თურქეთის პარლამენტი ნატოში ყოფნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პარლამენტი ნატოში ყოფნის საკითხს განიხილავს

ევროპის შემდეგ, თურქეთი ნატოს უპირისპირდება. ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის დაძაბულობის მიზეზი ნორვეგიაში გამართულ ნატოს სწავლებებზე თურქეთის პრეზიდენტების - მუსტაფა, ქემალ ათათურქის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოების „მტრების“ კატეგორიაში გამოფენა გახდა. პორტრეტები, რომელიც ნორვეგიელმა სამხედრომ შეცდომით სწავლებისთვის განკუთვნილ პოლიგონზე „მტრების“ კატეგორიაში განათავსა, არმიიდან გარიცხეს.

ინციდენტის გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ოფიციალურ ანკარას ბოდიში მოუხადა. ნატო-ს წვრთნის დროს მომხდარი ინციდენტი იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტს პირადად დაურეკა და კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ლიდერმა ალიანსისგან მეორე ბოდიში მიიღო, პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ არის. თურქეთი უკვე ალაპარაკდა გადახედოს თურქეთის ნატოში ყოფნის საკითხს. თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იალჩინ ტოფჩუ CNN Turk-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ანკარის ყოფნის საკითხს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნორვეგიაში NATO-ს წვრთნების ფარგლებში მომხდარი სკანდალის სამიზნე არა ის, არამედ თურქეთი და თურქი ხალხი იყო. ერდოღანის განცხადებით, NATO-ს ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრა ანკარას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე. საპასუხოდ ანკარამ რუსული სისტემების შეძენაზე დაიწყო მოლაპარაკებები, ხოლო NATO-ში ამის გამო თურქეთის კრიტიკა დაიწყეს. ბოდიში საკმარისი არ არის. ეს პირადად, მხოლოდ პარტიულ შეურაცხყოფად არ შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო თურქი ხალხის დამცირების პასუხად ყველაფრისთვის მზად ვარ“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სწორედ ალიანსთან დაპირისპირების ფონზე, ანტალიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის და განხილვის მთავარი საკითხი სირიის საკითხის დარეგულირება იყო. სამი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში და მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან 4-საათიანი დახურული მოლაპარაკებები. ერდოღანის მოსკოვში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგა თურქეთსა და ირანში. 22 ნოემბერს კი, სოჭში რუსეთ-თურქეთ-ირანის პრეზიდენტების სამიტი შედგება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ღიად განაცხადა ალიანსიდან გასვლის შესაძლებლობაზე, ამის ფონზე საინტერესოდ გამოიყურება რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მოსკოვი-თეირანი-ანკარას სახით ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ვიღებთ. მისი თქმით, სამივე ქვეყანას თავისი ინტერესები აქვთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს გაერთიანება.

„ეს გაერთიანება შეიქმნა ორი მიმართულებით - კავკასიის რეგიონი და ახლო აღმოსავლეთი. სამივე ქვეყანას გააჩნია დიდი ინტერესები ამ რეგიონებში, რაც უკვე არის საფრთხე დასავლეთისთვის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს მოიცავს გარკვეულ საფრთხეებს. დასავლეთის ინტერესებში არ არის თურქეთთან და ირანთან თანამშრომლობა, მაგრამ შეიძლება უფრო საფრთხე და მე ვიტყოდი, პირდაპირი საფრთხე იყოს აშშ-ისთვის, ვიდრე ევროპისთვის, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, ევროკავშირს სხვანაირი მიდგომები გააჩნია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც მაისაია აცხადებს, ამ ფონზე საინტერესო ხდება თურქეთსა და და ალიანსს შორის დაძაბულობა, რაც შესაძლოა, თურქეთის ნატოდან გასვლით დასრულდეს.

„მე ვამბობდი, თურქეთი შეიძლება გამხდარიყო ნატოს დაშლის პირველი მაგალითი. სამწუხაროდ, ნორვეგიის ფაქტი ამ მიმართულებას ადასტურებს. საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში ერდოღანი უკვე მესამედ ჩადის მოსკოვში, ესეც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ნატოდან გასვლის მიმართულებით.

