„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ პრეზიდენტი, უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ნამდვილად ახმედ ჩატაევია. ის ასევე დარწმუნებულია ჩატაევის „უდანაშაულობაში“, ამტკიცებს, რომ ის ტერორისტი არ ყოფილა და საქართველოში მხოლოდ საცხოვრებლად იყო ჩამოსული.
for.ge უმარ იდიგოვს ესაუბრა.
ბატონო უმარ, ვინ არიან სპეცოპერაციისას მოკლული ადამიანები?
უმარ იდიგოვი: სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია მამა-შვილი, ისინი არიან ლეკები, დაღესტანიდან არიან. არ ვიცი მათი სახელი და გვარი, მაგრამ ეს ბიჭი ადრე ფოტოთი მყავს ნანახი. ერთ-ერთი არის ადამ გუმაშვილი. ჩემი ინფორმაციით ამ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული არიან ახმედ ჩატაევი და ადამ გუმაშვილი.
მაშინ რატომ ამბობს გუმაშვილის მამიდა, რომ ის სირიაშია და რომ სპეცოპერაციის დღეს ოჯახს დაუკავშირდა?
- არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც გუმაშვილის ნათესავია, მითხრა, რომ გუმაშვილი მოკლულია. ტელევიზიით გამოვიდა მისი მამიდა და თქვა, რომ ცოცხალიაო. ძალიან კარგია თუ ცოცხალია.
რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ, რომ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა ახმედ ჩატაევი?
- ეს ნამდვილად ახმედ ჩატაევია. მე არ ვიცოდი, რომ ის საქართველოში იყო. სპეცოპერაციის დღეს გავიგე, რომ ჩამოსული ყოფილა. მე ადრე დამიკავშირდა მისი წარმომადგენელი და მითხრა, რომ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლა უნდაო, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ შემოვა, რადგან მას ეძებს ინტერპოლი და მისი საქართველოში შემოსვლის შანსი არ იყო. მითხრა, რომ პრობლემა არ იქნება, ეს მე ვიციო.
22 ნომბერს, როდესაც დაიწყო სპეცოპერაცია, მაშინ გავიგე, რომ ჩატავი იყო ჩამოსული. რატომ ჩამოვიდა და რა უნდოდა, მე ეს არ ვიცი. ქალბატონი თინა ხიდაშელის მხრიდან არის ბრალდება, რომ რატომ გაუშვეს ჩატაევიო. გაუშვეს იმიტომ, რომ ის არ იყო დამნაშავე. არავინ არ იცოდა, რომ პირდაპირ წავიდოდა სირიაში. მეც არ ვიცოდი, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ წავიდოდა. მეც გაბრაზებული ვიყავი ამის გამო. მე მას ვაფასებდი, ვაფასებ და მომავალშიც დავაფასებ. იმიტომ, რომ ახმედ ჩატაევი და თარხან ბათირაშვილი ესენი იყვნენ ჩვენი პატრიოტი ჩეჩნები.
ადამიანები, რომლითაც თქვენ ამაყობთ, საერთაშორისო ტერორისტები იყვნენ და ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს...
- ტერორისტი - მე არ მომწონს ეს სახელწოდება. არ ვიცი რატომ წავიდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“. ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ორი წლის უკან შეხვედრა მქონდა თარხან ბათირაშვილთან. მას ვუთხარი - რატომ გადახვედით თქვენ „ისლამურ სახელმწიფოში“, ეს არავითარი ჯიჰადი არ არის-თქო. მე, მას ვუთხარი, რომ თქვენ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და დატოვოთ ეს ყველაფერი-თქო, მაგრამ არ მომისმინეს. რა უნდა მექნა?!
როდესაც ჩატაევის წარმომადგენელი დაგიკავშირდათ და გითხრათ, რომ მას უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მიზეზი, რატომ უნდოდა ჩამოსვლა არ გითხრათ?
- როგორ არა. როგორც ადრე ცხოვრობდა საქართველოში, ახლაც იგივე მიზეზით - საცხოვრებლად უნდოდა ჩამოსვლა.
