ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის პროცესში FBI -ის ექსპერტები ჩართვნენ, რომლებიც გამოძიების პროცესში ქართულ მხარეს ტექნიკურ დახმარებას უწევენ. რა სახის დახმარებას იღებს საქართველო დამატებით FBI-სგან, საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი დეტალებზე არ საუბრობს. გარდა ამისა, მას არ აქვს ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა ამერიკული მხარე უშუალოდ სპეცოპერაციაში. იან კელი ამბობს, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები ამერიკულ მხარესაც აქვს და იმედოვნებს, რომ გამოძიება ამ კითხვებზე პასუხს გასცემს.
„ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“, – განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებს შორის შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იყოს, ელჩის ამბობს, რომ ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს.
„რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა და დავსვით კითხვები. აშშ ჩაერთო გამოძიებაში – გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი“, – აღნიშნა იან კელიმ.
უკვე ცნობილია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია. ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ. დუდაევის დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის წარმოება მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.
ტერორიზმში ბრალდებულს შეხვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ბრალდებული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს. ამბობს, რომ ლიკვიდირებული პირებიდან მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობს. დუდაევი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ჰქონდა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა საზოგადოებაში.
„პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ არსებობს ეჭვი სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ, აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია.
„გამოძიების პროცესში ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკული მხარე. მათ ჩვენზე ძლიერი, გამოცდილი სამსახურები ჰყავთ, საექსპერტო და საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას. ეჭვი არის, რომ გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი, თუმცა, ეს დადასტურდება ექსპერტიზის შემდეგ და გვექნება დაზუსტებული პასუხი, იყო თუ არა ეს პიროვნება ახმეტ ჩატაევი. იყო ოპერატიული ინფორმაციები და მასშტაბური საფრთხეები ავიცილეთ თავიდან“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი, უმარ იდიგოვი, რომელიც დაკავებული დუდაევის ახლო ნათესავია აცხადებს, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, მას ახმედ ჩატაევის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლა სურდა. იდიგოვის თქმით, მან ჩატაევს შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.
„ჩატაევის წარმომადგენლებმა, დაახლოებით, 2 თვის წინ მომმართეს და მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არის-თქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ შევუთვალე, რომ აქ ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა. რაც შეეხება საედ დუდაევს, ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მას მანქანების ნაწილების ბიზნესი ჰქონდა და შეცდომით ჰყავთ დაკავებული. დაკავებული ჩემი ნათესავია და ვიცი, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია“, – აღნიშნა უმარ იდიგოვმა, რომელიც სპეცოპერაციიდან მეორე დღეს „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ იმ ბინაში, სადაც შტურმი განხორციელდა მამაკაცებთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდა.
22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სუს–გან განმარტებებს ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, მათ კითხვები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ, რადგან თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა.
„თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურის სისტემასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, მაშინ, როდესაც სუს–ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს–ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუსი საკუთარ ძალისხმევას?“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ვახტანგ გომელაურისგან პასუხებს ითხოვენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და ასევე თვლიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება, რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებით შეიძლება იმის თქმა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში მოკლულია ახმედ ჩატაევი.
„საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის, ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ძალოვანი უწყებების პირველი პირების პარლამენტში დაბარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს კომენტარები.
„ყველა სიტყვა, რომელიც, მათ შორის, ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან თუ ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, არის გარკვეული რისკის შემცველი. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა დაველოდოთ, აუცილებლად, გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ის, რომ რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს არ გამორიცხავს, არ ნიშნავს იმას, რომ ის ადასტურებს მას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციას უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომლის განცხადებით, უნდა დადგინდეს და მოხდეს იდენტიფიცირება მონაწილე პირების, შესაბამისად, ბესელია გამოძიების შედეგებს ელოდება. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას ჩატაევის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ბესელია ოპონენტებს წარსულის გახსნებებას ურჩევს.
„გავიხედოთ ცოტა უფრო შორს და მე მგონი, რომ იმ ადამიანებს დავინახავთ, ვინც დღეს აქეთ სვამს კითხვებს ამ პასუხისმგებლობის ჭრილში. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენმა სამსახურებმა იმოქმედეს პრევენციის ეტაპზე და არა მაშინ, ჯვარი სწერია ქვეყანას, ვიდრე რაიმე უბედურება მოხდებოდა. ჩვენ ვხედავთ როგორი დემოკრატიის და ძლიერი სისტემის ქვეყნებში თითქმის ყოველ კვირა ხდება ტეროტისტული აქტები, ამიტომ ასეთი განცხადებები, ვინ, როგორ, რითი შემოვიდა და ამიტომ მოდი, პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, არის სუპერ არასერიოზული და სუპერ უპასუხისმგებლო განცხადებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა მომხადრიყო თუ არა თავის დროზე ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ციხიდან, ბესელიას განცხადებით, კითხვა უნდა დაიწყოს იქიდან, თუ რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ის ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეკა ბესელიას განცხადებით, ჩატაევს ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული.
„ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ, რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი და არ მივიღებ ამას არავისგან. ამოიღეთ ის საქმე, რაც გააგზავნეს სასამართლოში. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ამაზე მე ნუ მეკითხებით, ეს ჰკითხეთ იმათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.