„ახალ კანონებს ევროპაში საერთო არ აქვს ადამიანის უფლებებთან, ორიეტირებულია სახელმწიფოს უფლებების დაცვაზე“

„ახალ კანონებს ევროპაში საერთო არ აქვს ადამიანის უფლებებთან, ორიეტირებულია სახელმწიფოს უფლებების დაცვაზე“

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას იგრძობოდა, რომ ამ საქმეში ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც არეშიძე ამბობს, თბილისის მოვლენების პარალელურად, მღელვარება და შეშფოთება იგრძობოდა ავსტრიაში არსებულ ჩეჩნურ დიასპორაში.

for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

რა საფრთხეებს ააცილა ხელისუფლებამ ქვეყანა? შს მინისტრის განცხადებით, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან...

მამუკა არეშიძე: პირდაპირ დამადასტურებელი საბუთი, რომ ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტი, არ გავქვს. არც საწინააღმდეგო ფაქტი გვაქვს. მე მაინც მგონია, რომ გარკვეული ბმა საზღვარგარეთთან იყო. სულ მცირე, ერთ ევროპულ ქვეყანაში გარკვეული მღელვარება შეიმჩნევა დიასპორაში. ეს ქვეყანა არის ავსტრია. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ პარალელურად, იქ ხდებოდა რაღაცა. მე შემიძლია დავეთანხმო შს მინისტრს და ვთქვა, რომ ირიბი ნიშნებით იგრძნობოდა, რომ ამ საქმეში ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა.

როგორ ფიქრობთ, რა ფორმით იყვნენ ჩართული ამ პროცესეში?

– ჩართული იყვნენ ინფორმაციის გადმოცემის, ან გაზიარების თვალსაზრისით, ან საერთო ფრონტით შეტევის კუთხით, ეს აშკარად იგრძნობა. თუმცა, არ მაქვს ამის კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები, გარდა იმისა, რომ სატელეფონო საუბრები მქონდა რამდენიმე ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებთან და ვერ შევამჩნიე რაღაცა კვალი იმისა, რომ რაღაცა განსაკუთრებული რეაქცია იყო იმაზე, რაც თბილისში ხდებოდა, ერთადერთი ქვეყნის - ავსტრიის დიასპორის გარდა. ამ შემთხვევაში შევამჩნიე, რომ იყო მღელვარებაც და შეშფოთებაც, ეს მაგრძნობინეს.

ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ავსტრიაში მცხოვრებ ქალბატონს. შეიძლება იგი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ყოფილიყო?

– ვერ გეტყვით. ამ ქალბატონის ვინაობა ცნობილია ავსტრიაში, მაგრამ მას არ აქვს იმ დიასპორასთან გავლენა, რომელთანაც მე მქონდა საუბარი. ის ქისტია. მე, ჩეჩნებთან მქონდა საუბარი.

თუ ავიღებთ სამუშაო ვერსიას, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტი, რამდენად რთული ვითარებაა შექმნილი?

მოდით, ჯერ ვიფიქროთ, რა სახის ტერორისტული აქტი შეიძლებოდა ყოფილიყო და ვის წინააღმდეგ მიმართული? მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტერორისტული აქტი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ბოლო დრომდე არ იგეგმებოდა, მაგრამ ტერორისტული აქტი შეიძლება მომხდარიყო აქ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ. ირიბად ამის დამადასტურებელი არის როგორ არის გამაგრებული ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

გარდა ამისა, თბილისში იმართებოდა რამოდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დროში ემთხვევა ერთმანეთს და რომელიც ძალიან მნიშვენლოვანია. ეს არის - საბავშო ევროვიზია; აშშ-ის და საქართველოს ნაკრების სარაგბო მატჩი; 28 ნოემბერს ტარდება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც რამოდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მსოფლიოს 26 ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრება. ეს ფორუმი და ღონისძიებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გემრიელი ლუკმა არის რეზონანსული ტერაქტის მოსაწყობად.

საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტი ვერ იქნება რეზონანსული?