თქვენ გჯერათ, რომ ჩატაევს საცხოვრებლად უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა? საუბარია ადამიანზე, რომელიც არაერთ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა, მათ შორის არის სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე...
- მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ეს ტყუილია. ამ ტერაქტიდან ერთი წლის მერე, მე ტელეფონით ველაპარაკე ჩატაევს. მან მითხრა, რომ სადაც ვცხოვრობ, იქ ასეთ რაღაცას არ გავაკეთებო. ის ამბობდა, რომ სტამბოლის აეროპორტში ტერორისტული აქტი მე არ მომიწყვიაო. ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა მომაწერესო. გარწმუნებთ, რომ ნადვილად ასეა და მე შემიძლია ამის დადასტურება. მას შემდეგ, რაც ჩატაევს ველაპარაკე, ამის შემდეგ მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩატაევი არ არის სტამბოლის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორი. ეს ტერაქტი არ იყო ჩატაევის მოწყობილი, ეს ტყუილია.
თქვენ დარწმუნებით ამბობთ, რომ ჩატაევი არ არის ტერორისტი, მაგრამ როგორ ხსნით მის როლს „ისლამურ სახელმწიფოში“, მუქარის ვიდეო-მიმართვებს, მოთხოვნას იგივე ბორჩაშვილის განთავისუფლების შესახებ?
- ვინც ერაყში და სირიაში წავიდა, ყველა ტერორისტი არ არის. მე ვამბობ, რომ ჩატაევს არ აუფეთქებია აეროპორტი, არავინ არ მოუკლია. ასევე იყო ბათირაშვილიც. კარგად იცით, რომ მათ საქართველოს წინააღმდეგ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებიათ, ისევე, როგორც არც ერთ ჩეჩენს. ჩატაევი საქართველოს ცუდს არასოდეს არ გაუკეთებდა.
ჩატაევი რომ ტერორისტი ყოფილიყო და მას რომ ნდომოდა საქართველოსთვის ცუდის გაკეთება, 9-სართულიან ბინაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ეს ხომ ნახევარი დასახლებაა, მძევლებად აიყვანდნენ ამ ადამიანებს და ულტიმატუმს წაუყენებდნენ სახელმწიფოს, საიდანაც მოვიდნენ, ისევ იქით წასულიყვნენ უპრობლემოდ. რატომ არ სვამთ ამ კითხვას? ეს უკვე არის დადასტურება იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები. მათ არ უნოდათ საქართველოსთვის ცუდის გაკეთება, მაგრამ ვინ შემოიყვანა ისინი - ეს არის მთავარი კითხვა.
დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაფანყურისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ჩვენი სპეცსამსახურები არ იყვნენ მათ შემოყვანაში ჩართული.
ის, რომ მძევლები არ აიყვანეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები, მაგრამ როგორ აღმოჩნდა საბრძოლო მასალა, რისთვის სჭირდებოდა ჩატაევს და მისი დაჯგუფებას ეს შეიარაღება?
- საქართველოში იარაღის შეძენის პრობლემა არ არის. საქართველოში 14-15 წლის ბავშვიც დადის იარაღით.
არ გეთანხმებით, საქართველოში 14 და 15 წლის ბავშვი იარაღით არ დადის...
- კი, დადის.
თქვენ შეგიძლიათ ერთი მაგალითი მითხრათ?
- რამდენი კრიმინალია? იარაღის ასეთი დიდი არსენალი იქ არ იყო. ჩავატაროთ ექსპერტიზა და ვნახოთ რა იარაღი იყო. ტყუილია, იქ დიდი შეიარაღება არ იყო. გამოძიება მიდის, არაფერი არ დაიმალება, ყველაფერი იქნება საჯარო. თუ ისინი დამალავენ, მე გავასაჯაროვებ ყველაფერს. ავტომატი და პისტოლეტი ჰქონდათ, არ ვიცი ესეც რატომ ჰქონდათ. როგორც გითხარით, მე თვითომ გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ჩატაევი ჩამოვიდა და მე არ დამიკავშირდა. ალბათ, იმიტომ არ დამირეკა, რომ მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში შენი ადგილი არ არის-თქო.
