საქართველოში ფრენბურთი კარგად განვითარებული არ გახლავთ და პოპულარობით ფეხბურთს, რაგბისა და კალათბურთს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ბოლო წლების განმავლობაში ქართველმა ფრენბურთელებმა სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობებზე გამოსვლა კი დაიწყეს მაგრამ სამწუხაროდ წარმატებებს ვერ აღწევენ. იყო გამონაკლისებიც. პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქვიშის ფრენბურთელებმა, „გაქართველებულმა“ ბრაზილიურმა წყვილმა გეორ-გიამ საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა, ქალთა ბრაზილიურმა დუეტმა საქა-რთველომ კი რამდენიმე შეხვედრის მოგება შეძლო. ევროპის კონტინენტზე, ფრანგული „კანის“ ღირსებას წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა თბილისში გაზრდილი ნატალია რევა. ეს არის და ეს.
ახალგაზრდა გულშემატკივრებს მართლა გაუკვირდებათ და ფრენბურთში ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ამ წარმატებას 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვაჟა კაჭარავამ მიაღწია, რომელიც სსრკ-ის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა.
ბატონი ვაჟა დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.
...ჩემს ცხოვრებაში ფრენბურთი 40-იანი წლების ბოლოს შემოიჭრა. მახსოვს, მამის მშობლიურ ქალაქში, აბაშაში ვისვენებდი. ჩვენს მეზობლად ალეკო ჩოჩია ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს, ქვიშხეთიდან ჩამოსულმა, ბებიას სარეცხი ჩამოაღებინა და მე და ჩემს მეგობრებს ცარიელ თოკებთან ბურთით თამაში შემოგვთავაზა. წესები არ ვიცოდით, მაგრამ ალეკომ აგვიხსნა და მას შემდეგ, როცა კი სახლში გვხვდებოდა, სულ ფრენბურთზე გვეპატიჟებოდა.
„ჩვენ „დინამოს" სტადიონთან ახლოს, მაშინდელ ტრამვაის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მეზობლად „დინამოს" მეკარის ვალტერ სანაიას სახლი იყო. ამის გათვალისწინებით, ყველანი ფეხბურთით ვიყავით „მოწამლულები". მე სანაიას ვბაძავდი და კარში ვიდექი. ერთხელ ძლიერად დარტყმული ბურთი ალაყაფის კედელს მოხვდა და აგური თავზე დამეცა. სისხლი წამსკდა, ქალებმა კი წივილ-კივილ ატეხეს... ის ნაიარევი ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც მეტყობა.
გუშინდელივით მახსოვს ჩვენს ეზოში ბორის პაიჭაძის მოსვლა. ნასვამი იყო, ცხადია, ყველა შემოვეხვიეთ, მან კი თავზე ხელი გადაგვისვა, მოგვეფერა და გვითხრა: ისწავლეთ ბიძიკო, ისწავლეთ, მაინცდამაინც ფეხბურთს ნუ გადაყვებითო. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დრო და ქართული ფეხბურთის ლეგენდა ისე დამელაპარაკებოდა, როგორც ტოლი - ტოლს.
ფრენბურთში ვარჯიში გვიან დავიწყე. 15 წლისა ვიყავი, როცა კალათბურთში სკოლის პირველობაზე ჩემი მეგობრის ზურიკო ვორონიაკის წინააღმდეგ ვითამაშე. ის მაშინ ფრენბურთში ვარჯიშობდა და საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრიც იყო. თამაშის შემდეგ ფრენბურთზე ჩამომიგდო სიტყვა და მასთან ერთად სავარჯიშოდ წასვლა შემომთავაზა. 1952 წლის შემოდგომა იდგა, ჩვენ პიონერთა სასახლის უკან, სპეციალურ მოედანზე ვვარჯიშობდით. ჩემი პირველი მწვრთნელი შოთა მარგიშვილი იყო, დიდებული მოთამაშე. ასე დაიწყო ყველაფერი...
