- ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რადგან დივერსიის მოსაწყობად ჩვენს ბუნებაში განფენილი ბევრად უფრო იოლი საშუალებები არსებობს. შესაძლოა, ამ პრეპარატის გამოყენება პირდაპირი დივერსია არ იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რადგან ადამიანი მაინც მეტ-ნაკლებად თავს იცავს მისი ზემოქმედებისგან, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ შეიძლება საშინელი დივერსია მივიღოთ. ამას ახლავს კიდევ ერთი საშიშროება. ფუტკრის პრობლემა მარტო თაფლი ხომ არ არის? ფუტკრის პრობლემაა, რომ მცენარეთა დამტვერვა აღარ მოხდება და ბუნება განადგურდება, თევზი განადგურდება. კიდევ არის ძალიან ბევრი სასარგებლო მწერი, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვა მავნებლებს ანადგურებს. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება წყალსატევების, ტბების, მდინარეების, სარწყავი არხების მახლობლად, უნდა იყოს დახურული ჭები. არასწორად გამოყენებული ეს პრეპარატი მხოლოდ ფაროსანას არ გაანადგურებს. როგორც ჩანს, ამ პრეპარატით ფაროსანასთან ბრძოლა მაინც არაეფექტურია საქართველოს კლიმატის გამო. დასავლეთ საქართველოში ძალზე ტენიანი კლიმატია. ამ ყველაფერს კომპლექსური და დეტალური შესწავლა სჭირდება და არა ის, რომ 70 ათასი ლიტრი შევასხურეთ, უკვე მარტიდან 360 ათას ლიტრს შევასხურებთ მაშინ, როცა არ გვაქვს ზუსტი ინსტრუქცია, არ გვყავს გაწვრთვნილი სპეციალისტები, არ გვაქვს ტანსაცმელი, რომელიც მათ უნდა ეცვათ. ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს სოფლებში იმდენად შეძლებულნი არიან, რომ ერთხელ რომ მოხვდებათ „ბიფენტრინი“ ტანსაცმელზე, იმ ტანსაცმელს მერე გაწმენდის გარეშე აღარ ჩაიცვამენ, ან იმ წუთშივე გაიხდიან. ათასი წვრილმანია. ამ მეთოდის შეცვლას სურსათის ეროვნული სააგენტო არც აპირებს, ჯიუტად როგორც დაიწყეს, ისე აპირებენ ამის გაგრძელებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოში, იქნებ, არ იციან, რომ უკეთესი პრეპარატებიც არსებობს, თუ არ სურთ ამის დანახვა?

- უბრალოდ, მათ ძალიან სურთ, უპატაკონ მთავრობას, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა. სხვათა შორის, პრესაში აგიტაციის გასაწევად გამოყოფილია სამი თუ ხუთი მილიონი ლარი. მეცნიერებისთვის კი არაფერია გამოყოფილი, გარდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამინისტროს კვლევითი ლაბორატორიების, რომლებიც თავიანთი პოტენციალით ბევრად ჩამორჩებიან ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, ილიაუნის მეცნიერულ პოტენციალს. რატომღაც სამინისტრო ყველაფერს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ავალებს, ისიც არეგისტრირებს პრეპარატს, ყიდულობს ამ პრეპარატს, მოიხმარს და მერე თვითონვე აფასებს შედეგებს, თუ როგორი „წარმატებით“ მოხდა ამ კამპანიის ჩატარება.

თუკი თურქულიზონდერიბევრად უფრო საეჭვოა, მაშინ რატომ არ შეიძინეს ამერიკულიბიფენტრინი“, მაღალ ფასს მოერიდნენ?

- ჩვენ უნდა შეგვეძინა ან ამერიკული, ან სხვა პრეპარატები. არსებობს პრეპარატები, რომლებიც, აგრეთვე, ტოქსიკურია, მაგრამ უფრო ეფექტურია, ვიდრე „ბიფენტრინი“. არსებობს ნაკლებად ტოქსიკურიც, რომელიც შეიძლება ნაკლებ ლეტალური იყოს ფაროსანასთვის, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები საზიანოა გარემოსთვის. უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ამდენი კვალიფიციური მომხმარებლის მომზადება შეუძლებელი იყო. ახლა უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს შესხურების პროცესს. თავიდანვე ასე უნდა გაეკეთებინათ და მოემზადებინათ კვალიფიცირებული პერსონალი.

