დღევანდელ წერილში ცნობილ ქართველ ხელოვანებსა და მათთან დაკავშირებულ სახალისო ამბებს გავიხსენებთ.
ქართველ მსახიობს სანდრო ჟორჟოლიანს ფულის ხარჯვა არ უყვარდა და მისი მეგობრები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ მის „გასაწეწად“.
ერთხელ, გასტროლებზე მატარებლით მიმავალი სანდრო ჟორჟოლიანი და მიშა სარაული ტამბურში იდგნენ. მიშამ სანდროს უცებ მაჯაში ჩაავლო ხელი და უთხრა:
– ახლავე მომეცი 20 მანეთი, თორემ მატარებლიდან გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო.
შეშინებულმა სანდრომ იქვე გადაუხადა სარაულს მოთხოვნილი თანხა და ვაგონში შევარდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ სარაულმა ჟორჟოლიანის ფულით ნაყიდი საჭმელ-სასმელი მოიტანა ვაგონ-რესტორნიდან, სუფრა გაშალა და სანდროსვე თანდასწრებით, ხარხარით უყვებოდა კოლეგებს, თუ როგორ აკისრებინა ჟორჟოლიანს სუფრა.
ერთხელ, „დიდი თეატრის“ მსახიობებს გეგმური კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ ციმბირის ერთ-ერთი, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. მსახიობთა შორის, ჩვენი სახელოვანი მომღერალი, ზურაბ სოტკილავაც იყო, რომელსაც რამდენიმე მეგრული სიმღერა უნდა შეესრულებინა თავისი მდიდარი რეპერტუარიდან. კონცერტის წინ, ბატონ ზურაბთან ერთი ქართველი (მეგრელი) პატიმარი მისულა და უთქვამს:
– ბატონო ზურაბ, მეზობელ ზონაში, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით, ჩემი „პაძელნიკი“ ზის, ზუგდიდელი. შევიტყვე, მას ძველ საქმეს უხსნიან, თავად კი ამის შესახებ არაფერი იცის. მე ვერ ვატყობინებ ამის შესახებ, რადგან „ქსივები“ დაბლოკეს და ვერ ვუგზავნი. არადა, რომ არ შევატყობინო და განვუმარტო, თუ როგორ მოიქცეს, გააბამენ, დიდ სროკს დაუმატებენ და ციხეში ამოალპობენ. იქნებ დამეხმაროთ და ყველაფერი შეატყობინოთ.
– როგორ? – მხრები აუჩეჩავს ბატონ ზურაბს, – მე მხოლოდ ამ კოლონიაში მაქვს კონცერტი და იქ როგორ მოვხვდეო?
მეგრელ პატიმარს გასცინებია და უთქვამს:
– თქვენ ხომ მეგრულად მღერით. რუსებმა მეგრული არ იციან და ვერაფერს გაიგებენ. თქვენ კი რასაც მე გეტყვით, ის იმღერეთ მეგრულად. მაღალი ხმა გაქვთ. მეზობელ ზონაში ჩემი „პაძელნიკი“ ყველაფერს გაიგებს და მიხვდებაო.
ზურაბ სოტკილავა დათანხმებია „ზემლიაკს“ და მთელი თავისი რეპერტუარი მეგრულად იმ „ქსივის“ ტექსტი იყო, რაც პატიმარმა უთხრა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო, თავად ბატონი ზურაბისა და იმ ორი მეგრელის გარდა, ერთმანეთში ბატონი ზურაბის წყალობით კომუნიკაცია რომ დაამყარეს. თავად მომღერალი კი, მსმენელებმა მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვეს.
მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„დასავლეთ გერმანიაში ვარ, ქალაქ ჰამბურგში. იმ პერიოდში ძალიან გააქტიურებულები იყვნენ პროფაშისტური ბანდები და არაგერმანელებს სასტიკად სცემდნენ. ღამეა. ქუჩაში კაციშვილი არაა და მარტო მოვდივარ, თან შექეიფიანებული ვარ. ჩემს სასტუმრომდე 200 მეტრის მოშორებით პროფაშისტებს გადავეყარე. რომ დამინახეს, მომიახლოვდნენ და რაღაც მკითხეს გერმანულად, მე კი რუსულად ვუპასუხე... ჯერ, რუსო შვაინო, მიძახეს. შემდეგ ჩემს საცემად გამოიწიეს და აბა, რას გავუმკლავდებოდი ათიოდე „გალავარეზ“ ფაშისტს? ერთ-ერთს შევუკურთხე, შენი დედაც-მეთქი, – ხელი ვკარი და მთელი ძალით მოვკურცხლე. ყიჟინით დამედევნენ. ერთ-ერთ ქუჩაზე წითელ შუქზე გადავირბინე და სირბილს მოვუმატე. ამასობაში, სასტუმროსაც მივაღწიე. გავჩერდი, შემოვბრუნდი და რას ვხედავ – ფაშისტების ჯგუფი მორჩილად დგას შუქნიშანთან და მწვანის ანთებას ელოდებიან, რომ ჩემი დევნა გააგრძელონ. უცებ სიცილი ამიტყდა, მხრებში გავსწორდი და სასტუმროში დინჯად შევაბიჯე, სადაც საფრთხე აღარ მემუქრებოდა. ასე გადამარჩინა ცემას გერმანულმა პედანტიზმმა.
ბორის წიფურია ერთ „უცნაურ“ ამბავს ხშირად იგონებდა.
„მეზობელი მყავდა ერთი, კირილე შავდია. ძალიან გაქნილი, მაგრამ კეთილი ადამიანი იყო. სხვადასხვა სამკაულს ამზადებდა უბრალო შუშებისა და მავთულებისგან. შემდეგ „სოჩაში” მიჰქონდა სეზონურად, ყიდდა და უამრავი ფული ჩამოჰქონდა. სულ მიკვირდა – ასეთ „ბარახლოს“ როგორ ყიდის-მეთქი და პასუხი მაშინ მივიღე ამ კითხვაზე, როცა ერთ ზაფხულს, დამხმარედ გავყევი ძია კირილეს. მას „რივიერას“ პლაჟზე პატარა ოროთახიანი ფარდული ჰქონდა ნაქირავები. უკანა ოთახში ნაკეთობებს ამზადებდა. წინაში დახლი იყო, რომელზეც ლამაზი „ბარახლო“ ჰქონდა გამოფენილი და იქვე, უზარმაზარი სარკე ეკიდა, რომ ქალებს სამკაულები კარგად „მოერგოთ“ სხეულზე.
– რუსული ხომ იცი, ბიძია? – მკითხა კირილემ.
– როგორ არა, – მივუგე კირილე შავდიას.
– ჰოდა, ასე უნდა ვქნათ, – როცა მყიდველი შემოვა, სამკაულს მოირგებს და ფასს იკითხავს, მე შენ გამოგძახებ მეორე ოთახში ესა და ეს სამკაული რა ღირსო, – კირილემ სამკაულების „პრაის-ლისტი” მომცა, – აქ ჩახედავ და ფასს მეტყვი. მე რამდენჯერმე შეგეკითხები და როგორც აქ წერია, იმ ტექსტით მიპასუხებ, გასაგებია?
– კი. გასაგებია, – მივუგე ძია კირილეს.
ახლა, რა ხდებოდა – მყიდველი რომ შემოვიდოდა და ძია კირილეს დაელაპარაკებოდა, ის ისე იჭერდა თავს, თითქოს ძალიან ყრუ იყო და ამაში მყიდველს აჯერებდა. სამკაულის ფასს რომ იკითხავდა მყიდველი, ძია კირილე მე მკითხავდა:
– რა ღირს შავი ფერის რომბიანი საყურეები, ორ რგოლზე?
მე კი ოთახიდან ვპასუხობდი:
– ძვირფასი გიმშრის საყურეები, ვერცხლზე ასხმული, ღირს ოცდათხუთმეტი მანეთი.
ამას კლიენტი ისმენდა რამდენჯერმე, რადგან ძია კირილე ხომ „ყრუ“ იყო. ბოლოს და ბოლოს კირილემდეც მიაღწევდა ჩემი პასუხი – 35 მანეთი და მყიდველს პასუხობდა:
– ოცდახუთი მანეთიო.
პასუხს დიდი კომერციული ეფექტი მოჰქონდა. დაგოიმებული მყიდველი ოცდათხუთმეტმანეთიან სამკაულს ოცდახუთად სწრაფად ყიდულობდა და სანამ „სიმართლე“ გაირკვეოდა, სასწრაფოდ ტოვებდა „ლავკას“. არადა, სინამდვილეში, არცერთი სამკაული არ ღირდა მანეთ-ნახევარზე მეტი. აი, ასე შოულობდა ძია კირილე ფულს პატარა თაღლითობით, არანაკლებ თაღლითი დამსვენებლისგან“.