„ალბათ, კვირიკაშვილსაც აქვს თავისი ამბიცია და კალაძეს ხალიჩებს არავინ დაუგებს“

„ალბათ, კვირიკაშვილსაც აქვს თავისი ამბიცია და კალაძეს ხალიჩებს არავინ დაუგებს“

მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რიგი სამინისტროების შერწყმა-გაერთიანებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მთავრობის მხრიდან მოთხოვნილია საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და საკითხი მომავალი სესიის დღის წესრიგშია.

საჭირო რომ იყო ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირება, ოპტიმიზაცია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ექსპერტული წრეები მაინც თვლიან, რომ გარკვეული, პოლიტიკური ქვეტექსტებიც იკითხება ამ ცვლილებებში. გამოკვეთილია თუ არა, საბოლოო მიზანი, რა სურს ხელისუფლებას - ის, რომ სახელისუფლებო პოლიტიკურ ველზე შემოიყვანოს ან გააძლიეროს რამდენიმე ფიგურა, თუ მთავრობა არ იყო ეფექტური და რაღაც უნდა შეცვლილიყო - ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, ბევრი ითქვა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ რომელ ვერსიას თვლით უფრო სარწმუნოდ, ეს არის პოლიტიკური გადათამაშება, თუ ცვლილებები რეალურად სჭირდებოდა მთავრობას?

- ფიგურების შემოყვანა ხელისუფლებას უფრო გაუადვილდებოდა, თუ უფრო მეტი სამინისტრო იქნებოდა - ანუ სამინისტროების შემცირება ფიგურების შემოყვანასთან პირდაპირ კავშირში, რა თქმა უნდა, არ არის.

ამასთან, არც მგონია, „ქართული ოცნება“ ძლიერი პოლიტიკური ფიგურებით იყოს სავსე. ზოგადად, საქართველოში ადამიანური რერსურსების ძალიან მკვეთრი დეფიციტია და მით უმეტეს, ცალკე აღებულ რომელიმე პარტიაში, არა მარტო „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ.

ზოგადად, ოპტიმიზაცია, მით უმეტეს - მთავრობის, უფრო ეფექტური საქმიანობისთვის გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს. რამდენად ეფექტური იქნება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მიზანი მაინც ეს არის და პოლიტიკური დივიდენდებიც ხელისუფლებამ იქიდან უნდა მიიღოს, რომ მთავრობა დაიწყებს უფრო ეფექტურ მუშაობას, დაზოგავს ხარჯებს და ამომრჩეველთან „ქართული ოცნება“ გამოჩნდება პირნათელი.

პოლიტიკური მიზანიც ეს შეიძლება იყოს, სხვას ვერ ვხედავ, რადგან ახალი და ძლიერი ფიგურების შემოყვანა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერი რაოდენობის სამინისტროების შემთხვევაში და ამისათვის ასეთი რეფორმების განხორციელება ხელისუფლებისათვის მაინც და მაინც მომგებიანი არ არის.

მხედველობიდან გვრჩება ერთი რამ - რეორგანიზაცია, როგორიც არ უნდა იყოს ის, ადამიანთა გარკვეული რაოდენობის და გარკვეული ფენის უკმაყოფილებას გამოიწვევს - გარკვეული კატრეგორია დაკარგავს სამსახურს, ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს და ა.შ. ასე რომ, ასეთი ტიპის, ანუ მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები რომ რაიმე სიკეთეს მოუტანს ხელისუფლებას, ასე არ არის.

თუ ხელისუფლება გახდება უფრო ეფექტური, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ასეთი რეფორმა გამართლებული და პოლიტიკური კაპიტალი, რომელსაც ხელისუფლება მიიღებს, გადაწონის იმ უარყოფით ნაწილს, რაც რეფორმებმა გააჩინა განაწყენებული ადამიანების სახით.

სხვადასხვა ვერსიები გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ამ მასშტაბის ცვლილება სრულიად მოულოდნელად გახმოვანდა, თუმცა ცალკეული მინისტრების შესაძლო შეცვლის შესახებ კულუარებიდან ჟონავდა ცნობები... ითქვა ისიც, რომ კალაძის დასაბალანსებლად მოხდა გადალაგება, რადგან არ დარჩენილიყო პრემიერობისკენ სავალ გზაზე კონკურენტების გარეშე...

