„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის უკან დგას თუ არა „ისლამური სახელმწიფო“. მაგრამ მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომხდარი კავშირშია ისლამურ ტერორიზმთან, რადგან სპეცოპერაციაში ჩართულია სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრი.
„აქ მრავალი ვერსია შეიძლება იყოს. ესენი შეიძლება იყვნენ სირიიდან უკან დაბრუნებული მებრძოლი ტერორისტები. ძალიან ბევრს უხარია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ თითქოს დამარცხება, რაც არ არის რეალური, რადგან ტერორისტები მოეფინებიან მთელ მსოფლიოს და ეს იქნება უკვე არა ტერიტორიულად შემოფარგლული, უფრო იოლად საბრძოლველი დაჯგუფებები, რომელთა წინააღმდეგ შეიძლებოდა მძიმე ტექნიკის და ავიაციის გამოყენება, არამედ ეს იქნება 2-3 კაციანი ტერორისტიული ჯგუფები, მათ წინააღმდეგ კი, ბრძოლა გაცილებით რთულია.
ზოგადად, ეს უკვე მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ბუნებრივია, რთული იქნება ტერორისტების დადგენა, აღმოჩენა და განეიტრალება.
რაც შეეხება საქართველოს და აღნიშნულ ვითარებას, საფრთხეებზე ბევრი გვისაუბრია - ეს კვლავ უკავშირდება საქართველოს, როგორც დერეფანს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ასევე პრობლემა არის საქართველოში არსებული საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ტურისტული ჯგუფები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.