ქართულ სოფლებში უბრალო მეთოდით ებრძვიან ფაროსანას, მათ შორის, ეფექტურია მუყაოს კონსტრუქციის გამოყენება.

- კარგია, რომ ნებისმიერი მეთოდით ებრძვიან. თავის დროზე, როგორც ჩინელებმა გაანადგურეს ბეღურები, რაც საბოლოოდ ცუდი აღმოჩნდა, ასევე უნდა მოხდეს მთელი მოსახლეობის მობილიზება ფაროსანას შესაგროვებლად და გასანადგურებლად. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში 70 ათასი ჯარისკაცია, ხოლო ფაროსანა, ფაქტობრივად, სტიქიური უბედურებაა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობას მთლიანი განადგურებით ემუქრება. ფაროსანას კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს, ძალიან ადვილად მიგრირებს და „ბიფენტრინით“ ერთ ადგილას რომ შეზღუდავ, გავრცელდება სხვა არეალზე. აღმოსავლეთ საქართველოში უკვე დაფიქსირებულია ძალიან ბევრი ადგილი, სადაც მომავალი გაზაფხულიდან „ბიფენტრინი“ და ფაროსანა ქართლსა და კახეთს, ანუ ჩვენს მეღვინეობასა და მეხილეობას დაემუქრებიან. ჩვენ დავრჩებით სოფლის მეურნეობის გარეშე. ამიტომ უნდა გაძლიერდეს ფაროსანას შეგროვების, მიტყუების და ყველა სხვა კომპლექსური მეთოდი. პრესას კი არ უნდა ვუხადოთ ამდენი ფული, რომ იძახოს, თურმე „ბიფენტრინი“ რა კარგი ყოფილა...

ახლა უფრო ძლიერი წამლის გამოყენებასაც აპირებენ, არსებობს თერმული ნისლის მეთოდი, ეს კიდევ უფრო საშიშია მწერებისა და ფუტკრისთვის. ეს არის წვრილად შეწონილი ნაწილაკი. ჰაერში მოდის ნისლის ტალღა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს, რაც ამ ტალღაში მოხვდება. ცხადია, გარემოზეც უფრო დიდი ზეწოლა იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ინსტრუქციებში შეფრქვევის ხელსაწყოებიც ზუსტად არის დეტალიზებული. ნებისმიერი ხელსაწყოთი არ შეიძლება ამ პრეპარატების გამოყენება. ავიაციას როდესაც იყენებ, უნდა იცოდე, თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგრძე, ჩვენთან კი ვერტმფრენით აფრქვევენ, რაც არ შეიძლება. ეს საქმე დილეტანტურად კეთდება. ყველა მონაცემებით, რომლებიც თვითმხილველებისგან გვაქვს მიღებული, საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი ნაკლებად ეფექტურია სწორედ პრეპარატის არასწორი გამოყენების გამო.

ბიფენტრინისშესხურებით 100%-ით ნადგურდება ფაროსანა?

- ნადგურდება, მაგრამ „ბიფენტრინის“ შესხურება მსხმოიარე მცენარეებზე არ შეიძლება. მსხმოიარედ ითვლება მცენარე, რომელიც იმ სეზონში მოგცემთ ნაყოფს. თუ თქვენ პრეპარატს შეასხურებთ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, იმ წელს იმ მცენარისგან ნაყოფს არ უნდა ელოდოთ. ამათ ისე შეასხურეს თხილის პლანტაციებს, რომ არც კი იცოდნენ თხილის მწარმოებლებმა, რომ ის თხილი იმ წელს ვერ გაიყიდებოდა.

იქნებ, საქართველოს პირობებში ფაროსანას იმუნიტეტი გამოუმუშავდა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი ხერხი არაეფექტურია?

- არა, ასე სწრაფად რეზისტენტობის აწევა არ ხდება. ეს შეიძლება ვივარაუდოთ „ბიფენტრინის“გამოყენების ორი-სამი წლის შემდეგ, როცა, რა თქმა უნდა, რეზისტენტობა გაიზრდება. საინტერესოა, მერე რა უნდა ქნან? უბრალოდ, ამ ეტაპზე არაეფექტურობა გამოწვეულია ამ პრეპარატის არასწორი გამოყენებით.

