„სომხეთი ცდილობს, ე.წ. კომპლიმენტარიზმის პოლიტიკა გაატაროს და ერთდროულად ორ სკამზე დაჯდეს“

„სომხეთი ცდილობს, ე.წ. კომპლიმენტარიზმის პოლიტიკა გაატაროს და ერთდროულად ორ სკამზე დაჯდეს“

სომხეთმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველ და გაფართოებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ბრიუსელში მომხდარი ამ ფაქტის შეფასებისას, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე, სომხეთში ბიზნესგარემოსა და ინვესტიციების შესაძლებლობას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, შეთანხმება მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.  

თავის დროზე ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის პოლიტიკურ წრეებში სკეპტიკურად უყურებდნენ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის-რუსეთის გამო. სომეხი ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ წინა შეთანხმების მსგავსად, ეს შეთანხმებაც „ჩავარდებოდა“. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა სომხეთ-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინიც გაჩნდა, სომხეთი აქტიურმა დებატებმა მოიცვა, რადგან ვერ გადაეწყვიტათ, რომელი საინტეგრაციო პროექტი აერჩიათ-ევრაზიული თუ ევროპული?

რუსეთის მიმართ რიდი რომ სომხეთში მაღალია, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2017 წლის ნატო-საქართველოს წვრთვნებში მონაწილეობაზე უარი სომხეთმა სწორედ მოსკოვის გაღიზიანების ასარიდებლად განაცხადა. 

მართალია, ბრიუსელში მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ირწმუნება, რომ სომხეთი წარმატებით უთავსებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირთან თანამშრომლობას, მაგრამ საინტერესოა, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმება ხომ არ შეუშლის ხელს სომხეთს რუსეთსა და ევროპასთან ლავირებაში?

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სომხეთის მიერ ევროკავშირთან დადებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმება სულაც არ არის იმავე წონის, როგორც ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს. თავის დროზე, როცა სომხები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაშინვე განაცხადეს, რომ ყოველნაირად ეცდებოდნენ, შეენარჩუნებინათ ურთიერთობა დასავლეთთან და, მათ შორის, ევროკავშირთანაც. ამიტომ ამ სცენარისთვის მოსკოვი მეტ-ნაკლებად მზად იყო.

„თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ძალიან ბევრი რუსი პოლიტიკოსი მაინც გაღიზიანდა სომხეთის საქციელით. მათ ეშინიათ, არ განმეორდეს იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინული სცენარი, როდესაც იანუკოვიჩი თითქოსდა პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ყველამ ვიცით, საბოლოოდ ეს როგორც დამთავრდა. რუს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს არც ის ავიწყდებათ, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლით ყველა სომეხი არ არის ბედნიერი და ეს იქაური საზოგადოების უკმაყოფილებასაც იწვევს. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ სომხეთი თანდათანობით კარგავს სუვერენიტეტს რუსეთთან დადებული სხვადასხვა ხელშეკრულების გამო. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი ცდილობს, სომხეთს გადასცეს შეიარაღება და, ამავე დროს, შეიარაღებას ყიდის აზერბაიჯანზეც. მთლიანობაში,  სომხეთი ცდილობს, გაატაროს ე.წ. კომპლიმენტარიზმის პოლიტიკა და ერთდროულად ორ სკამზე დაჯდეს. არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვს, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით სომხეთი ახერხებს ორ სკამზე ჯდომას. სომხეთს სურს, ევროკავშირისგანაც მიიღოს ბენეფიტი, როგორც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ და რუსეთისგანაც. ხანდახან სომეხი პოლიტიკოსები ცდილობენ, ისე „გაყიდონ“ ეს შეთანხმება, თითქოს ეს ისეთივე დონისაა, როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რაც ასე არ არის“,-აცხადებს კორნელი კაკაჩია.   

მისივე განმარტებით, ევროკავშირს კარგად ესმის სომხეთის მძიმე მდგომარეობა და არ სურს, ხელი კრას არა მარტო სომხეთს, არამედ აზერბაიჯანსა და ბელორუსს, რომლებიც დღეს არ არიან მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, თუნდაც დემოკრატიული და სხვა თვალსაზრისით. ევროპა ცდილობს, ამ ქვეყნებს რაღაცნაირად შეუნარჩუნოს შანსი, რომ მომავალში, თუკი რაღაც შეიცვლება ამ ქვეყნებში და ისინი დაადგებიან დემოკრატიისა და ევროკავშირის პოლიტიკას, ჰქონდეთ გარკვეული შესაძლებლობები. ევროპეიზაციის პროცესს, რომელიც დაწყებულია სამ ქვეყანაში (უკრაინა-მოლდოვა-საქართველოში) შესაძლებელია, სომხეთმაც აუბას გვერდი და მომავალში საბოლოოდ გადაწყვიტოს, საით ურჩევნია-ევრაზიულ კავშირში თუ ევროპისკენ.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას პირდაპირ არ ეუბნებიან სომხებს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეტექსტი სწორედ ასეთია. ასოცირების ხელშეკრულება სერიოზულ ვალდებულებებს ითვალისწინებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, შეუთავსებელია ევრაზიულ კავშირთან. ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურაა. ამიტომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობა იმიტირებული იქნება, მაგრამ სომხეთისთვის ეს ცუდი სულაც არ არის. რაც მთავარია, სომხები ცდილობენ, ამ ხელშეკრულებით მიაღწიონ იმას, რასაც საქართველომ მიაღწია-უვიზო რეჟიმს და უამრავ სხვა რამეს“,-აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, სომხეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მდგომარეობა კიდევ უფრო ცუდია იმ მხრივ, რომ იგი საერთოდ არ აპირებს ევროკავშირთან სერიოზულ თანამშრომლობას.

თუმცა ამას წინათ აზერბაიჯანელებმა ბენელუქსის სახელმწიფოებთან დადეს ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ სამივე ქვეყანაში უვიზო რეჟიმი ექნებათ აზერბაიჯანის მოქალაქეებს. ასე რომ, სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოს სხვადასხვა სტრატეგია აქვს არჩეული.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სომხეთი საერთოდ ძალზე ჭკვიანურად იქცევა და ყოველგვარი მტკივნეული კატაკლიზმების გარეშე ევროპასთანაც ალაგებს ურთიერთობას და ევრაზიულ კავშირთანაც.

პოლიტოლოგის განმარტებით, რუსებს უარყოფითი რეაქცია აქვთ ნატოზე, თორემ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა შესაძლოა, რუსებმა თავის სასიკეთოდ გამოიყენონ.

„სომხეთს კარგი პირობები აქვს, რადგან რუსეთთანაც აქვს დალაგებული ურთიერთობა, ძლიერი დიასპორის ხარჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და ევროპასთანაც. ჩვენი სამხრეთელი მეზობლები საკმაოდ ჭკვიანურად იქცევიან და არა მგონია, რუსეთმა ამის გამო პრობლემები შეუქმნას სომხეთს. არც ის მგონია, რომ ევროკავშირთან ხელმოწერა რუსეთთან შეთანხმებული არ ყოფილიყო. მოგეხსენებათ, სულ ახლახანს ერთმანეთს შეხვდნენ სარგსიანი და პუტინი და, ალბათ, ევროკავშირთან ყოვლისმომცველ და გაფართოებულ შეთანხმებაზეც ისაუბრეს. ასე რომ, რუსეთისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა“,-აცხადებს თამარ კიკნაძე.