„საქართველოში ისლამური უბედურება, ჯიჰადის მიმდევრების ამ რაოდენობით შემოსვლა სწორედ ნაციონალების დროს დაიწყო“

„საქართველოში ისლამური უბედურება, ჯიჰადის მიმდევრების ამ რაოდენობით შემოსვლა სწორედ ნაციონალების დროს დაიწყო“

ბევრი სპეკულაცია, ვარაუდი, ეჭვები გაჩნდა, თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტული სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში. ხელყუმბარებით აღჭურვილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მობილიზება ხომ არ იყო სირიიდან დაბრუნებული მებრძოლი ტერორისტების ქმედების გამოძახილი, ან ხომ არ უკავშირდებოდა რუსეთის ინტერესებს, რომელმაც ჩეჩნები აამოქმედა? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ექსპერტს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილს ესაუბრა.

სოსო ზაალიშვილი: თქვენს მიერ ჩამოთვლილ ვერსიებს საფუძველი გააჩნია, თუმცა მე მაინც უფრო ვემხრობი იმას, რომ ეს ხალხი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეთა რიცხვს მიეკუთვნება, გამომდინარე მათი მოქმედებიდან და იმ შეიარაღებიდან, რაც მათ აქვთ.

ეს ადამიანები შესაძლოაისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნებული ტერორისტები იყვნენ?

- შესაძლოა, დაბრუნებულნიც იყვნენ, ან საერთოდაც არ იყვნენ წასულნი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების საქართველოში არსებობაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს გადაადგილებები საქართველოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული დაიწყო, მას შემდეგ, რაც მის გონებაში დაიბადა ბნელი იდეა, გამოეყენებინა ჩეჩენი მებრძოლები 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. სააკაშვილი ამის შემდეგ უწყობდა ხელს ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში გადაადგილბას. თავდაპირველად ხელს უწყობდა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მათ გადასვლას, ხოლო შემდეგ, როცა ახლო აღმოსავლეთში დაიწყო დაპირისპირება, ანუ ე.წ. არაბული გაზაფხული, უკვე - ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და აღმოსავლეთით მათ გადაადგილებას. ანუ საქართველო იყო ტერორისტების გადაადგილების ტრანზიტი თურქეთისკენ, ხოლო შემდეგ სირიასა და ერაყისკენ.

დიდი რაოდენობით ტერორისტია საქართველოს ტერიტორიიდან გასული იმ პერიოდში და ამას კურირებდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით მეგის ქარდავა უკრაინაშია დაკავებული და საუბარია მის ექსტრადირებაზე. აგრეთვე, საუბარია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირებაზეც.

სხვათა შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე, ანუ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, იმ პერიოდში ძალიან ბევრი მებრძოლი ემზადებოდა, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. ეს ღიად არის ცნობილი, ამას ადასტურებს ჩეჩნური ბატალიონის- „ჯოხარის“ ხელმძღვანელობა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის.

ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონს გულისხმობთ?

- დიახ, „ჯოხარის“ ბატალიონიდან ბევრი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას სირიასა და ერაყში წარმოებულ ბრძოლებში კოალიციისა და რუსეთის წინააღმდეგ. ისინი ამბობდნენ, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რადგან რუსები გვიან შევიდნენ სირიაში. ეს ადამიანები სირიისა და თურქეთის ტერიტორიებზე მომზადებას 2010-დან 2014 წლამდე გადიოდნენ. ახლა კი, როდესაც შეწყდა ბრძოლები სირიასა და ერაყში, დეკლარირებულად ომი დასრულდა და ამერიკისა თუ რუსეთის პრეზიდენტები საუბრობდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე, რეალურად სრულად არ განადგურებულა ის ცოცხალი ძალა, რომელიც იმ ტერიტორიაზე ოპერირებდა. იქ დაახლოებით 130 ათასამდე მებრძოლი იყო, აქედან დაახლოებით 50 ათასი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩასული. არავის უთქვამს, რომ ეს მებრძოლები გაანადგურეს, ე.ი. ისინი სადღაც წავიდნენ. დიდი ვარაუდით, ისინი უკან დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებზე. ანუ დისლოკაციის ადგილებზე ისინი ბრუნდებიან იმ გზით, რა გზითაც მოხვდნენ თავის დროზე „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე. ცხადია, მათ ჰქონდათ კავშირები, აბა, სხვანაირად ვერ გაივლიდნენ ამხელა გზას.

ამბობენ იმასაც, რომ სირიასა და ერაყში ყველაზე მეტი მებრძოლი სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან გადავიდა, თუმცა საეჭვოა, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია.

