თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, შესაბამისად, ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტერორიზმში ბრალდებულის, რომლის ვინაობა მისიევე მოთხოვნით არ საჯაროვდება, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა, რადგან თავად ბრალდებული ითხოვდა პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარებას. გარდა ამისა, დაცვის განსაკუთრებული ზომები მოქმედებდა სასამართლოში. მედიას სხდომის დარბაზთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდა. სასამართლო დარბაზთან მისასვლელი, სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული.
ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ადასტურებს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც მისივე მტკიცებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რადგან ეს პიროვნება დაკავებულია მანამდე, მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მოხდა სპეცოპერაცია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იგი დუმილის უფლებას იყენებს.
„საქმის მასალებიდან გამომდინარე, საერთოდ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირს რაიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი. საქმეში ასევე არ არის არანაირი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ჩვენ ვითხოვდით ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ“, - აცხადებს იმედა ქარქაშაძე.
ბრალდების მხარის მტკიცებით კი, გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. ტერორიზმის საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა საფუძველი, რათა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი ბრალდებულს და ასევე, რა დანაშაული იგეგმებოდა ამ დაჯგუფების მიერ.
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას, ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.
გასაგებია, რომ საზოგადოების მხრიდან არის დიდი ინტერესი, მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესებიც. გამოძიების ამ ეტაპზე მე ვერ დავასახელებ, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას მიეკუთვნება ეს პიროვნება. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, შინაარსობრივად ეს ღონისძიებები არის საიდუმლო, შესაბამისად ამ ინფორმაციაზე მე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ირაკლი მარშანიამ.
რაც შეეხება სასამართლო პროცესის დახურვას, საქმის პროკურორის განმარტებით, ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე შსს-სა და სუს-ის თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით დაიხურა. რათა მისი თქმით, ამ პირთა ვინაობა არ გაჟღერებულიყო და დაცულიყო მათი უსაფრთხოება.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების გარკვეული ნაწილი გაასაჯაროვა მთავარმა პროკურატურამ. გამოძიებით ირკვევა, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ს.დ. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე მე-9 კორპუსში სამ ტერორისტთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, თანამზრახველის დაკავების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. ამის შემდეგ, მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ცეცხლი, რა დროსაც დაიჭრა სპეცდანიშნულების 4 თანამშრომელი, 1 მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ეს არის გამოძიების მიერ ამ ეტაპზე გავრცელებული საკმაოდ მწირი ინოფრმაცია. საქმის საერთაშორისო ინტერესიებიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყება დეტალებზე არ საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება შეჩერებულია, თუმცა ზოგადად, საფრთხეები არსებობს. როგორც კობახიძე ამბობს, ძალიან ხშირად რწმენა გამოიყენება როგორც საბაბი და ინსტრუმენტი, მათ შორის გარკვეული ტერორისტული განზრახვის განხორციელებისთვის.
ამ კონტექსტში კობახიძემ განმარტება გააკეთა იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლიდან, სიტყვების: - „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.
„ჩვენ გვინდოდა, ამ მუხლში დამატებით „სახელმწიფო უსაფრთხოების“ მოხსენიება და მიზეზი იყო ის, რომ ძალიან ხშირად რწმენა გამოიყენება როგორც საბაბი და ინსტრუმენტი, მათ შორის გარკვეული ტერორისტული განზრახვის განხორციელებისთვის. საქართველოში ხდებოდა კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო.
ეს პროცესი შეჩერებულია, თუმცა ზოგადად, საფრთხეები არსებობს. აქედან გამომდინარე, გვინდოდა, დამატებით მითითება ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების თაობაზე, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს ჩანაწერი ამოვიღოთ, რათა ტექსტი სრულ შესაბამისობაში იყოს ევროპული კონვენციის შესაბამისს ჩანაწერთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.