ოჯახში ჩემს გატაცებას დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. დიდუბიდან პიონერთა სასახლემდე ჯერ 10 ნომერი ტრამვაით და მერე ფეხით დავდიოდი. სპორტული ფორმა მუყაოს ყუთით დამქონდა - კი, იყო ასეთი ამბები... ძალიან მიყვარდა ტრამვაის ფანჯრიდან ქუჩებში ცქერა - კოლმეურნეობის მოედანი ჩემთვის პარიზი იყო! შინ მისვლის შემდეგ, დედა სველ ფორმას რომ ამოალაგებდა, ძალიან ბრაზობდა, მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში საყვედური აღარ დასცდენია: მუდმივმა ვარჯიშმა უფრო ღონიერი გამხადა, ტანი ავიყარე, მოვღონიერდი, კუნთები დამეტყო და ავადმყოფობაც უკვალოდ გაქრა.
ძალიან მალე გავხდი წარმატებული მოთამაშე. ვარჯიშის დაწყებიდან 8 თვეში რესპუბლიკის მოსწავლეთა ნაკრების შემადგენლობაში ყაზანში, საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზე - ყველა შეხვედრაში სასტარტო ექვსეულში ვიდექი და უძლიერეს თავდამსხმელად დამასახელეს! მომდევნო წელს უკვე ჭაბუკებში გავხდი საუკეთესო, 1957 წელს კი პირველი დიდი წარმატება მოვიდა: საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს!
ჩემს შესახებ ჟურნალისტის წერილი პირველად 1954 წელს „სოვეტსკი სპორტში" დაიბეჭდა. ახლაც სიტყვასიტყვით მახსოვს რა ეწერა: „საქართველოს მოსწავლეთა ფრენბურთელებში გამორჩეულია მისი კაპიტანი ვაჟა კაჭარავა. ამ ახალგაზრდას აქვს ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმა". სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი!
60-იანი წლების დასაწყისში ქართულ ფრენბურთში ძალიან კარგი თაობა მოვიდა - 1960 წელს ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით და პირველივე წელს მეხუთე ადგილზე გავედით. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ იმ წლების „ქარიშხალა" ფრენბურთელ ვაჟთა საუკეთესო ქართული გუნდი იყო ისტორიაში!
1961 წელს საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩეხოსლოვაკიის ძალიან ძლიერ ნაკრებს 3:2 ვძლიეთ. მახსოვს, მატჩი საქართველოს ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა, კომენტატორი კი ცხონებული კოტე მახარაძე იყო. ჩემთან ერთად იმ შეხვედრაში სტანისლავ ბუინოვი, ვლადიმერ გავრილენკო და ედუარდ აბიტკო თამაშობდნენ. მალე ოთხივენი მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონები გავხდით!
მახსოვს, 1961 წელს თბილისში „ქარიშხალამ" საკავშირო პირველობის ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო. თამაშებს ლენინის სახელობის დარბაზი მასპინძლობდა. პირველ მატჩში რიგის გუნდის დამარცხებას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ მომდევნო შეხვედრაზე ცხენოსანი მილიცია იცავდა წესრიგს! ჩემი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები ჰქონდათ, თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დარბაზში ვერ შემოვიდნენ.
1963 წელს საქართველოს ნაკრები, რომელიც ფაქტიურად „ქარიშხალას" მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე მესამე ადგილზე გავიდა.
1959 წელს, ხალხთა სპარტაკიადის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიმიწვიეს. იმ დროს გუნდის მწვრთნელი გივი ახვლედიანი იყო. ნაკრებში მიწვეული რამდენიმე შეხვედრაში გამომცადეს, მერე კი მითხრეს, რომ თუ ქვეყნის პირველ გუნდში მუდმივად ასპარეზობა მსურდა, აუცილებლად მოსკოვში უნდა გადავსულიყავი, რაც ძალიან არ მინდოდა - მაშინ თბილისის გარდა სხვაგან ცხოვრებას თუ შევძლებდი, ვერ წარმომედგინა. „ქარიშხალას" ხელმძღვანელებმა მითხრეს, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთო, მაგრამ ასე არ მოხდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებიც 1960 და 1962 წლებში მსოფლიო ჩემპიონი ჩემს გარეშე გახდა, არადა, ჩემი მაშინდელი ფორმის გათვალისწინებით, ძირითადის მოთამაშე უნდა ვყოფილიყავი.
