მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. პროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები ეროვნული უშიშროების საბჭო და მთავრობა იქნება.
„მთავრობას მიაჩნია, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც მაკოორდინირებელი და საკონსულტაციო ორგანო, ეფექტური აღარ იქნება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას. მისი განმარტებით, საბჭოს ფუნქციას მთავრობა და სამინისტროები შეასრულებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო არ გახლდათ აღმასრულებელი ფუნქციის. ის მთავრობის სათათბირო ორგანო იყო. მასში შედიოდნენ მთავრობის წევრები და ასევე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური შტაბის უფროსი. სისტემა მოქმედებდა მაშინ, როცა მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იყო“ - განაცხადა თადუმაძემ.
როგორც საპარლამენტო მდივანმა განმარტა, მაშინ მმართველობის ეს ფორმა იყო არჩეული და უსაფრთხოების ბლოკი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ იმართებოდა. საბჭო ამზადებდა რეკომედაციებს და ახორციელებდა სამუშაო პროცესის კოორდინაციას, მათ შორის სტატეგიულ დოკუმენტებზე.
„დღეს, როცა 13 სამინისტროს მივიღებთ და ასევე, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდება, აღმასრულებელი ხელისუფლების მობილურობა უფრო მარტივი იქნება. კრიზისების, იგივე საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფას კი, ის სამსახური განახორციელებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მსჯელობის და კრიტიკის საგანი გახდა, კანონპროექტში ის ჩანაწერია, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
შესაბამისი მუხლი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება, რომელიც ერთ-ერთია იმ 111-საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც მთავრობის სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
კანონს დაემატება, რომ მხოლოდ დაზვერვის თანამშრომელზე გავრცელდება ნორმა, რომლის მიხედვით, სუს-ის წარმომადგენელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებში თანამდებობის დაკავება შეეძლება.
თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციამაც ხაზგასმით გამოხატა - როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილში მოცემული პრობლემური საკითხები, მაგალითად:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შედეგად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისათვის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში“.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო მხოლოდ დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე მაშინ, როდესაც ცვლილებების თანახმად, ეს წესი გავრცელდება უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელზე.
როგორც საია-ში აცხადებენ, უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელისათვის ამ სახის უფლებამოსილების მინიჭება აჩენს რისკს აღდგეს მავნე პრაქტიკა, რაც გულისხმობს „მუდმივი მეთვალყურის“ ყოლას სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ კერძო სტრუქტურებში. ამავდროულად, არსებითად დააკნინებს 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტთან დაკავშირებით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს, ისევე როგორც, სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ხელმძღვანელს და მის მოადგილეს არ ექნებათ თანამდებობის პირის სტატუსი, რაც „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დამატებით ვალდებულებებს გულისხმობს.
აღნიშნული უწყებების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებები უარყოფითად აისახება ხელმძღვანელი პირების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე.
მიგვაჩნია, რომ არასწორი და არამიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობდეს ფორსირებულად, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის დონეზე და არ იყოს უზრუნველყოფილი დაინტერესებული მხარეებისა, ექსპერტული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არსებობს არაერთი შინაარსობრივი საკითხი, რომელიც სიღრმისეულ გააზრებას და რეალურ დისკუსიას საჭიროებს. სასურველია, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმები განხორციელდეს საჯარო განხილვებისა და მაქსიმალური კონსენსუსის ფონზე“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციასაც - როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, ისედაც კარგად ვიცით, რომ სუს-ი არის პოლიტიკური მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყებების, როგორც ჩანს, ამის კანონიერი საფუძველის გაჩენა სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერება პოლიტიკური პოლიციის მხრიდან.
მისი თქმით, კანონპროექტის მოქმედი ჩანაწერები ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელზე.
„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დანიშვნას სხვადასხვა უწყენებებში აღამასრულებელი ხელისუფლების თუ კერძო დაწესებულებებში, ეს შესაძლებლობა კანონპროექტის მოქმედი ჩანაწერებით ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელზე და არა მხოლოდ იმ თანამშრომელზე, რომელიც დაზვერვის მიმართულებით იმუშავებენ. განმარტება რაც კეთდება, უბრალოდ რომ ვთქვათ, არის ტყუილი. რაც შეეხება ჩანაწერს, რომელიც კანონში აჩენს შესაძლებლობას დაკანონდეს ის არსებული რეალობა, რაც ისედაც კარგად ვიცით, რომ სუს-ი არის პოლიტიკური მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყებების, რასაც შემდგომ მოსდევს ხოლმე კონკრეტული ჩინოვნიკების დევნა. ყველას კარგად გვახსოვს, „ოდეერები“ უნივერსიტეტებში, თვითმმართველობებში, სამინისტროებში, მათი თავხედური ჩარევა სამსახურების საქმიანობაში. როგორც ჩანს, ამის კანონიერი საფუძველის გაჩენა სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერება პოლიტიკური პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი კი თვლის, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ცვლილებები სუს-ს დაამსგავსებს ერთადერთ ორგანოს, საბჭოთა კავშირს.
„მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებში არანაირი ოპტიმიზაციის, არანაირი ხარჯების დაზოგვის მოტივაცია არ იკვეთება. იყო კონკრეტული მოტივაცია, ერთი მხრივ, საკადრო გადაადგილებების და მეორე მხრივ, როგორც ჩანს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ცვლილებების განხორციელების, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სუს-ს დაამსგავსებს, ერთადერთ ორგანოს, საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირში არსებობდა ის ორგანო, რომელსაც გვთავაზობთ, რომ ხელისუფლებას ექნება უფლება ნებისმიერ ორგანიზაციაში წარაგზავნოს სუს-ის ფარული თანამშრომელი და ფაქტობრივად, აწარმოოს დაკვირვება ჩვენს ცხოვრებაზე. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არის ის, რომ ეს სისტემა არ იქნება ადამიანების სამსახურში და იქნება ერთი ადამიანის და მისი პოლიტიკური ინტერესების მოსამსახურებლად. ის, რომ საქართველოს უშიშროების სისტემა არ მუშაობს მოქალაქეებისთვის, ეს ჩვენ დავინახეთ რამდენიმე დრის წინ, ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აღნიშნულ თემას არასაპარლამენტო ოპოზიციაც ეხმაურება - „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ როგორც აღნიშნა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია, მისი განმარტებით, ხელისუფლებას არ სურს ან შეიძლება ვერც ერკვევა იმაში, რომ ყოვლად წარმოუდგენელია ეს ორი უწყება ერთ სტრუქტურულ ერთულში იყოს მოქცეული და არ შეიძლება მათ ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს.
ბურჯანაძე პარალელს ავლებს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ პოლიციურ სისტემასთან და მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარება საქართველოში ბევრად უარესია, ვიდრე მაშინ იყო.
„გასაგებია, რომ სტრატეგიულ ობიექტებზე განსაკუთრებული ვითარება იყოს, მაგრამ საუბარი ე.წ ოდეერების ინსტიტუტის შემოღებაზე მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველა დაწესებულებაში, ყველა საწარმოში, ყველა ორგანიზაციაში შეიძლება დასაქმებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არიან საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები და ამვე დროს თანამდებობის პირიც. მაგალითად, შეიძლება მოსამართლეც იყო და დაზვერვის თანამშრომელიც? ეს არის წარმოუდგენელი რამ და კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა აკონტროლოს ყველა და ყველაფერი. ეს არის პოლიციური სახელმწიფო, ეს საბჭოთა კავშირის სისტემაც კი არ არის, უფრო უარესია. ივანიშვილისათვის, მთავარია სახელმწიფო საბოლოდ ჩამოიშალოს და ის გაიხადოს, თავის შიდა ეზოდ“,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სუს-ის თანამშრომლის დასაქმების საკითხზე გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია კანონს სწორად ვერ კითხულობს.
„მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტის აღქმისა და გაგების პრობლება გვაქვს. მინდა ყველას შევახსენო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, არსებობს უსაფრთხოების ოფიცრის სტატუსი და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ის 25 უწყება, სადაც ოფიცერი ნებაყოფლობით ხელშეკრულებით ოფიციალურად მიდის. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაზვერვის სამსახური უერთდება უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი მუხლი განსაზღვრავს სწორედ ამას. დაზვერვის სპეციფიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ეს მუხლი და გადმოვიდა უსაფრთხოებაში იმისთვის, რომ დაზვერვის სამსახურმა გამოიყენოს ეს მუხლი. მე არ მინდა განვმარტო რა მიზანი აქვს ამ მუხლს. დაზვერვის კანონიდან არის ეს გადმოტანილი უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში. ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, გაერკვნენ სიტუაციაში, დაესწრონ სხდომებს და მიხვდებიან, რომ კანონის ის ნაწილი, რაც დაზვერვის სამსახურში იყო, გადმოვიდა უსაფრთხოების ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
როგორც სესიაშვილი განმარტავს, სახელმწიფო უსართხოების სამსახურს ის უფლებამოსილება ენიჭება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონიდან ავტომატურად არის გადმოტანილი. ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტმა იმსჯელა. კომიტეტის დასკვნაში შენიშვნა აისახა, რასაც მთავრობა იზიარებს.
„კანონს ჩაემატება, რომ ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს ანუ საგარეო კონტდაზვერვით საქმიანობას და არა მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამით ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ“, - განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.