„ინფორმაციული ომის მოგება ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“

„ინფორმაციული ომის მოგება ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“

რუსეთთან ინფორმაციული ომის წარმოებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 1,1 მილიონ ევროს გამოყოფს. ბრიტანული გამოცემა „The Gardian“-ის თანახმად, „სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის“ დაფინანსება უკვე შეტანილია ევროკავშირის 2018-20 წლების ბიუჯეტში.

საუბარია ევროკავშირის სპეციალურ სამუშაო ჯგუფზე „East StratCom Task Force“, რომელიც სწორედ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა. წელს კი ბრიუსელისგან ოფიციალურ დაფინანსებას მიიღებს. დაფინანსების თაობაზე ზომები ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადების შემდეგ მიიღეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სახით ევროპას რეალური პრობლემები შეექმნა.

სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის მიზნობრივი აუდიტორია, პირველ რიგში, აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა გახდებიან.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთთან ინფორმაციული ომის წარმოებისთვის ევროკავშირის მიერ თანხების გამოყოფა მთავარი არ არის. ბევრად უკეთესი იქნებოდა მიზნობრივ ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

„მე ცოტა სხვა აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ყოველწლიურად 1,1 მილიონ ევროს გამოყოფა, ინფორმაციული ომის მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მასმედიასა და სხვა საშუალებებზე ფულის გამოყოფა საკმარისი იყოს. მთავარია, ამ ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აღმავლობის გზას დაადგეს. ყველაზე დიდი პიარი სწორედ ეს იქნება. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქმე მთლად კარგად არ არის. ჩვენს მასმედიაში ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს. თუმცა უცხოელი სტუმრები, საზღვარგარეთელი პროფესორები როდესაც ჩამოდიან, ხშირად ვესწრები ამ შეხვედრებს და ისინი ძალზე გახსნილად საუბრობენ იმაზე, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს სერიოზული დეზინტეგრაციული პროცესები. ასე რომ, იქაც პრობლემებია.

ევროკავშირს ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენისთანა სახელმწიფოების თავის გავლენის ორბიტაში მოქცევა მათთვის დადებითი ფაქტორია, რათა საქართველომ პირი არ იბრუნოს რუსეთისკენ და დარჩეს დასავლეთის გავლენის ორბიტაში, მაგრამ, ალბათ, მეტი ზრუნვაა საჭირო ამ ქვეყნების ხელისუფლებების მხრიდანაც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირმაც ხელი უნდა შეგვიწყოს ამ პროცესებში“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე აზრით, სწორედ ეს იქნება ყველაზე კარგი პიარი და არა მასმედიაზე დახარჯული ფული, რომელიც საეჭვოა, ეფექტური იყოს. ისედაც ბევრი ფული იხარჯება მასმედიასა და პიარტექნოლოგიებზე, მაგრამ ყველაზე კარგი პრაქტიკული შედეგის დადებაა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთთან ინფორმაციული ომის წარმოებისთვის ევროკავშირისგან გამოყოფილი 1,1 მილიონი ევრო საკმარისი არ არის, მაგრამ ევროკავშირის ამგვარი გადაწყვეტილება მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. მით უმეტეს, რომ ევროკავშირში ცოტა რთულად იყო საქმე იმასთან დაკავშირებით, რათა დაერწმუნებინათ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო ასეთი ბრძოლისთვის თანხის გამოყოფის აუცილებლობაში.

„ევროკავშირში სხვადასხვა მიდგომებია, სხვადასხვა წევრი სახელმწიფოები განსხვავებულად უყურებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის კონტექსტში. 1, 1 მილიონი ევრო შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ დიაგნიოზი დაისვას და რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში ანალიზი გაკეთდეს, ამის დასაწყებად ცუდი ნამდვილად არ არის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უშუალოდ გრძნობენ რუსეთის მხრიდან ზეწოლას, თავადვე გამოყოფენ თანხებს ამის აღსაკვეთად. ამას ემატება შეერთებული შტატების კონგრესის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თანხები. ასე რომ, მთლად უიმედო სიტიუაცია არ არის. ბუნებრივია, ევროკავშირისგან შესაძლოა, ცოტა უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.