გაზრდილი საფრთხეები და მუქარის გზავნილები საქართველოს წინააღმდეგ

გაზრდილი საფრთხეები და მუქარის გზავნილები საქართველოს წინააღმდეგ

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“, - აცხადებს შს მინისტრი გიორგი გახარია. მინისტრი არ აკონკრეტებს, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება. ამბობს მხოლოდ იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რომ  თავდაპირველად, სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი არ აკონკრეტებს, არის თუ არა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება.

ძალოვან უწყებაში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იყოს. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. ამ დრომდე უცნობია, ვინ და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მომხდარის გამო მოკლული ძმებისთვის საქართველო ათასი თავით გადაიხდის“.

სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ხორციელდება ზარები ამა თუ იმ მუქარით. შესაბამისად, ყველა შემოსული შეტყობინება და განხორციელებული ზარი იქნება მიბმული გამოძიებაზე და სერიოზულად შესწავლილი.

„რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება, თუ „ფეისბუქზე“ განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარი იქნება შესწავლილი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქვეყნის შს მინისტრი საერთაშორისო ტერორიზმის ხაზზე საუბრობს და, თუ გავითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობას და შეიარაღებას, რომელიც სამმა ადამიანმა გაუწია სპეცდანიშნულების რაზმს, ალბათ, ძნელია დაეყრდნო „კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ამტკიცებს, რომ იმ ბინაში, სადაც შტურმი განხორციელდა მამაკაცებთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსაც მიაწოდა და დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა, რაზეც სუს-ის წევრებმა მას უარი უთხრეს.

„დილით ადრე დამიკავშირდნენ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენო.

ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე, რომ მათთან მოსალაპარაკებლად შევეშვით, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა“, - აცხადებს უმარ იდიგოვი.

საპირისპიროს ამტკიცებენ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები, რომლეთა განცხადებით, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არ იცნობდნენ, რადგან ისინი მეზობლებთან კომუნიკაციაში საერთოდ არ შედიოდნენ.

გარდა ამისა, ადგილობრივები ყვებიან, რომ სპეცოპერაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, მიმდებარე ტერიტორაზე შეინიშნეს პოლიციელების ინტენსიური მოძრაობა. ასევე რამოდენიმე ავტომანქანა, რომელშიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისხდნენ. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია მამაკაცების წარმომავლობაც და სასაუბრო ენაც. ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ახალგაზრდები, ატარებდნენ წვერს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება რამოდენიმე ვერსია, მათ შორის ის, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილები მამა და ორი შვილი არიან. სანამ ოფიციალური სტრუქტურები იტყვიან, ვინ არიან სპეცოპერაციის შედეგად მოკლულები, ცნობილია, რომ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ერთი პირი რუსეთის მოქალაქეა. ბრალდებულის სურვილის შესაბამისად, მის ვინაობას არ ამხელს ადვოკატი იმედა ქარქაშაძე, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის და ის სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს“, - აცხადებს იმედა ქარქაშაძე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია ადასტურებს, რომ გაზრდილია საფრთხეები როგორც ქვეყანაში ასევე რეგიონში. მათივე შეფასებით, „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორაზე კონვენციურად მარცხდება, მაგრამ უფრო გადაერთვება მცირე ტერაქტებზე. ის, რაც თბილისში მოხდა, შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, ანალიტიკოსები თვლიან, რომ აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტების გაზრდა და ეფექტიანი ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე ყველა ნორმალურ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინირებელი დამატებითი რგოლები იქმნება. მისი თქმით, ანტიტერორისტული ქსელი იმდენად გლობალურია და საქართველოს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, თავად რომ არ გააკეთოს, ამერიკელები გააკეთებენ.

„სხვა თუ არაფერი, საქართველოს პასუხისმგებლობა აქვს სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, რომ არ იყოს ტერორისტების გამტარი ქვეყანა. საუბარი იმაზე, რომ არ კონტროლდება ის ადამიანები, რომლებიც სირიიდან დაბრუნდნენ და არ ფლობენ ინფორმაციას ტერორისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ბავშვური დამოკიდებულება. სათითაოდ ჰყავთ აღრიცხული ვინ არის პანკისიდან და აჭარიდან გასული და ვინ შემოდის უკან.