განსაკუთრებით გულსატკენია 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მეორედ დაკარგული შანსი. ამაში თავისი წვლილი „შეიტანა" სპორტსაზოგადოება „ქარიშხალამ", უფრო სწორად კი მისმა რამდენიმე მესვეურმა. ყველაფერი ასე იყო: მსოფლიო ჩემპიონატს წინ უსწრებდა ჩინეთში დაგეგმილი დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა. სტალინის კულტის გამო, ჩინეთს საბჭოთა კავშირთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ტურნირიც აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ეს იმას ნიშნავდა რომ საბჭოელების წაგება არ შეიძლებოდა. ამიტომაც მოსკოვში ყველა უძლიერესი ფრენბურთელი იხმეს, მათ შორის მე. თბილისში დეპეშა დამიმალეს - მალევე ტარდებოდა საკავშირო უნივერსიადა, რომელშიც ჩემი, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის, გეპეის გუნდიც მონაწილეობდა. მოსკოვში ჩემი არჩასვლა ქედმაღლობად მიიჩნიეს და არ მაპატიეს - ნაკრებს მიღმა დამტოვეს... დეპეშის ამბავი მოგვიანებით შევიტყვე.
ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადისთვის საგანგებო რეჟიმში ვემზადებოდით, თითქმის 10 თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ყოველი 25 დღის შემდეგ კი 5 დღით გვასვენებდნენ. ნაკრებში მოხვედრა არ გამჭირვებია - მწვრთნელებმა მაგრძნობინეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. გუნდის მაშინდელმა კაპიტანმა იური ჩესნოკოვმა მწვრთნელების დანაბარები გადმომცა: არ ინერვიულოს, ჩვეულებრივად ივარჯიშოს, კონკურენცია მას არ ეხებაო... მეც ვვარჯიშობდი და მშვიდად ველოდი თამაშების დაწყებას.
იაპონიაში ჩვენი მთავარი კონკურენტები მასპინძლები, რუმინელები და ჩეხოსლოვაკიელები იყვნენ. ყველას ვაჯობეთ! ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, ასე ნაღდად არ ყოფილა, მაგრამ მთავარს ხომ მივაღწიეთ?! ჩემპიონები გავხდით, ოლიმპიური ჩემპიონები!
ოქროს მედლებისთვის ათი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა. ჩვენ 3:0 მოვუგეთ რუმინელებს, ჰოლანდიელებს, სამხრეთ კორეასა და უნგრეთს, ჩეხოსლოვაკია 3:2 დავამარცხეთ, შემდეგ კი მასპინძლებთან 1:3 წავაგეთ. უკანასკნელ ორ შეხვედრაში აუცილებლად 3:0 უნდა მოგვეგო. ჯერ ბულგარელებს ვაჯობეთ, ოქროს მედლები კი ბრაზილიასთან პაექრობაში მოვიპოვეთ - 15:6, 15:5 და 15:4! მოსკოვში დაბრუნებულებს კრემლში გვიმასპინძლეს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ კოსიგინმა კი პირადად მოგვილოცა წარმატება. იმ საღამოს მან ჩვენი გამარჯვება პარტიის „სასიკეთოდ" გამოიყენა და გაუთავებლად ილაპარაკა კაპიტალისტურთან შედარებით საბჭოთა სისტემის უპირატესობაზე
ოლიმპიადის წინა წელს გუნდთან ერთად პირველად ჩავედი ტოკიოში და იქაური უნივერსიტეტის ერთი სტუდენტი, კავკასიოლოგი კოიჩი ინოუ გავიცანი. ძალიან აინტერესებდა საქართველო და მეც, დროგამოშვებით, „ორერას" ფირფიტებს და ქართულ სახელმძღვანელოებს ვუგზავნიდი. მას ოლიმპიადის დროსაც შევხვდი.