თქვენ ამბობდით, რომ ბინაში იყვნენ ბავშვი და ქალი, რომლის შესახებ ჩეჩნებმა გითხრეს. თქვენი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი გააფრთხილეთ, მაგრამ არ შეგიშვეს მათ გამოსაყვანად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სპეცოპერაციის ადგილას ბავშვი და ქალი არ იყვნენ. თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?
- ეს არის ჟურნალისტის შეცდომა. ჩემთვის არ დაურეკიათ ჩეჩნებს. მე დამირეკა ჩემმა მეგობარმა საქართველოს მთავრობიდან, ვერ გეტყვით ვინ არის. მან მითხრა ამის შესახებ. მე წავედი იქ, როდესაც მივედი, უკვე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც ჩანს, ეს ოჯახი იქ ცხოვრობდა, მაგრამ სპეცოპერაციამდე დატოვეს იქაურობა.
ეს იყო ჩატაევის მეუღლე და ბავშვი?
- არ ვიცი. შეიძლება იყვნენ.
სად არის დღეს ჩატაევის ოჯახი და ადასტურებენ ჩატაევის ლიკვიდაციას?
- მე როგორც ვიცი, მეუღლე და შვილი არის პანკისის ხეობაში. ოჯახმა დამირეკა და დამიდასტურეს, რომ ერთ-ერთი მოკლული არის ახმედ ჩატაევი. მე ჩემი წყაროებიდან დიდი ხანია ვიცი, რომ სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ახმედ ჩატაევი.
თქვენ ამბობთ, რომ ჩატაევს ცუდი არ უნდოდა საქართველოსთვის, ეს რამდენად სარწმუნოა ცალკე მსჯელობის საკითხია, ძნელია ენდო ტერორისტის ფსიქოლოგიას. რამდენადაც ვხვდები, თქვენ გაქვთ კავშირი ჩატაევის ჯგუფთან, თუ დაგიკავშირდნენ ამ სპეცოპერაციის შემდეგ და რამდენად შესაძლებელია, რომ მისმა ლიკვიდაციამ საფრთხე შეუქმნას საქართველოს?
- არ ვიცი, რამდენაც ცუდია საქართველოსთვის, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენთვის, ჩეჩნებისთვის არის ძალიან ცუდი. მე არ მინდოდა, რომ ჩეჩნებს რამე ცუდი გაეკეთებინათ საქართველოსთვის. 20 წლის განმავლობაში იყო ორი ომი, საქართველოსთვის არც ერთ ჩეჩენს ცუდი არ გაუკეთებია. საქართველო და ჩვენი ქართველი ძმები ჩვენს გვერდით იდგნენ მუდამ, ასეა დღესაც. მაგრამ ჩეჩნებისთვის ძალიან ცუდია ის, რაც აქ მოხდა.
ჩემთვის რომ მოეცათ უფლება ჩავრთულიყავი მოლაპარაკებში, ეს შეიძლებოდა ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის და მსხვერპლის გარეშე მოგვარებულიყო. ჩატაევი მე მომისმენდა და მე ყველაფერს მოვაგვარებდი. დარწმუნებული ვარ, რომ მომისმენდა. მათ არ უნდოდათ ებძოლათ. ისინი ყვიროდნენ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას, ჩვენ მშვიდობიანად მოვედით, როგორც მოვედით, ისევე წავალთ, გზა მოგვეცითო. მე ეს ყველაფერი მესმოდა.
ეს მარტო თქვენ მოისმინეთ? ამის შესახებ არავიან არ საუბრობს...
- ისინი მეხუთე სართულიდან ყვიროდნენ. ეს ყველაფერი ჩემი ყურებით მესმოდა. მათი ყვირილი ესმოდა იქ მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს რომლებიც იქ იყვნენ. ძალიან ცუდია, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და ასე დასრულდა ყველაფერი. ისინი არ იყვნენ ტერორისტები.
