„ისლამური სახელმწიფოს“ კვალი თბილისში - სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

„ისლამური სახელმწიფოს“ კვალი თბილისში - სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელების რაოდენობისა და ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, თავის არეში მძიმედ არის დაჭრილი ერთი სპეცრაზმელი და ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. თუმცა, ასევე არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია სხვა დაჭრილების შესახებ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ტარდება, რამდენიმე ბინა უცხოელებზეა გაქირავებული. ასევე ვრცელდება მეორე ვერსია, რომლის თანახმად, პირები, რომლების დაკავებასაც ამ დრომდე ცდილობენ სამართალდამცველები, პანკისის ხეობიდან არიან, რომლებსაც კავშირი აქვთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

ეს არის მხოლოდ ვერსიები, რომელიც ადგილზე ვრცელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთებება. ასევე, სუს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა პირები, ვის დაკავებასაც ცდილობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე ვითრება მძიმეა. სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა, ასევე სამაშველო ბრიგადა. მიმდებარე ტერიტორაზე პარალიზებულია მოძრაობა.

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან განხორციელდა. დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის ძლიერი სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის. სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის აგილზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ხელყუმბარებს ისროდნენ.

სპეცოპერაციის პარალელურად, შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საბრძოლო ვაზნების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა.ი-ს ხელბარგის დასკანერების შედეგად, 6 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.