15 ათასი მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას

15 ათასი მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას

მეცნიერებმა ის გაფრთხილება განაახლეს, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაწერეს. წლების წინ მხოლოდ 1700 მეცნიერის ხელმოწერა ფიქსირდებოდა, დღეს კი დედამიწის ბედით შეშფოთებულ მეცნიერთა რაოდენობა გაზრდილია და აღნიშნული ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე 1992 წელს იყო. 25 წლის წინანდელი პრობლემები დღეს ბევრად გამწვავებულია.

მეცნიერთა თქმით, კაცობრიობა კვლავაც მოიხმარს განუახლებელ ბუნებრივ რესურსებს. ამას ემატება დედამიწის მოსახლეობის 35%-ით ზრდა, რაც საბოლოოდ ბუნებრივ რესურსთა დეფიციტამდე მიგვიყვანს. ამ რესურსების ჩანაცვლების ოპტიმალურ გამოსავალს კი მეცნიერებმა დღემდე ვერ მიაგნეს.

„ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გავიაზროთ, რომ დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია. კატასტროფული ეკოლოგიური ვითარების მოწმენი და შემოქმედნი ვართ. მაგალითად, კლიმატის ცვლილებები, მწვანე საფარის შემცირება, ცოცხალ ორგანიზმთა მასობრივი გადაშენება, მტკნარ წყალთან წვდომის შემცირება, ოკეანეების „მკვდარი ზონები“. ჩვენ არ ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამიტომაცაა, რომ უკანასკნელ 25 წელიწადში სუფთა წყლის რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 26%-ით იკლო, 121 მილიონზე მეტი ტყის საფარი კი დავკარგეთ, უმეტესად მიწათმოქმედებისთვის საჭირო ტერიტორიების გამოთავისუფლების მიზნით“, - ნათქვამია 15 ათასი მეცნიერის გაფრთხილებაში.

მათივე რეკომენდაციით, თუ მსოფლიო მყისიერ პასუხს არ გასცემს ბუნებრივ რესურსთა მსგავსი ტემპით მოხმარებას, მალე კატასტროფული ბიომრავალფეროვნების კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით. 25 წლის წინ გამოვლენილი პრობლემებიდან მხოლოდ ოზონის შრეში არსებული ხვრელი დავიწროვდა, რაც ერთობლივი და მიზანდასახული მუშაობის კარგი მაგალითია. ყველა სხვა პრობლემა კი გამწვავდა და სულ ცოტა მანძილი დარჩა იმ წერტილამდე, საიდანაც გამოსავალი არ იქნება.

შეუძლია თუ არა კაცობრიობას 15 ათასი მეცნიერის რჩევა გაითვალისწინოს და ბუნებრივ რესურსთა მოხმარებაზე უარი განაცხადოს?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჩვენ თუ ისევ მხოლოდ რესურსმოხმარებით პოლიტიკას ავაგებთ, მაშინ წინ ვერ წავალთ. ჩვენ ვერაფრით გავიგეთ, რომ აღდგენადი რესურსი აღარ არის მტკნარი წყალი, რადგან არასწორად გვასწავლიდნენ მე-20 საუკუნეში, თითქოს აღდგენადი რესურსი იყო მტკნარი წყალი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა აღდგენადი. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ტყეც ბოლომდე აღდგენადი იყო, მაგრამ აქაც აღმოჩნდა, რომ, თუ ტყეს ბოლომდე გაჩეხავ, პირვანდელის აღდგენა აღარ ხდება. საბოლოო ჯამში, როგორც კი ჩვენ ტყეს ან წყალს შევეხებით, ეს რესურსები აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი გახდება, ანუ საერთოდ ვერ ვიცხოვრებთ იმ მიწაზე, სადაც გავაქრობთ მდინარეს და გავჩეხავთ ტყეს.

ნინო ჩხობაძის განმარტებით, კაცობრიობამ ამ საფრთხის შესახებ კარგად იცის, ამის გამოცდილება ჰქონია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 15 ათასი მეცნიერის მეორე გაფრთხილება მაინც დასჭირდა მსოფლიოს. ეს გაფრთხილება მიმართულია იქითკენ, რომ მსოფლიოში ყველა რესურსი ილევა, ხოლო ამ მილევად რესურსებზე ქვეყნის ეკონომიკის აგება არ შეიძლება. ამიტომ მეცნიერები ყველა სახელმწიფოს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ბარბაროსული და მომხმარებლური პოლიტიკიდან. თუ მანამდე, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ითვლებოდა, რომ გარემოს დაცვა მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების პრეროგატივა იყო, რეალურად, ამის საპირისპირო აჩვენა მთელმა მსოფლიომ. საბოლოო ჯამში, ბევრად წინ წავიდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად განვითარებულნი იყვნენ, მაგრამ საკუთარ პრიორიტეტად მაინც აირჩიეს მწვანე ეკონომიკა, მწვანე განვითარება, ნაკლები რესურსმოხმარება, ნაკლები ენერგოტევადობა. ასე მოხდა ირლანდიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, სადაც დღეს სერიოზული პროგრესია.

