„ჟურნალიტების მიერ სპეცოპერაციის ამ დონეზე გაშუქება შესაძლოა, სპეცორგანოების ინტერესებშიც იყო“

„ჟურნალიტების მიერ სპეცოპერაციის ამ დონეზე გაშუქება შესაძლოა, სპეცორგანოების ინტერესებშიც იყო“

რუსეთის პასუხი ამერიკულ „ჯაველინებს“, ისლამისტების ინტერესი, თუ ჩვენი სამხრეთელი ისლამისტური მეზობლის სპეცსამსახურების ნამოქმედარი - თბილისში წუხელ დაწყებული 18-საათიანი სპეცოპერაციის დეტალებს ფარდა ნელ-ნელა აეხდება და, იმედია, გავიგებთ, ვის ინტერესში იყო უამრავი იარაღის შემოზიდვა ჩვენს დედაქალაქში და კონკრეტული კორპუსის ბინაში საბრძოლო გამაგრება.

მანამდე კი ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-ს საკუთარ ვერსიებზე ესაუბრება.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერცია დასრულდა. მრავალ ვერსიათა შორის განიხილება როგორც რუსული შურისძიება, ისე ისლამისტ ტერორისტთა ინტერესი. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მოულოდნელობის კერებით მომავალშიც გაგვანებივრებს, თუ ეს იყო ისლამისტების ნამოქმედარი, რომელთა არეალშიც საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მოხვდა?

- თავისთავად ცხადია, როცა ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში ჩატარებულ წვრთვნებში იღებენ მონაწილეობას, როცა ბათუმში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების ხომალდები შემოდიან, როცა ჩვენმა არმიამ ტანკების წინააღმდეგ მიიღო ლეტალური იარაღი - „ჯაველინები“, ამაზე გარკვეული რეაქცია რუსეთს ექნება. თუმცა, ამ კონკრეტულ ფაქტთან რუსეთს არ დავაკავშირებდი, რადგან ჯერჯერობით საამისოდ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფანტაზიები მოვიშველიოთ.

რა თქმა უნდა, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემის თვალსაზრისით, რუსული ფაქტორი მნიშვნელოვანი და სერიოზულია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყანა, ვმონაწილეობთ ნატოს წევრი ქვეყნების დონეზე შესაბამის ოპერაციებში და, ამ თვალსაზრისითაც, ტერორისტული არეალის ძალების ყურადღების ცენტრში შეიძლება მოვექცეთ. მესამე ფაქტორია, რომ ახლა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. იქ სხვადასხვა ძალები იბრძვიან, სირიის სამთავრობო ძალებიდან დაწყებული, დამთავრებული პროირანული და პროსაუდური ძალებით. თავისთავად ცხადია, იქიდან ოტებული, ანუ გამოქცეული ტერორისტები შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზეც აღმოჩნენენ, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან. იქ არიან, აგრეთვე, რუსეთის მუსლიმანური რეგიონებიდან (და არა მარტო მუსლიმანური რეგიონებიდან, შუა აზიიდან), ჩასული ადამიანები. შესაძლოა, ისინიც აღმოჩნდნენ საქართველოში. ჩვენ ვერ ჩავკეტავთ საზღვარს, სტერილურ სივრცეს ქვეყანაში ვერ შევქმნით, საქართველოს გახსნილობის დონე, ეკონომიკისა და სხვა კუთხით მთლიანად მოიცავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტში ვიმყოფებით, ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთანაც, საიდანაც უვიზოდ შემოდიან საქართველოში. რუსეთს მუსლიმანური აღმსარებლობის უამრავი ადამიანი ჰყავს. ასეთი ფაქტებიც არ უნდა გამოვრიცხოთ. შესაბამისად, სათანადო სტრუქტურები მომზადებულნი უნდა იყვნენ ასეთი შემთხვევებისთვის.

ამ სპეცოპერაციას თვალყურს ვადევნებდი, ჟურნალისტები კარგად აშუქებდნენ ამ პროცესებს. შეიძლება ზედმეტადაც კი აშუქებდნენ, შეიძლება - ნაკლებადაც. ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა დაადგინოს.

ალბათ, შესაბამის სტრუქტურებს ჟურნალისტებისთვის უნდა მიეცათ მითითება, თუკი კონკრეტული კადრების გადაღება არ შეიძლებოდა.

