„სააკაშვილის რუსულ ინტერესებზე მუშაობა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“

„სააკაშვილის რუსულ ინტერესებზე მუშაობა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“

„ვისაც უკრაინა უყვარს, არ აქვს უფლება იანუკოვიჩისგან ფული მიიღოს“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, რომლის განცხადებით, სამართალდამცველებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, სააკაშვილი არ შეეცდებოდა დაკითხვებიდან გაქცევას, არამედ პირიქით, მშვიდად უპასუხებდა ყველა კითხვას.

სააკაშვილის მთავარი მბრალდებელი აცხადებს, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა წითელი ხაზი გადალახა. სააკაშვილის და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, საქართველოსთვის ეს თემა არახალია.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი“, - ვკითხულობთ ბრალის დადგენილებაში. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს და ამტკიცებს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ამ კავშირებს ადასტურებს. ბატონო რამაზ, თუკი სააკაშვილის ბიოგრაფიას გადავხედავთ, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კავშირები სააკაშვილსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის?

რამაზ საყავრელიძე: რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არ ახალია თემა, რასაც ჰქვია სააკაშვილის და რუსეთის კავშირები, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ეს თემა საქართველოში არ არის დამუშავებული. სააკაშვილის მომხრეებისთვის ამ თემის წამოწევა აბსურდად ითვლება, მოწინააღმდეგეები კი, პედალირებენ, რომ იქ რაღაცა კავშირები იკვეთება, მაგრამ თემა დამუშავებული არ არის. ფაქტია, რომ სააკაშვილის ბევრი მოქმედება საქართველოშიც და ამჟამად უკრაინაში, რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.

ოღონდ მოქმედებების მხოლოდ ასე დამთხვევა შეუძლებელია, რომ ბრალდება გახდეს, რადგან ეს დამთხვევა შეიძლება ვინმემ შემთხვევითობათ ჩათვალოს, ვინმემ განძრახ მოქმედებად. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია შესწავლა იმასა, სააკაშვილი ამა თუ იმ ნაბიჯის გადადმისას, ხელმძღვანელობდა თუ არა რუსეთის წარმომადგენლების მითითებით. ამ საკითხის შესწავლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

როდესაც სააკაშვილის და რუსულ კავშირებზეა საუბარი, ამ კონტექსტში მუდმივად წინა პლანზე იწევს თემურ ალასანიას ფაქტორი, რომელიც რუსეთის კვოტით მოღვაწეობს გაეროში და რომელიც ხელმძღვანელობს განიარაღების კომიტეტს. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ გასულ კვირას თემურ ალასანია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა არ შეუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. ალასანიას ფიგურა არის სააკაშვილი-რუსეთის დამაკავშირებელი ხიდი?

- რა თქმა უნდა, ალასანიას ფიგურა არის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში საზღვაო ჯარებში მსახურობდა, რომელიც პირდაპირ კგბ-ს დაქვემდებარებაში იყო. ამდენად, ეს ნაწილი ძალიან საინტერესო და საყურადღებოა. ვიმეორებ, საქართველოში სააკაშვილის ნაბიჯები ძალიან ხშირად ეხმიანებოდა რუსულ ინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი იძლევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველს და ვარაუდის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ვნახოთ, უკრაინის პროკურატურამ თუ მოახერხა ამ ვარაუდის შემოწმება, რადგან თვლიან, რომ რაღაცა ფაქტიური მასალა უკვე აქვთ. როგორც პროკურატურა ამბობს, ჩაწერილია დიალოგები, მათ შორის არის რაღაცა სახის დოკუმენტები, რომელიც ამ კავშირებს ადასტურებს. თუკი ასეთი ფაქტიური მასალა არის, ეს უკვე სხვა დონეზე მოითხოვს მსჯელობას. თორემ ვარაუდის საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში მუშაობდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ნამდვილად არსებობს. თუმცა, არის ვარაუდი იმისაც, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი წამოეგო პროვოკაცაზე, შეცდომებს უშვებდა, იმიტომ, რომ გამოცდილება არ ჰქონდა.

თუ უკრაინის პროკურატურის დადგენილებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ერთობლივიპროვოკაცია“, რომელიც რუსეთის წარმატებით დამთავრდა, მაგრამ ფინანსური სარგებელი მიიღო საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ? ვგულისხმობ საერთაშორისო დახმარებას, მაშინ უზარმაზარი ფინანსური დახმარება მიიღო საქართველომ...

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ოღონდ მეეჭვება, რომ დღევანდელმა უკრაინულმა გამოძიებამ პასუხი გასცეს ქართულ თემებს. უკრაინას თავისი თემატიკა და პრობლემატიკა აქვს. როგორ ფიგურირებს სააკაშვილი იმ პრობლემებში და ფაქტიურ მასალებში, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული იმ პასუხისთვის, რაზეც ჩემგან ითხოვთ პასუხს. ჯერჯერობით არ ვიცი რა ეს ფაქტიური მასალა, ამიტომ ძნელია იმის თქმა, დამაჯერებელი არის თუ არა გამოძიების მასალები. ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩახედული არ არის საგამოძიებო მასალებში, უფრო დამაჯერებელია ვერსია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის რუსულ ინტერესებზე მუშაობა შემთხვევითობას არ წარმოადგენს.

სააკაშვილის და რუსეთის კავშირებზე ხელისუფლება ოპონენტებთან დებატების დროს საუბრობს მხოლოდ, განსხვავებით უკრაინისგან, რომელმაც ბრალი სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო წაუყენა. ის, რომ ქართული გამოძიებისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო ამ საქმის გამოძიება, ეს რამდენად ახდენს ნეგატიურ გავლენას საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ?

- რუსეთთან ღია და თუ შეიძლება ითქვას ცეცხლით დაპირისპირება აქვს უკრაინას. ჩვენ ასეთი მდგომარეობა საბედნიეროდ არ გვაქვს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვცდილობთ რუსეთის მიმართულებით გართულებას ავარიდოთ თავი. ამიტომ გასაგებია, რომ ამ ტიპის თემებში ჩვენი ხელისუფლება არ ჩქარობს ჩაღრმავებას. გასაგებია, რომ უკრაინისთვის ეს სისხლხორცეული თემტიკაა და ცდილობს, რომ რაც შეიძლება დროზე მოამთავროს სააკაშვილის საკითხი, მაგრამ ეს ისტორიისთვის არის საინტერესო. ისტორია ძალიან ხშირად იკვებება შემდგომი თაობებების მიერ მიწოდებული ფაქტებით. ნუ ჩავთვლით, რომ იმაზე რაც დღეს ხდება, მაინცდამაინც დღეს უნდა გამოვიდეს ვერდიქტი. ვერდიქტი მომავალმა თაობებმა უნდა გამოიტანონ.