ოლიმპიური თამაშების შემდეგ მოსკოვის „დინამოში" 7 წლის განმავლობაში გამოვდიოდი. „დინამოსთან" ერთად ჩემი საუკეთესო შედეგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დაკავებული მესამე ადგილია. იქ ასპარეზობას დადებითი ის ჰქონდა, რომ ნაკრებში პრობლემებს არ მიქმნიდნენ: 1965 წელს მსოფლიო თასი მოვიგე, 1967 წელს კი თურქეთში ევროპის ჩემპიონატში ვიმარჯვეთ. სხვათა შორის, ჩვენი ნაკრებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო კონტინენტის პირველობაზე.
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1968 წელს მეხიკოშიც მოიგო ოლიმპიადა, მაგრამ იმ დროს ნაკრებში აღარ ვიყავი. საქმე ასე იყო: „დინამოდან" გამთამაშებელი წავიდა და მისი ადგილი მე დავიკავე. როგორც გამთამაშებელი, ნაკრებში ვეღარ ვხვდებოდი, მაგრამ ცხადია, სხვა მხრივ არაფერი დამეწუნებოდა.
ფრენბურთელის კარიერა 1971 წელს, საკავშირო სპარტაკიადაზე დავასრულე. იმ დროს მოსკოვის ნაკრებში გამოვდიოდი. მახსოვს, ჩემს უკანასკნელ თამაშში 15-დან 9 ქულა გუნდს დაფარებით შევძინე...
1971 წელს მოთამაშის კარიერასთან ერთად მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელიც დავასრულე რაკეტის მართვის სპეციალისტის დიპლომით. არაერთ სამსახურს მთავაზობდნენ, მათ შორის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ განყოფილებაშიც, იყო მილიციის ვარიანტიც - ტექნიკურ ექსპერტად უნდა წავსულიყავი, მაგრამ მსურდა სპორტთან კავშირი არ დამეკარგა და თან, პროფესიითაც მემუშავა. ასე მოვხვდი ფიზკულტურის კათედრის ხუთკაციან ჯგუფში, რომელსაც ცნობილი მოკრივე ვალერი ბაბჩენკო ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვმუშაობდით თემაზე „სპორტი და ინჟინერია", ეს კი ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო. მოგვიანებით ბაუმანის ინსტიტუტში ქალ ფრენბურთელთა გუნდიც ჩამაბარეს, საიდანაც მალე ვაჟთა მწვრთნელად გადავინაცვლე. რამდენიმე წელიწადში საკავშირო ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, ჩვენი ერთ-ერთი მოთამაშე ვლადიმერ ჩერნიშევი კი მოგვიანებით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
1975 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის წინ მოსკოვის ფრენბურთელთა ნაკრების გაწვრთნა დამავალეს. სიამოვნებით დავიწყე მუშაობა, საბოლოოდ კი ჩემპიონები გავხდით! ამ გამარჯვებისთვის რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მომანიჭეს, წლების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებსა და ჭაბუკთა გუნდებში კარგი მუშაობისთვის სსრკ დამსახურებული მწვრთნელიც გავხდი.
1982 წელს საქართველოში დავბრუნდი. ჯერ ერთი, დედაჩემი უკვე მოხუცებული იყო და მიხედვა სჭირდებოდა, მეორეც - სპორტკომიტეტიდან მთხოვეს დახმარება და მეც ძალიან მინდოდა კარგი ქართული გუნდი ჩამომეყალიბებინა. სამწუხაროდ, თბილისში იმდენ პრობლემას წავაწყდი, გაგიჟებას არაფერი მიკლდა. 80-იანი წლების ბოლოს ჩემი გაწვრთნილი „განთიადი" უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ქვეყანა აირია და ფრენბურთისთვის აღარავის ეცალა. გუნდიც ნელ-ნელა დაიშალა - ზოგი აფხაზეთის ომში წავიდა, სხვებმა უცხოეთს მიაშურეს...
1989 წელს გაზეთი „ლელო" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების იდეით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეჯავრებოდა ურაპატრიოტები და სამწუხაროდ, ასეთები იმ წლებში ძალიან ბევრნი იყვნენ, ასეთ საშვილიშვილო საქმეში რედაქციის გვერდით დადგომა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ „ლელოს" ინიციატივა საშვილიშვილო საქმე იყო! სეოკ-ის აღმასრულებელ კომიტეტშიც მოვხვდი. იქ ჩემთან ერთად არაერთი დიდებული პიროვნება იყო: ნოდარ გუგუშვილი, ავთანდილ ციბაძე, ვიქტორ სანეევი, ნონა გაფრინდაშვილი...