ISIS-მა ამ დაშლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ჩვენ კი არ დავიშალეთ, არამედ გავიშალეთო. ევროპული ქსელი ამუშავდება და ევროპის ქალაქებში გადავიტანთ ტერორისტულ აქტივობებსო. ასე რომ, ყველამ იცის ვინ წავიდა და ვინ დაბრუნდა. საქართველო არ არის მარტო. ის არის ამ დიდი ანტიგლობალური ქსელის ნაწილი და ვალდებულება აქვს არა მარტო საკუთარი მოსახლეობის უსაფრხოების წინაშე, არამედ თავისი პარტნიორების წინაშე, რომ სრულად ფლობდეს ვითარებას, აღრიცხავდეს და აკონტროლებდეს ინფორმაციას ტერორისტების მიმოსვლის თაობაზე. თავი დაანებონ ამ თემით მანიპულირებას. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს. უამრავი სხვა თემაა, რომლითაც საკუთარ პოლიტიკური ამბიციები შეუძლიათ დაიკმაყოფილონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის ზურაბ აგლაძეს შეფასებით, როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ კარგავს გავლენას და ტერიტორიებს ახლო აღმოსავლეთში, ისინი გადადიან იატაქვეშეთში, იფანტებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ან მომიჯნავე ქვეყნებში იდებენ ბინას, რაც იწვევს საფრთხეების მომატებას და მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, რადგანაც საქათველო არის დერეფანი.

„მაგალითად წელს 6 მილიონ ვიზიტორს გადავაჭარბეთ. ამ დროს თავისუფლად შეიძლება ბევრი სწორედ ტერორისტებთან დაკავშირებული ელემენტი ყოფილიყო. ამიტომ, თავისთავად რისკები არის, ეს ერთმნიშვნელოვანია, ამას ვერ გავექცევით. მე ასე ვიტყოდი, რომ კარგია ის, რაც ვნახეთ. იმიტომ, რომ სამი ვერსია გაჟღერდა - შეიძლება ეს ადამიანები ტერაქტს ამზადებდნენ, შეიძლება ტრანზიტის შემთხვევა იყო, ანუ მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ და შესაძლებელია პარტნიორების შეტყობინების ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი.

მესამე ვარიანტი მართლდება. ეს ერთი მხრივ კარგია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები თანამშრომლობენ პარტნიორ ქვეყნებთან, რაც აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ლიმიტირებული შესაძლებლობები, ვერ ვფარავთ დიდ რეგიონებს.

ასეთი შესაძლებლობა აქვთ დიდ ქვეყნებს და მაგალითად აშშ-ს, თუნდაც თურქეთი ავიღოთ, რომელიც ემიჯნება სირიას. მას გაცილებით დიდი ინფორმაცია აქვს. ამ ქვეყნებთან აუცილებელია ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ თანამშრომლობის ნაწილი, რადგან თანამშრომლობის ხარჯზე ჩვენ შევძლებთ რისკების მინიმალიზაციას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ ამ ერთი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე სწრაფ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად იზრდება საქართველოსთან მიმართებაში საფრთხე. მისი თქმით, საქართველო არის ტრანზიტის ქვეყნა, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

„ტერორისტების ტრანზიტული მოძრაობისგან არავინ არ არის დაცული. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თვითონ ეს ჯგუფი საქართველოში აპირებდა ტერორისტული აქტის მოწყობას, თუ იყენებდა ტერიტორიას ტრანზიტისათვის, ამაზე ჯერჯერობით ძნელია დასკვნის გაკეთება, რადგან სათანადო ინფორმაცია არ გვაქვს. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა გამოძიება. ვნახოთ რა შედეგებს დადებენ და რა კვალიფიკაციას მისცემენ. ნაწილობრივ მისცეს კვალიფიკაცია, მაგრამ არ ვიცით, რა ტიპის ჯგუფები იყვნენ, რა მიზნები ჰქონდათ მათ.

გასაკრვევია ეს ჯგუფი ეკუთვნოდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას, თუ იყო რაღაცა ცალკე დაჯგუფება, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, რა მიზნები ამოძრავებდა მათ და ა.შ. ეს არის ის კითხვის ნიშნები, რომელზეც ჯერ კიდევ პასუხი არ გაცემულა.

 მას შემდეგ, რცა გავიგებთ პასუხებს, შეიძლება უფრო სწორი განცხადებები გავაკეთოთ საფრთხეების გაზრდასთან დაკავშირებით. არის კიდევ ერთი საკითხი, რა კავშირი ჰქონდათ მათ ჩრდილოეთით მეზობელ ტერიტორიაზე არსებულ დაჯგუფებებთან, ან იყო თუ არა რუსეთის სპეცსასამხურების ჩარევა. დაველოდოთ გამოძიებას და დასკვნები ამის შემდეგ გავაკეთოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.