- კალაძეს რომ ასეთი განზრახვა ჰქონდეს, ამაში არც საჭორაოა რამე და არც დასაძრახი, იმიტომ, რომ მან გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე. იყო პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მინისტრი, ახლა არჩეული მერია, ანუ მან გაიკეთა პოლიტიკური კარიერა და მომავალი არჩევნების დროს პრეტენზია თუ ექნება, რომ ჩაანაცვლოს პრემიერი, სრულიად ბუნებრივია.

მთავარი ის კი არ არის, რა სურს კალაძეს, არამედ რა მეთოდებით შეეცდება თავისი სურვილების თუ მიზნების რეალიზებას და ეს სხვა საკითხია.

სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მერობის არჩევნები კალაძემ ხომ ნამდვილად მოიგო? - იქნებოდა თუ არა მეორე ტური, კალაძეს კონკურენტი ოპოზიციიდან ნამდვილად არ ჰყავდა. ის დამსახურებულად არის თბილისის მერი, რადგან ამომრჩევლის უმეტესობამ მხარი დაუჭირა. თუ ასეთი სტილით იბრძოლებს, იმისთვის, რომ გახდეს პრემიერი, მივესალმებოდი ასეთ სიტუაციას, რადგან ეს არის ის ჯანსაღი ფორმა, რითაც ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს.

კალაძე არის ის ფიგურაც, რომელიც ხელჩაკიდული არ მოუყვანია ბიძინა ივანიშვილს, ეს მინდა იყოს თქვენი მერიო - ესეც აძლევს გარკვეულ დივიდენდს?

- ვიდრე კენჭს იყრიდა, მანამდეც გარკვეული იყო, რომ ის იქნებოდა თბილისის მერი და ივანიშვილის დახმარება არ სჭირდებოდა. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ კალძეს ებრძოლა დამოუკიდებლად, იმდენად სუსტი და უღიმღამო იყო ოპოზიცია, გავბედავ და ვიტყვი, ისევ ნარმანია რომ დაესახელებინა „ქართულ ოცნებას“, შესძლოა, მეორე ტურით, მაგრამ მაინც მას მოეგო.

ივანიშვილის ჩარევას მუდმივად წამოაძახებდნენ და კალაძისთვის წამგებიანი უფრო იქნებოდა ვიდრე - მომგებიანი. ამით ივანიშვილის საქმეც გაკეთდა - საზოგადოების თვალში მისი დისტანცირება მოხდა თბილისის მერისგან და მოვლენებიც ისე წარიმართა როგორც მას სურდა.

მეორე მომენტია, რომ თუ კალაძე პრემიერობა მოუნდა, მას ხალიჩებს არავინ დაუგებს, რადგან პოლიტიკა არ არის მეგობრულ ურთიერთობათა ადგილი - არ მგონია, დღევანდელი პრემიერი იმაზე ოცნებობდეს, მისი ადგილი ვინმემ დაიკავოს.

მერკელმაც კი ვერ მოახერხა, გამარჯვებულის პოზიციით დაეტოვებინა თანამდებობა, ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ალბათ, კვირიკაშვილშაც აქვს თავისი ამბიცია და ამიტომ ვამბობ, რომ კალაძეს ხალიჩებს არავინ დაუგებს და ყველას, ვისაც მოუნდება ეს სავარძელი, ბრძოლა მოუწევს. ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს, თუ ბრძოლა და დაპირისპირება ჩაჯდება პოლიტიკური ურთიერთობების ფარგლებში. თუ ამ მიმართულებით წავა პროცესები, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება კარგი, რადგან ქვეყნის წონიანი ფიგურები ერთმანეთს კი არ ჩაძირავენ, არამედ, გააკონტროლებენ. თუ შიდა კონტროლი იქნება, ამით ქვეყანა მოიგებს.

ითქვა ისიც, რომ ქუმსიშვილის გაძლიერებით, ბახტაძისა და გახარიას სხვა რანგის პოლიტიკურ მოედანზე შემოყვანით იხსნება ერთგვარი, სასტარტო პერიოდი მომავალ არჩევნებამდე...