– არა. ისლამური ხალიფატის ხელწერა რომ ავიღოთ, ტერაქტებს აწყობენ ისეთ ადგილებში, რომელიც რეზონანსული იქნება, მაგალითად - პარიზი, ლონდონი, ბრიუსელი. რატომ არ აწყობენ ვარშავაში, ან ვენაში? იმიტომ, რომ ისეთი რეზონანსი არ ექნება, როგორიც მათ სჭირდებათ. ამიტომ, თუ სამუშაო ვერსიას შევინარჩუნებთ, მაშინ ეს ტერაქტები დაკავშირებულია იმ ფორუმთან, რომელიც საქართველოში ტარდება.

გარდა ამისა, ძალიან საეჭვოდ გაიჟღერა კარასინის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ შეუმსუბუქდება სავიზო რეჟიმი, იმიტომ, რომ აქ ტერორისტების აქტივობა შეინიშნება; იგივე ახმედ ჩატაევის გზავნილი არაბულ პრესაში, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაანთავისუფლოს მათი მოძმენი, რომლებიც ციხეში სხედან. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში დაიწყება ტერორისტული აქტები.

ყველაფერ ამას თუ ერთ ყულაბაში მოვაქცევთ, ძალიან უსიამოვნი სურათი იხატება. მე ვფიქრობ, რომ ის რაც თბილისში მოხდა, საბოლოო ღონისძიება არ არის. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ხელისუფლება უნდა იყოს ამისთვის მზად და შესაბამისად უნდა მოიქცეს.

შესაძლებელია კვალი პანკისის ხეობაში მიდიოდეს?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელოვნურად ხდება ამ თემის პანკისის ხეობასთან ბმა. ეთნიკური წარმომადგნელობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბაზა აუცილებლად პანკისის ხეობა არის. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაზა ნელ-ნელა თბილისი ეწყობა.

ამ შემთხვევაში დისლოკაციის ადილი არის გარეუბნები?

- მიაქციეთ ყურადღება ამ გარეუბანს, სადაც ძალიან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებული დატვირთვის სტრატეგული ობიექტი - „დელტა“, სადაც მზადდება სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების ნაწილია და, რომელსაც ასევე საექსპორტო დანიშნულებაც აქვს. ასე რომ, ადამიანი შეიძლება პანკისის ხეობიდან იყოს წარმომავლობით, მაგრამ პოტენციური ტერორისტი ასეთივე წარმატებით შეიძლება იყოს როგორც ქვემო ქართლიდან, კახეთის რიგი სოფლებიდან და აჭარა-გურიის სივრციდან. თუ ადამიანი არის ისლამური ხალიფატის იდეოლოგიური მებრძოლი და იდეოლოგიურად ემორჩილება ხალიფატს, ბრძანების მიღების შემთხვევაში, ამას აუცილებალად შეასრულებს, წარმომავლობა არაფერ შუაშია - შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანი იყოს და მათ შორის ეთნიკური ქართველი.

რისკ ფაქტორად სახელდება ჯგუფი, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე იბრძოდა და უკვე დაბრუნდა საქართველოში...

- ვინ მონაწილეობდა სირიულ ავანტურაში? - უმარავი მათგანი ცოცხალი აღარ არის, უკან დაბრუნებულებიდან 2 ადამიანი ციხეში ზის. ასევე არის ერთი პიროვნება, რომელიც გაცილებით ადრე დაბრუნდა, მას არავინ არ შეეხო. ეს რაც შეეხება ქისტებს და ეთნიკურ ქართველებს. რაც შეეხება აზერბიჯანლებს, რთული დასადგენია მათი რიცხვი, ასევე გადაადგილების და მოძრაობის მარშუტები. ბევრი მიზეზია იმისა, რატომაც რთულია მათი იდენტიფიცირება.

მაგრამ საქართველოში ასევე ცხოვრობენ სხვა ეროვნების და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ამ თავალსაზრისით შეიძლება ძალიან საეჭვონი იყვნენ. როდესაც ვიღაცეებს არ უშვებენ საზღვარზე, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ისტერიკაში ვარდება, რომ აი, ადამიანის უფლებები ირღვევაო. შემოუშვებენ და მერე მორე ნაწილი ვარდება ისტერიკაში, რატომ შემოუშვითო.

ტერორისტთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა ერთ ჯამში ვერ თავსდება. ან ერთი უნდა გააკეთო, ან მეორე. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები სარგებლობენ საერთაშორისო კონვენციებით და აღწევენ ისეთ ადგილებში, სადაც შემდგომში ასრულებენ თავის დავალებებს. ადამიანის უფლებების დაცვამ და აღმსარებლობის თავისუფლებამ მოუტანა ის ვითარება დღეს საფრანგეთს, გერმანიას და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც რიგ რაიონებში სახელმწიფო კანონი არ მუშაობს და შარიათის კანონებით ცხოვრობენ ადამიანები. ეს არ ნიშნავს, რომ შარიათის კანონები ცუდია, მაგრამ არსებობს სახელმწიფო კანონმდებლობა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი უნდა დაემორჩილოს.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ დაიღუპნენ, არსებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა შორის არის აჰმედ ჩატაევი. თქვენ რა იფორმაცია გაქვთ ამ ადამიანებთან დაკავშირებით?

- თუ გავიგებთ, რომ არ არის აჰმედ ჩატაევი და არის სხვა, რა შეიცვლება მოსახლეობისთვის? მე ამ შემთხვევაში ვინაობები როგორც სპეციალისტს მიანტერესებს იმისათვის, რომ ლოგიკური ჯაჭვი შევკრა, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს აინტერესებს რამდენად არის დაცული. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რა მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი ქვეყანა.

თუ ისლამური ხალიფატის აქტიურობის პირობებში საქართველოს ჰქონდა მეოთხე კატეგორიის რისკების ნომინაცია, (პირველი კატეგორია აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორც არის საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია) ხალიფატის დაშლის შემდეგ, ვფიქრობ რისკი გაიზარდა, იმიტომ, რომ ხალიფატის მებრძოლების ნაწილმა მიიღო დავალება, რომ ისინი გაიფანტონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ევროპაში, რათა იტაკქვეშ ბრძოლა აწარმოონ.

მათ შორის დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიის მიმართულებით მიიღეს დავალება და დაიძრნენ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, რისკები გაიზარდა. 2008 წლის მერე საქართველო განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩეოდა ამ ზღვაში, რაც მის გარშემო ხდება. აზერბაიჯანშიც კი, რომელიც ჩვენი მეზობელია, მუდმივი, ჩუმი ბრძოლა მიმდინარეობს სპეცსამსახურებსა და იტაქვეშეთს შორის. ჩვენთან ასეთი ფორმა არ ჰქონდა. ლოიალური დამოკიდებულება გაჩნდა იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური ისლამის გამტარებლებად მიგვაჩნია, მაგრამ განსაკუთრებული უხეში აქტიურობით არ გამოირჩევიან, გამოირჩევიან მხოლოდ იდეოლოგიური აქტიურობით. ამის დაშვება არ შეიძლება.

ჩვენ უნდა გავიმეოროთ ის დადებითი დასკვნები, რომელიც ევროპაშია. გადახედეთ ახალ კანონებს, რომელსაც იღებს საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია. ამ კანონებს არაფერი საერთო არ აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. ორიეტირებულია სახელმწიფოს უფლებების დაცვაზე და სწორიც არის. არ უნდა დაგვეშვა, რომ პატარა პანკისიდან ეს ყველაფერი გადასულიყო მთელს საქართველოში. დღეს, პანკისის ნაცვლად 5 რაიონი მივიღეთ, სადაც რისკის ხარისხი არის ძალიან მაღალი და პლუს 2 ოკუპირებული რეგიონი. რაღა დარჩა საქართველო? უკვე თბილისში ხდება ასეთი ტიპის დაძაბულობა. სამწუხაროდ, ძალიან მოგვიახლოვდა საერთაშორისო ტერორიზმის ფრონტი.