- ყველაზე მეტი ისლამისტი რუსეთის ტერიტორიიდან არ წასულა. უფრო ისლამური ქვეყნებიდან არიან წასულნი, აზიიდან, ევროპიდან, არიან ამერიკელი მუსლიმანებიც, კანადელები. ძირითადი ნაწილი ჩასულია აზიის ქვეყნებიდან. ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილმა გადაადგილების თავისუფლება როგორ მისცა ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, ამ სპეცოპერაციისას გამოვლენილ ტერორიზმში ბრალდებულებს სწორედ მეგის ქარდავას დაკავებისა და ექსტრადაციის ფაქტს ვუკავშირებ და ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად განვიხილავ ამ ფაქტს. აქამდე საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან ასეთი დაპირისპირება არ მომხდარა. რატომ მოხდა ეს დაპირისპირება მაშინ, როდესაც დააკავეს მეგის ქარდავა, რომელიც უშუალოდ კურატორობდა მებრძოლების გადაადგილებას?! თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაზეც იყო საუბარი. ერთ-ერთი დაკავებული „მასტერა“-გიორგი დგებუაძე, სავარაუდოდ, ესაუბრება ერთ-ერთ ჩეჩენს და უკვეთავს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. ეს „მასტერაც“ სწორედ მეგის ქარდავას გამგებლობაში იყო. ვეჭვობ, პირდაპირ რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ ეს მებრძოლები, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები რუსეთს არ ემორჩილებიან. თუმცა გამორიცხული არ არის, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სწორედ რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

ჩვენს სპეცსამსახურებს შეეძლოთ უფრო აქტიურად ემუშავათ, ვიდრე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კორპუსში გამაგრებას მოახერხებდნენ და სპეცრაზმელსაც შეიწირავდნენ? თუ ეს ისეთი თემაა, რასაც თვით ევროპის სპეცსამსახურებიც ვერ უმკლავდებიან?

- ასეთი დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა, ჩემი აზრით, ადვილი არ უნდა იყოს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის ომის დროს ძალიან ბევრი იარაღი დაიკარგა და ჩამოიწერა, ჩვენ ვერ ვიტყვით, საიდან შემოიტანა ამ ხალხმა ეს იარაღი. შეიძლება, მათ ეს იარაღი გადაიტან-გადმოიტანეს რამდენიმე ხნის წინ. არც ის ვიცით, რატომ და როგორ დაიწყო ეს სპეცოპერაცია, რა უძღოდა ამას წინ. ეს არ იყო ტერორისტული აქტი, რადგან მათ არ ჰყავდათ მძევლები, არც მოთხოვნები წაუყენებიათ. ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია. ერთი რამ ვიცით, რომ ეს იყო შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, პანკისის ხეობასაც შეიძლება უკავშირდებოდეს და შესაძლოა, ამ ადამიანებს კავშირები ჰქონდეთ ისლამისტ მებრძოლებთან. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ სპეცრაზმელებს.

ეჭვს აჩენს ის ფაქტი, სამომავლოდ რა მიზნებისთვის სჭირდებოდათ ამდენი იარაღი?

- ცხადია, თბილისში შენახული ამდენი იარაღი არ არის კარგი საქმე. გარკვეულწილად, ეს სპეცსამსახურების პრობლემებზე მიუთითებს.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა სპეცოპერაციის მსვლელობისას. საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა, სააკაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მოითხოვა, სასწრაფოდ შეწყდეს კრემლის მიერ დადგმული სცენარი, გამოცხადდეს ნახევარსაათიანი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მოილაპარაკეთ ჩეჩნებთან, მთლიან პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, დაინდეთ ჩვენი სპეცრაზმელები“. ეს მოლაპარაკება შედეგის მომცემი იქნებოდა უკვე დაწყებული სპეცოპერაციისა და შტურმის მსვლელობისას?

- ამ საქმეში გარეშე პირის ჩარევა, მით უმეტეს, თუ ის ასოცირდებოდა ნაციონალებთან, მიუღებელი იქნებოდა. ვიმეორებ, საქართველოში ისლამური უბედურება, ჯიჰადის მიმდევრების ამ რაოდენობით შემოსვლა სწორედ ნაციონალების დროს დაიწყო. აქ ისლამური მოძრაობის მასშტაბზეა საუბარი, თორემ 1994-95-96 წლებშიც იყო რამდენიმე ისლამისტი, თუ არ ჩავთვლით გილაევის შემოსვლას და შემდეგ უკვე აფხაზეთში მის გადასვლას. ვფიქრობ, ახლანდელი სპეცოპერაციის ჩატარების დეტალები შეთანხმებული იქნებოდა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან -აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის უფრო მეტი გამოცდილება გააჩნიათ. სწორედ ამ სცენარით მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ამიტომაც გაიჭიმა ამდენ ხანს.