- შესაძლოა, სპეცოპერაციის ამ დონეზე გაშუქება სწორედ შესაბამისი სპეცორგანოების ინტერესებში იყო. ჩვენ იმ წუთებში არ ვიცოდით, ტერორიზმში ბრალდებულებს ჰყავდათ თუ არა აყვანილი მძევლები, არც ის ვიცოდით, ჩვენი სპეცსამსახურები რატომ არ აწარმოებდნენ უფრო ძლიერ შეტევას გაცილებით უფრო დიდი ძალებით ადამიანების ამ ჯგუფზე. ისიც უცნობი იყო, რა იყო დასახული მიზნად, ამ ადამიანების ლიკვიდაცია, რადგან ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ხელისუფლებას, თუ ცოცხლად მათი შეპყრობა, გარკვეული ინფორმაციის მიღების მიზნით. ამიტომ ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ და ვერსიები გავაანალიზოთ.

ჩვენი მედიასაშუალების მეშვეობით თქვენ არაერთხელ მიგითითებიათ სირიიზაციის პრობლემაზე, რომ ამ საფრთხემ არ გადმოინაცვლოს საქართველოში. ხომ არ ემთხვევა ეს სპეცოპერაცია აბრეშუმის ფორუმს, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში უნდა გაიმართოს? საუბარია ჩინეთის ინიციატივაზე- „ერთი სარტყელი-ერთი გზა“. ფაქტობრივად, ორი მარშრუტი განიხილება, ერთი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადის და აქ რუსული ინტერესი იკვეთება, ხოლო მეორე მარშრუტი შუა აზიის ქვეყნებსა და კავკასიის დერეფანს მოიცავს, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებლად იქმნება. ესეც შეიძლება რუსული შურისძიების ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ?

- ყველა მსხვილ და დიდ მოთამაშეს თავისი ინტერესები აქვს გლობალურ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაში. ამდენად, აქ ცალკეული ქვეყნების ინტერესებიც არის, შეჯიბრებითობაც არის, საკუთარ ინტერესთა ლობირება და დაცვაც არის საერთაშორისო არენაზე. თუმცა უკვე დროა, უცხოეთშიც და ჩვენთანაც კარგად გაიაზრონ, რომ გარკვეული მაგისტრალების ჩაკეტვა აზრს მოკლებულია. ჩემი აზრით, ორივე მიმართულებამ უნდა იფუნქციონიროს და კონკურენცია გაუწიოს ერთმანეთს, როგორც რუსულმა მარშრუტმა ჩინეთიდან ევროპისკენ, ისე კავკასიურმა ვარიანტმა საქართველოს გავლით ევროპისკენ. ამით მოიგებს ევროპისა და ამ კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები და არა იმით, რომ საქართველო დაანგრიონ და მხოლოდ რუსეთის გზა იყოს საიმედო. როგორც თავის დროზე შევარდნაძეს უყვარდა თქმა, ეს ბუმერანგივით მოუბრუნდება რუსეთს. თუკი რუსეთი ამ გზით წავა და საქართველოში კონფლიქტურ კერების შექმნის, რათა თავის მარშრუტს გაუწიოს ლობირება, რუსეთს ეს არ გამოუვა. ეს არ გამოუვიდათ რუსებს ნავთობისა და გაზის მაგისტრალებთან დაკავშირებითაც. მართლია, ახალი მსოფლიო წესრიგი ძალიან ძნელად მკვიდრდება და, უფრო სწორად, დაინგრა ის წესრიგი, რაც საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა მსოფლიოში, მაგრამ რეალურად ეს წესრიგი მაინც უნდა ჩამოყალიბდეს ბევრი აქტორის მონაწილეობით. განსაკუთრებით, იმ აქტორების მონაწილეობით, რომლებიც მსხვილი მოთამაშეები არიან და ამ მსოფლიო წესრიგში არც პატარა ქვეყნების ინტერესები უნდა იყოს იგნორირებული. ამასობაში ჩვენ უნდა ვეცადოთ, ძალზე გამჭრიახი პოლიტიკა ვაწარმოოთ ჩვენს მეზობლებთან, დასავლეთთან და ყველა მოთამაშესთან, რომელთა ინტერესებიც კავკასიასა და საქართველოში იკვეთება. მხოლოდ ეს არის იმის გარანტი, რომ სირიის სცენარი საქართველოში არ განმეორდეს, რის შესახებაც ორი წელია გამუდმებით ვლაპარაკობ. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე გამოვრიცხავ სირიის სცენარით საქართველოში მოვლენების განვითარებას. ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, ან უახლოეს ერთ წელიწადს, მაგრამ, თუ საქართველოს სამხრეთის ფრთა რაიმე თვალსაზრისით მოირღვევა, თუკი ირანში ან თურქეთში დაიწყება დესტაბილიზაცია (რისი მცდელობაც ახლახანს თურქეთში იყო), მაშინ ჩვენი საქმე რეალურად ცუდად იქნება.