როგორც ჩანს, თურექთმა სტრატეგიულ პარტნიორად აირჩია რუსეთი. გარდა ამისა, ირანთან გააფორმა სამხედრო ალიანსი ორმხრივ დონეზე, რაც მიუღებელია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისათვის. არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი გამოვიდეს ალიანსიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ და სირიის ეპოპეის შემდეგ, რუსეთი-ირანი-ანკარას პირველი დიპლომატების შეხვედრის ძირითადი მიზანი არის, გავლენის სფეროების გაყოფა ახლო აღმოსავლეთში. მისი თქმით, უკნასკნელ 2-3 წელიწადში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ბუნებრივად გადაიზარდა შუასაუკუნეობრივ ექსტრემიზმში, რომლის მწვერვალი უკვე იყო „ისლამური სახელმწიფო“.

„მოულოდნელად რუსეთის მასშტაბური ჩართვა კონფლიქტში და მისი გადამწყვეტი როლი აშკარაა. აქ საინტერესოა ისიც, რომ რეგიონიდან თანდათანობით ხდება ისტორიული მოთამაშეების პოზიციების საგრძნობი შევიწროება. პირველ რიგში, ეს ეხება ევროპას, ბრიტანეთს და თვით აშშ-ს, ვინაიდან ამერიკის შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა პოლიტიკა.

დიდი კითხვის ნიშანს იწვევს რა ელოდება ტრამპს საკუთარ ქვეყანაში. უკვე გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა - ირანი, თურქეთი და რუსეთი, მაგრამ არსებობს კიდევ მეოთხე ძალა, რომელიც გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავისი რესუსებით, ეს არის საუდის არაბეთი. საუდის არაბეთი და ირანი შეურიგებელი მოწინააღმდეგეები არიან“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, პუტინის რუსეთი ცდილობს შეუთავსებელთა შეთავსებას. კერძოდ, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ირანთან და საუდის არაბეთთან, ამის პარალელურად კი, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება თურქეთ-ნატოს დაძაბულობა.

„ერდოღანმა პირდაპირ თქვა - ეს ისეთი შეცდომაა, სადაც სიტყვიერი ბოდიში არაფერს არ ნიშნავსო. არ მიიღო ბოდიში, ეს უჩვეულო ამბავია დასავლეთის პოლიტიკური ჟანრისათვის. არ ვიცი სხვა ბოდიში რას ნიშნავს. ისმის კითხვა - სხვა რა უნდა ერდოღანს ნატოსგან, რომელიც ნატოსთან მიმართებაში ტლინკებს ყრის, მაგრამ ძალიან შორს არის იმისგან, რომ ამერიკასთანაც გაიფუჭოს ურთიერთობა? ნატოსთან ცუდი ურთიერთობა და ამერიკასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება? - აქ, უკვე, ერდოღანის დიპლომატიური რესურსი საკმარისი არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ თურქეთ-ირანის და რუსეთის ალიანსი არის ალტერნატიული გაერთიანება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს დასავლურ პოლიტიკას, მაგრამ, თუ სირიაში განხორციელებულ ქმედებებს გავითვალისწინებთ, ირანის, თურქეთის და რუსეთის ინტერესები იკვეთება. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, სირიის მიმართულებით პოზიციები შედარებით დათმო ამერიკამ და ნაკლებად ერევა.

„ბუნებრივია, რომ სირიაში გავლენების გადანაწილება უნდა მოხდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, სწორედ სირიის საკითხია. გარდა ამისა, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ერდოღანის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, სულ უფრო და უფრო იყოფა დასავლეთის და ნატოს ინტერესები თურქეთის მიმართ. ერდოღანმა ჯერ ევროკავშირზე თქვა უარი. შემდეგ ნატოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წევრმა სახელმწიფომ, შეიარაღება იყიდა რუსეთისგან. არის ირანი, რომელიც შერაცხულია, როგორც აშშ-თან დაპირისპირებული ქვეყანა და მასთან კავშირებს ამყარებს თურქეთი. როგორ გადანაწილდება მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე ამ მოთამაშეების ინტერესები და რა კავშირები დამყარდება, ეს პროცესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. პოლიტიკური თავალსაზრისით, ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.