- როდესაც პრემიერი მოდის, ის მოდის თავისი გუნდით, ისინი ერთ ნავში სხედან და თუ იძირება პრემიერი, იძირება თავისი მთავრობით - მერე ვერ იტყვიან, რომ პრემიერი იყო ცუდი, ხოლო დანარჩენები - კარგები - ასე არ არის... ანუ მთავრობის შიდა კონკურენცია ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გამოვა. ვინ როგორ წარმოაჩენს თავს, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ პრემიერს მთავრობაში გაუჩნდეს ოპონენტი, არ არის პოლიტიკური თამაშის წესიერი მეთოდი.

რა გამოდის - პრემიერი უნდა შეეცადოს, რომ მთავრობამ კარგად არ იმუშავოს? მაშინ პრემიერი როგორ იქნება წარმატებული? რაც შეეხება კალაძეს, არც მისი ოპოპნენტები არ შეიძლება იყვნენ მინისტრები, იმიტომ, რომ არც ეს იქნება პოლიტიკურად გამართული თემა. არ მგონია ისე მოხდეს, რომ იმის შიშით, კალაძე არ გახდეს პრემიერი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის განვითარება დაბლოკოს - ან პირიქით, კალაძემ იმისთვის, რომ მოიპოვოს პრემიერის სავარძელი, ცენტრალური ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები გამართოს - ეს ხომ წარმოუდგენელია?!

არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთს იყოს დაპირისპირებული, თუმცა კონტროლი და ჯანსაღი კონკურენცია სხვა თემაა. ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ არ შეიძლება კალაძე და რომელიმე მინისტრი იყოს ერთმანეთის კონკურენტი - არ ჯდება ეს ნორმალური პოლიტიკური თამაშის ფარგლებში.

როდესაც პოლიტიკურ თამაშებზეა საუბარი, საქართველოში გვინახავს თამაშის აკრძლული წესების ტირაჟირებაც - შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილიც ერთი გუნდი იყო თავის დროზე... ჩვენს ოპოზიციას თუ გადავხედავთ, მაშინდელი ოპოზიციისგან დიდად არ განსხვავდება პოლიტიკური პერსპექტივების თვალსაზრისით მაინც, და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ახლაც ხომ არ მოხდება ხელისუფლებიდან ოპოზიციური გუნდის გამოცალკევება?

- მე ვთქვი კიდეც, მედიასთან საუბრისას, რომ მაცდურია ოპოზიციური სპექტრის არარსებობა, რადგან შესაძლებელია, როგორც „მოქალაქეთა კავშირმა“ შვა „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნების“ წიაღშიც შეიძლება გაჩნდეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მაშინ სხვა კონფიგურაცია იყო - შევარდნაძე თავისი მთავრობით იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, ჟვანია - საკანონმდებლო. როდესაც ჟვანია წავიდა „მოქალაქეთა კავშირიდან“, ის გადადგა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და თავის გუნდთან ერთად წავიდა ოპოზიციაში.

სააკაშვილი იყო ოპოზიციის მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, მერი - ვანო ზოდელავა - სახელისუფლებო გუნდიდან და როდესაც ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იყო მისაღები, საკრებულო ამას არ ბლოკავდა.

არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ გამოეყოს რომელიმე ფრთა და ოპოზიციაში წავიდეს, მაგრამ იმ კონფიგურაციით, რომ თან პოსტი შეინარჩუნო და თან ოპოზიციაში იყო, ეს არ გამოდის - ანუ არ მგონია სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება მივიღოთ.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შედარებით ნაკლებად განიხილება, რადგან შეთქმულების თეორიები უფრო იზიდავს საზოგადოებას - ხელისუფლებას ეს სჭირდება ხალხის გულის მოსაგებად, რადგან მუდმივად მიდის წამოძახება გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების გამო. ამის გარდა, მთავრობა შეეცდება თავისი 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებასაც, რადგან ეს იქნება მისი სავიზიტო ბარათი მომავალი არჩევნებისთვის. თვლით, რომ ეს სცენარი უფრო რეალურად გამოიყურება?

- ვფიქრობ, სწორედ ამისი მცდელობაა. არ მგონია, მთავრობას ხარაკირის გაკეთება სურდეს. ეცდება, უფრო მობილური და ეფექტური გახდეს. სხვა შემთხვევაში ამ რეფორმის ახსნა შეუძლებელია. არ ველოდები, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია დიდ გარღვევას მოახდენს - ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა სხვანაირად ფიქრობს.