სპეცსამსახურების საქმიანობა, ალბათ, უმადური საქმიანობაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური ბრალდება ისმის მათი მისამართით. კერძოდ, რატომ ვერ მიაქციეს საეჭვო ადამიანების შემოსვლას თავის დროზე ყურადღება, როგორ მოახერხეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამდენი იარაღის შეზიდვა კონკრეტული სახლის სხვენზე. ისმის ბრალდებები, რომ სპეცოპერაციის დაწყებისას მოულოდნელობის ეფექტი არ ყოფილა, რის გამოც ბინაში მყოფნი სათანადოდ მოემზადნენ. ნიკა რურუა უფრო მკაცრია შეფასებისას და ამბობს, რომ ერთი ბინის ნეიტრალიზაციას 2 საათზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა.

- ნიკა რურუა არ არის ახალბედა არც პოლიტიკაში და არც პოლიტიკურ ანალიზში. ასეთი შეფასება მისგან მიკვირს. დაახლოებით ეს იმას ჰგავს, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი მაშინვე რომ ვერ ჩააქრეს, ამის შემდეგ ამერიკაში უზარმაზარი მასივი იწვოდა, ის ცოტა დიდი ტერიტორია იყო, მაგრამ იქ ორი და სამი თვე ებრძოდნენ ამ პერმანენტულ ხანძარს. ზოგიერთი ტერაქტის მცდელობა (თუ ეს ნამდვილად ტერაქტი იყო) შესაძლოა, დასრულდეს ნახევარ საათში, ზოგიერთი სპეცოპერაცია- 5 წუთში, ზოგი კი შეიძლება ორი კვირაც გაიწელოს. ამის მაგალითები გვაქვს როგორც ევროპაში, ისე რუსეთსა და შეერთებულ შტატებში. შესაძლოა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აკვირდებოდნენ იმ მიზნით, რომ მათი კავშირები უფრო საფუძვლიანად გაეშიფრათ.

რაც შეეხება სპეცსამსახურებს და შესაბამის ორგანოებს, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ისეთ რეგიონს, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები, ძლიერი კონტრდაზვერვა სჭირდება, მაგრამ ამას დიდი ფული ესაჭიროება. ეს თანხები ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. მე რომ ვიყო შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებთანაც საერთო ფრონტი გვაქვს ამ ეტაპზე, ამ მიმართულებითაც ვთხოვდი დახმარებას, განსაკუთრებით, ფინანსურ დახმარებას. ამას უზარმაზარი სახსრები სჭირდება და საერთო ინტერესები რადგან გვაქვს, ფინანსურადაც და ტექნიკური საშუალებებითაც უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ „ჯაველინების“ გადმოცემა არასაკმარისია, რადგან „ჯაველინით“ შეიძლება ასი ტანკი გააჩერო, მაგრამ რუსეთს იმდენი შესაძლებლობა აქვს სამხედრო და არასამხედრო თვალსაზრისითაც, საქართველოს სუსტ წერტილებში სერიოზული დარტყმები მიაყენოს, რომ არა მგონია, მხოლოდ „ჯაველინების“ გადმოცემა ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა იყოს საკმარისი რუსეთთან ჰიპოთეტური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. სულ სხვა პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის გზებია საძიებელი, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, ისევე, როგორც წინა ხელისუფლება ვერ ახერხებს. წინა ხელისუფება იყო ავანტიურისტული, ესენი კი უფრო გულგრილები არიან ასეთი გლობალური და კონკრეტული თემების მიმართ.