თქვენ ფიქრობთ, რომ როდესაც ჩვენ, ჟურნალისტები და არა მარტო ჩვენ, ჩატაევს ვუწოდებთ ტერორისტს, ეს არასწორია?
- მე ვფიქრობ, რომ კი.
რატომ?
- როგორ ამტკიცებთ, რომ ის ტერორისტია.
გაერო, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი - ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩატაევი საერთაშირისო ტერორისტთა სიაში შეიყვნეს, ეს თქვენთვის არ არის მტკიცებულება?
- არა. იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის პროვოცირებს ამ საკითხით, ყველას ტერორისტს ეძახის. მაგრამ მე ვიცი, რომ ჩატაევს ტერორისტული აქტი არ ჩაუდენია. მას არ აუფეთქებია სტამბოლის აეროპორტი და არც ერთი ტერაქტი არ მოუწყვია. წერეთ და უწოდეთ რაც გინდათ, პარტიზანი, ბანდიტი - ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს. ყველაფერ ცუდს, რაც საქართველოში ხდება, ვმალავ. იცით რატომ? - იმიტომ, რომ რუსეთმა არ გაიგოს.
და რა ხდება საქართველში, რასაც თქვენ მალავთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა არ გაიგოს?
- რა მნიშვნელობა აქვს. არის ისეთი რაღაცეები, რომელსაც არ ვამბობ. ნებისმიერი მინუსი, რაც ხდება საქართველში, ეს რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი. მე მიყვარს და პატივს ვცემ საქართველოს, არ მინდა, რომ საქართველოში მოხდეს ცუდი.
თქვენ რუსეთი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს ჩატაევი, მით უფრო, საუბარია იმაზე, რომ ჩატაევი რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა?
- ჩატაევი არ იყო ჩემი ძმა, ან ბიძაშვილი. ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია. სპეცსამსახურის ვიღაცა ფარისეველი თანამშრომელი, რომელიც საქართველოდან გაიქცა, ახლა უკრაინიდან ყველანაირ უსამართლობას ლაპარაკობს ჩატაევის შესახებ. თუ ის ასეთი მაგარი კაცია, რატომ არ მპასუხობს ტელეფონზე? ჩატაევი არ იყო არც ერთი სპეცსამსახურის აგენტი. მე კარგად ვიცნობდი მას და ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის სპეცასამსახურებთან მას კავშირი არ ჰქონია.
ვინ შემოიყვანა საქართველოში?
- არ ვიცი. მე ვიცი, რომ ჩატაევი და ბათირაშვილი არ იყვნენ ტერორისტები. ამის გაგება თქვენთვის ძნელია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რითი იყვნენ ისინი დაკავებული. ყველა მებრძოლის გარშემო არიან აგენტები, რომელსაც ქმნის რუსეთი და აგზავნის ყველა მიმართულებით, რომ მოხდეს მათი პროვოცირება.მე პირდად ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე ვარ. ჩვენს გარშემოც იყვნენ აგენტები, როგორც რუსეთიდან, ასევე ამერიკიდან, არაბეთიდან. ასევე, ჩვენთან იყო 4 ქართველი. ორმა ისლამი მიიღო. ასე რომ, ეს ძალიან მძიმე საკითხია.
მე კრგად ვიცნობდი ამ ადამიანებს და ვიცი, მათ არ გაუკეთებიათ ის, რასაც აბრალებენ. რასაც თქვენ ამბობთ, ეს აწყობს რუსეთს. კრემელში შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც ჩეჩნების წინააღმდეგ მუშაობს... ალბათ, აფხაზეთის ომი და ჩეჩნების ისტორია... იქ წავიდნენ ბანდიტები და კრიმინალები. ნორმალური ჩეჩენი საქართველოს წინააღმდეგ არასოდეს არ იომებს.