დარჩა ერთადერთი უნაკლო მეთოდი, რომ ნაპრალებში, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ხის ფუღუროებში, ტყესა და ბაღებში ჩამოცვენილ ფოთოლთა სქელი ფენის ქვეშ გავანადგუროთ ეს მავნებელი?

- ამ ეტაპზე ეს კარგი მეთოდია, მაგრამ ფაროსანას პრობლემა მრავალწლიანი, მუდმივი პრობლემაა. აშშ-ში 90-იანი წლებიდან ებრძვიან ფაროსანას და ახერხებენ მისი პოპულაციის კონტროლს, აქ არ არის საუბარი მის სრულ განადგურებაზე. უბრალოდ, ცდილობენ, ნაკლები ზიანი მიაყენოს მოსახლეობას. მით უმეტეს, რომ ფაროსანას რეზისტენტობა იზრდება ყველა ქიმიური, სინთეტიკური პრეპარატის, განსაკუთრებით, „ბიფენტრინის“ გამოყენების შემდეგ. თუმცა ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას რეზისტენტობის გაზრდა არ ხდება.

როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ადამიანისა და ბუნებისთვის უსაფრთხო ბიოლოგიური პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს. რას გვეტყვით ახალი პრეპარატის შესახებ?

- ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ვცდით პრეპარატს, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა და ფაროსანასთვის თითქმის იგივე ლეტალობა აქვს, როგორც „ბიფენტრინს“. თუკი „ბიფენტრინის“ ლეტალობა პირობითად შეიძლება იყოს 95-96%, ამ ბიოლოგიური პრეპარატის ლეტალობა 92-94%-ია, პრაქტიკულად, ისეთივე შედეგისაა, მაგრამ სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის.

ალბათ, ბევრად იაფიც დაჯდება, რადგან საქართველოშია წარმოებული.

- ჯერ კიდევ ცდის პროცესშია, მაგრამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის გაგონებაც არ სურს, რადგან მაშინ უნდა აღიარონ, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვეს. 15 დეკემბერს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა შეხვედრა, სადაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გამოვიდა და მისი მოხსენების შინაარსი ის იყო, თითქოს ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს. თუმცა იქ საინტერესო დეტალიც გაჟღერდა, რომ თურმე თხილისთვის სულაც არც იყო საჭირო „ბიფენტრინის“ შესხურება, რადგან ფაროსანათი მიყენებული ზარალი მხოლოდ 10% იყო და თხილის ზარალი ძირითადად გამოწვეული გახლდათ არასწორი აგროტექნიკური მიდგომებით. ე.ი. ქართველმა ფერმერმა არ იცის, როგორ გააშენოს თხილი. თუკი ფაროსანა ნაკლებადაა დამნაშავე, მაშინ რატომ ვასხურებთ თხილს „ბიფენტრინს?“ შევასხუროთ იმ მცენარეებს, რომლებზეც პრეპარატი ეფექტურად იმოქმედებს და, რომელიც სერიოზულად ზარალდება ფაროსანასგან. ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ „ბიფენტრინს“ იყენებენ არა მარტო გარეთ დასამუშავებლად, არამედ სახლების შიგნით, შენობებში, ღრიჭოებში, ფანჯრის რაფის გასწვრივ. ამას კიდევ ერთი დიდი პრობლემა ახლავს, „ბიფენტრინი“ ძალიან დიდხანს ძლებს კონკრეტულ ადგილზე. თუ მორეცხე, მის შესხურებას რა აზრი აქვს, ხოლო, თუ არ მორეცხე, მაშინ საშიშროებაა, რომ მოიწამლოს ბავშვი, ლეკვი.

საქართველოში წარმოებული პრეპარატის ავტორი ვინ არის?