1995 წელს მცირე ხნით ისრაელში ვიმუშავე, ვაჟთა და ქალთა გუნდებს ვწვრთნიდი. ბავშვთა გუნდის შექმნაც მთხოვეს, მაგრამ ეს არ მსურდა. ისრაელიდან ისევ საქართველოში დავბრუნდი, ისევ დავიწყე გუნდის შენება, მაგრამ იმის გამო რომ საქმისადმი სიყვარული ვერ დავინახე, მალევე დავშალე ჩემს მიერვე შეკოწიწებული მწვრთნელთა ჯგუფი.
ჩვენი ფრენბურთის ისტორიას არაერთი გამორჩეული მოთამაშე ახსოვს. მაგალითად, კონსტანტინე ლომინაძემ პირველმა შეასრულა გვერდული მოწოდება და დარტყმა ეგრეთ წოდებული „კაუჭით"; გივი ახვლედიანს ეკუთვნის თავდასხმითი დარტყმა სამმეტრიანი ხაზის გარედან; სერგო ტრახაჩიანმა ასევე პირველმა მიიღო ნახტომით მოწოდებული ბურთი... ყველა ეს ილეთი ფრენბურთის სახელმძღვანელოებშია შესული.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კაცი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ამას ჩვენში ფრენბურთის განვითარებისთვის ხელი არ შეუწყვია. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო. არადა, ფრენბურთი დიდებული თამაშია, ყველანაირად საინტერესო.
ის, რომ ქართველი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი მაშინ, როცა ქართველები ფრენბურთს არ თამაშობენ, ორნაირად შეიძლება გაიაზრო. პირველი - გამოდის, რომ ეს ქართველი ფრენბურთელი არის გიჟი, ფანატიკოსი და იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც თავისი შრომის ხარჯზე მიაღწია ყველაფერს და მეორე - თუ ქართველები არ თამაშობენ ფრენბურთს და ასეთი ძლიერი მოთამაშე მაინც გაზარდეს, წარმოგიდგენიათ რა შედეგს მიაღწევენ, თუ საქმეს სწორად მიუდგებიან? მოკლედ რომ ვთქვა, მედლის ორ მხარეზე ვსაუბრობ...
რატომ ვერ გახდა საქართველოში ფრენბურთი პოპულარული? იცით, 50-იან წლებში სპორტის ყველა სახეობა თანაბარ მდგომარეობაში იყო, მაგრამ 70-იანი წლებიდან, როცა შედარებით მეტი ყურადღება მიექცა სპორტს, ფრენბურთმა პოზიციები დათმო - თუ სხვა სახეობების ფედერაციები დარბაზებს და არენებს აშენებდნენ, ჩვენ იმ მოედნებსაც ვკარგავდით, რომელიც გვეკუთვნოდა. 70-იანი წლების ბოლოს უკვე აღარსად იყო სპეციალურად ჩვენთვის მოწყობილი სავარჯიშო მოედანი. ცხადია, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრენბურთში ვარჯიშის სურვილით თავს არავინ იკლავდა. სამწუხაროდ, სიტუაცია არც მას შემდეგ შეცვლილა.
საქართველოში ფრენბურთელთა ხუთ თაობას ვავარჯიშებდი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ერთი მამა ვარჯიშზე არ მოდიოდა. ეგ კი არა, ერთმა ისიც მითხრა, რომ ფრენბურთი, თურმე „სირისტიანების სპორტია".
გულახდილად გეტყვით: ფრენბურთი ძალიან ბევრს კარგავს, ქართველები რომ არ თამაშობენ და პირიქით - ქართველებიც ბევრს ვკარგავთ, ფრენბურთს რომ არ ვთამაშობთ. მე მაქვს ამის თქმის უფლება, ვინაიდან ფრენბურთსაც კარგად ვიცნობ და ქართველებსაც“.