„ლიბერთი-ქართუ“ - კიდევ ერთი დიდი გაერთიანება საბანკო სექტორში

„ლიბერთი-ქართუ“ - კიდევ ერთი დიდი გაერთიანება საბანკო სექტორში

საბანკო და საფინანსო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართუ ბანკს“ „ლიბერთი ბანკი“ ყიდულობს. თუკი გარიგება განხორციელდა, ეს იქნება მეორე დიდი გაერთიანება საბანკო სექტორში. ერთი წლის წინათ „თიბისიმ“ ბანკი „რესბულიკა“ შეიძინა. ამის შედეგად „თიბისი“ საფინანსო ბაზრის ლიდერად იქცა, ხოლო „ლიბერთისა“ და „ქართუს“ შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კონგლომერატი მყარად დაიკავებს მესამე პოზიციას და სამომავლოდ მკვეთრად დაწინაურებულ ორ ლიდერს ჩაუდგება კვალში.

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა ორი ბანკის შერწყმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ხაინდარავა ჟურნალისტებს ბანკის ბენეფიციარ მფლობელთან ამისამართებს.

„აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბენეფიციარ მფლობელს შეუძლია“, - აცხადებს ნატო ხაინდრავა.

„ქართუ ბანკის“ ოფიციალური წილის მფლობელი უტა ივანიშვილია. ორგანციზაციის მართვის სადავეები კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს უპყრია ხელთ.

ორი ბანკის გაერთიანებას არ ადასტურებენ „ლიბერთი ბანკში“. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც საქართველოს ეროვნულ ბანკში გააჩნიათ. როგორც სებ-ში აცხადებენ, არც წინასწარი კონსულტაციები და არც ოფიციალური მიმართვა გარიგების თაობაზე ეროვნულ ბანკში არ შესულა. შესაბამისად, ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით რამე ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ლიბერთი ბანკში“ ბოლო დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 2017 წლის ოქტომბერში „ლიბერთის“ 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია EUROPEAN FINANCIAL GROUP B.V. შეიქნა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ამ თანამდებობაზე მან ალექსეი ხორაშვილი შეცვალა. კალანდარიშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. თავის დროზე ის პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი იყო.

„ლიბერთი ბანკი“ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო კომერციული ბანკის „აგრომრეწვბანკის“ ბაზაზეა შექმნილი. 1993 წელს ბანკების განკერძოებისას „აგრომრეწვბანკი“ იქცა „აგრობანკად“. შემდგომ პერიოდში ბანკს ერქვა „სახალხო ბანკი“, ხოლო 2009 წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის მისვლის შემდეგ სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა და „ლიბერთი ბანკი“ ეწოდა.

განახლებულ „ლიბერთის“ დიდი გეგმები აქვს. უახლოეს მომავალში მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საბანკო სექტორში მესამე პოზიციის მყარად დაკავება.

რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, წევრები კი ბესიკ დემეტრაშვილი და ეთერი დემინაშვილი არიან. ამასთან, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს ნატო ხაინდრავა იკავებს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი უტა ივანიშვილია.