- მისი ავტორი გახლავთ ბატონი რამაზ გახოკიძე, ცნობილი ქართველი მეცნიერი, სახელმწიფო პრემიისა და მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი. პირველი შედეგი ცალსახად აჩვენებს, რომ პრეპარატი არანაკლებ ეფექტური და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის. თუ საჭიროა, ჩვენ შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ, მცირე რაოდენობით შეუძლია დალიოს კაცმა და არავითარი პრობლემა არ შეექმნება. მაგალითად, იტალიაში ფართოდ გავრცელებულია ზემაღალსიხშირული დამასხივებლის გამოყენება, რომელიც ებრძვის პალმის ხეების გამანადგურებელ გრძელცხვირა ხოჭოს. ზემაღალსიხშირული დამასხივებლები მიკროტალღური ღუმელის პრინციპზეა აგებული და პირდაპირ ასხივებენ ხეებს, მათი გამოსხივება ხის ქერქში 10-15 სანტიმეტრის სიღრმეზე აღწევს. იქ შემძვრალი ხოჭოც იღუპება, ზედაპირზე მყოფ ხოჭოსთან ერთად. დამასხივებლების უპირატესობა მაღალია, რადგან, სანამ ასხივებ, კარგად ხედავ, რას ასხივებ. როგორც კი გამორთავ, არავითარი ნარჩენი არ აქვს. ჩვენთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაროსანას წინააღმდეგ ამ ხელსაწყოს გამოცდაც მიმდინარეობს, რასაც არც ისეთი დიდი სიმძლავრე სჭირდება და მცენარისთვის საშიში არ იქნება. თუმცა აქაც არავითარი დაინტერესება არ ჩანს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ეს სამუშაოები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, ინიციატივითა და ენთუზიასტების მონაწილეობით ტარდება.

თქვენი ინოვაციის უცხოეთში გატანა არ გიცდიათ?

- იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გავიტანოთ, უნდა დავასრულოთ მისი შექმნის ტექნოლოგიური ციკლი, გავიაროთ გამოცდები. უცხოელ კოლეგებს ვესაუბრებით ამის შესახებ, ისინი ძალზე დაინტერესებულნი არიან, მაგრამ, პირველ რიგში, გვინდა, ეს პრეპარატები მოვახმაროთ საქართველოს. უპირველესად საქართველოს მოსახლეობა და სოფლის მეურნეობა გვაღელვებს და ამის შემდეგ მთელი მსოფლიო. სულაც არ გვინდა, ეს გამოგონება გამოიყენონ უცხოელებმა და მერე არავის გაახსენდეს, რომ საქართველოშია წარმოებული. სამწუხაროა, რომ აგიტაცია-პროპაგანდისთვის 3 თუ 5 მილიონ ლარს გამოყოფ და უნივერსიტეტისთვის არაფერს იმეტებ, მით უფრო, როცა უნივერსიტეტი მოგმართავს და გეუბნება, რომ, პრაქტიკულად, მზადყოფნაში აქვს პრეპარატი და დანადგარი და ხელის შეწყობას ითხოვს. ამ ორი პრეპარატისთვის იმ თანხის ნახევარიც რომ დაიხარჯოს, რაც პრესისთვისაა გამოყოფილი, ბევრად წინ წავიდოდით.

სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაწესებულებაში, კომპანიაში, ასევე, საინტერესო სამუშოები ტარდება ფაროსანას სტერილიზაციისთვის. ფაროსანა კი არ დაიხოცება, არამედ არ გამრავლდება. როგორც წესი, სტერილიზებული მამრები კონკურენციას უწევენ ჯანმრთელ მამრებს, დევნიან მათ, მათ ადგილს იკავებენ და გამრავლება კიდევ უფრო მცირდება. ამერიკაში ყველგან მოქმედებს ინტეგრირებული პროგრამა, სადაც 5-6-7 მეთოდი ერთდროულად გამოიყენება. ჩვენთან კი გადაწყდა, რომ უნდა შეიძინონ „ბიფენტრინის“ ჯგუფის პრეპარატები და ისინი არასწორად გამოიყენონ. სხვათა შორის, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე შეგვპირდა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უკვე არა მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია დაფიქსირდება, არამედ ოპონენტებისაც. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ სამთავრობო კომისიის შექმნას, რადგან მიგვაჩნია, რომ უმართებულოა, როდესაც ერთი და იგივე უწყება არეგისტრირებს პრეპარატს, შეიძენს, მოიხმარს და მერე თვითონვე აფასებს თავისი საქმიანობის ავკარგიანობას. სამთავრობო კომისიაში ჯანდაცვის სამინისტრო, შს სამინისტრო, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი და ერთობლივად იმსჯელონ, რა შეიძლება მოვუხერხოთ ფაროსანას. ფაროსანას პრობლემა ხომ იმდენად დიდია, რომ არაფრით ჩამოუვარდება ხანძრის, მიწისძვრის საშიშროებას საქართველოში. შეიძლება, დღეს ფაროსანა უფრო საშიშია, ვიდრე ტყის ხანძარი.