სააპელაციო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, დაუშვებლად სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის იმედა ქარქაშაძეს სააპელაციო საჩივარი, მოსამართლის გიორგი მიროტაძის გადაწყვეტილებით განხილული არ იქნება.
ადვოკატს სააპელაციო სასაამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებად, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - ეს არის ბრალდება, რომელიც დაკავებულ დუდაევს აქვს წაყენებული.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ჰქონდა თუ არა ტერორიზმთან კავშირი, ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალბატონს, რომელიც ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. თურქეთის მოქალაქეს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა. საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე რამოდენიმეჯერ ახსენა ტერორიზმის საქმე. თუმცა, აქვს თუ არა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი და მათ შორის თბილისში ლიკვიდირებულ ჯგუფთან ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს, პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქემდებები მიმდინარეობს.
„აჭარის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს.
ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია.
გამოცემა „კავკაზსკი უზელისთან“ საუბრისას „კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ პრეზიდენტმა, უმარ იდიგოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, თბილისში სწორედ ახმედ ჩატაევი დაიღუპა.
„ამაში დარწმუნებული ვარ. ამის შესახებ მე მისი ახლობლებისგან გავიგე. მე არ მოველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ჩატაევი მე არ დამიკავშირდებოდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ის მე არ დამიკავშირდა“, - განაცხადა უმარ იდიგოვმა.
მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში ჩატაევი და ორი დაღესტნელი იყვნენ, ვინაიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკებები არ გამართულა.
„ძალოვნებმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენეს და უარი თქვეს სროლის შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნებოდა მიღწეული. ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სახლის მობინადრეებს მძევლად აიყვანდნენ და საკუთარ მოთხოვნებსა და ულტიმატუმს დააყენებდნენ“, - აცხადებს უმარ იდიგოვი.
თუ ჩატაევის მეგობრის, უმარ იდიგოვის ინფორმაციით ვიმსჯელებთ, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული არ უნდა იყოს პანკისის ხეობის მკვიდრი, ადამ, იგივე გურამ გუმაშვილი. როგორც მისი მამიდა, თინა გუმაშვილი აცხადებს, მისი ძმიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ „იუსტიციის მინისტრია“ და ის ამჟამად სირიაში იმყოფება. ის ამბობს, რომ გუმაშვილი სპეცოპერაციის დღეს ოჯახს სირიიდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ ცოცხალია.
„ერთხელ ვთქვი და კიდევ ვამბობ, რომ ვნახე ეს ფოტოები და ვიდეო, მაგრამ ვინც იქ ჩანს, ის ჩემი ძმისშვილი არ არის. ჩემს ძმისშვილსა და ვიდეოში ნაჩვენებ პიროვნებას შორის არანაირი მსგავსება არ არის. ადამი ფიზიკურად სულ სხვანაირია. ის დაუკავშირდა ოჯახს და უთხრა, რომ ცოცხალია და ამჟამად სირიაშია“, - აცხადებს თინა გუმაშვილმა.
ე.წ. „იუსტიციის მინისტრის“ ახლო ნათესავია პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ზაურ გუმაშვილი, რომლის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იგეგმება ცრუ ინფორმაციების გავრცელება.ზუსტად ვიცი ეს ვის ინტერესებშიც შედის და ვინ ცდილობს ჩემი ოჯახის სახელის შელახვას. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნუ ცდილობენ ადამ გუმაშვილის სახელის გამოყენებით რაიმე ზიანი მიაყენონ ჩემს ოჯახს. ჩემი და ადამ გუმაშვილის ახლო ნათესაური კავშირის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა არ მაქვს და არ ვერევი მის საქმიანობაში.
ადამ გუმაშვილი მე პირადად არ დამკავშირებია, თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები მეუბნებიან, ის საქართველოში არ ჩამოსულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუმაშვილი ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ოჯახს სირიდან დაუკავშირდა და თავს კარგად გრძნობს“, - აცხადებს ზაურ გუმაშვილი.
ახმედ ჩატაევის განთავისულება დაპირისპირების საგანი გახდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დასვა.
უმცირესობის წევრმა კომიტეტს შესთავაზა, რომ ასეთი კომისიის შექმნის საკითხზე ემსჯელათ და პარლამენტს გაერკვია, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი ციხიდან. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პასუხების ნდობის ჯგუფის ფორმატში გაცემა საკმარისი არ არის და პრობლემა, რომელიც ჩატაევის გათავისუფლებას მოჰყვა, ნდობის ჯგუფში მოსმენით ვერ ამოიწურება.
სალომე სამადაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან კამათი მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სამადაშვილს ურჩია, პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის მოეკითხა, ვისაც თავად წარმოადგენს.
„პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს უკრაინიდან საქართველოში ახმედ ჩატაევი და რატომ გაათავისუფლეს ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 2010 წელს, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას“, - მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.