„ჩვენთან კი აქცენტები რატომღაც გადატანილია იმაზე, თითქოს გარემოს დაცვა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. ეს დიალოგი გვესმოდა წინა ხელისუფლების დროს, უფრო ადრინდელი ხელისუფლების მმართველობისას და ახლაც. სინამდვილეში, გარემოს დაცვა არ გვაფერხებს. ეს საბჭოთა გადმონაშთია, გინდა თუ არა, გვაფერხებსო. პირიქით, მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა, რომ, თუ შენ რაციონალურად მოიხმარ ბუნებას და უფრო სწორად დაგეგმავ, გარემოს დაცვით სწორ მართვას შემოიტან, ყველაფერი გამოსწორდება. გარემოს დაცვით მართვამდე ჯერ ჩვენ ვერ მივედით, რადგან 2006 წელს რომ დავაზიანეთ კანონმდებლობა, ვერ აღვადგინეთ ის პუნქტები, რაც იქიდან ამოღებულია. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი აღდგებოდა, რადგან ევროკავშირში ზუსტად ის მოთხოვნებია, რაც 2006-ში გავაქრეთ კანონმდებლობიდან. თუმცა ჩვენ გვყავს ახალი ლიბერტარიანელები, რომლებიც რესურსმომხმარებლობაზე არიან გადასულნი“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ფინანსისტი და ეკონომისტი, გარემოს აქტიური გულშემატკივარი მურმან ქევანიშვილი ყველას ურჩევს, კიდევ ერთხელ გადახედონ გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოებებს, სადაც წერია, რომ, თუ ჩვენ ბუნებას არ გავუფრხილდებით, ეს არ იქნება ღვთის გაჩენილი მუდმივი წყალობა. For.ge-სთან საუბარში მურმან ქევანიშვილი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბუნებრივ რესურსთა ისეთი უწყალო გამოყენება, როგორც საქართველოშია, არსად არ ხდება, მაგრამ ამ დანაშაულის აღიარება არავის სურს.

„ახლა მე რაჭაში ვიმყოფები. სადაც გაიხედავ, ვისაც როგორ უნდა, ისე დაანთებს ცეცხლს. სხვათა შორის, ტაბახმელაშიც დაანთო ერთმა მეზობელმა ცეცხლი, ქალაქიდან ამოვიდნენ და დააჯარიმეს 50 ლარით. ქალაქს რომ ჰყავს პატრონი, ალბათ, სოფელსაც უნდა ჰყავდეს. ძალიან მაწუხებს სოჭის თესლის საზღვარგარეთ უმოწყალოდ გატანის პრობლემაც. რაჭაში არავის აქვს იმის თავი და ხელშეწყობა, რომ აქ გააკეთონ სანერგე მეურნეობა და შემდეგ გაყიდონ სოჭის ნერგი. უცხოეთში კი უზომო რაოდენობით მიაქვთ ეს თესლი, იქ დიდი პლანტაციები აქვთ, ამის შემდეგ ისევ უკან საქართველოში ჩამოაქვთ ხეები და ყიდიან. სწორედ ეს არის კურიოზი, რომ აქედან წაღებული სოჭის თესლით უცხოეთში მოყვანილი და გაზრდილი ჩვენი კავკასიური სოჭი ისევ სპორტის სასახლესთან იყიდება. ამის მოპოვების ლიმიტი კომუნისტების დროს 15 ტონა იყო. ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნიდან იტვირთებოდა ადგილობრივთა მიერ და განსაკუთრებული ავტორიტეტი ჰქონდა უცხოეთში. საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ებრაელმა იცოდა სოჭის თესლის სიკეთე, მათ საზღვარგარეთ კავშირები ჰქონდათ და გაჰქონდათ სოჭის თესლი. 15 ტონა აკმაყოფილებდა მაშინ ევროპასა და ამერიკას. მეტი არც გადიოდა. მართალია, ებრაელებს ეს ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ ჩუმად იყვნენ, არ ხმაურობდნენ, არც ჩვენ ვიცოდით, რისთვის სჭირდებოდათ, ისე ვუკრეფდით ამ სოჭის ნაყოფს, კარგ ხელფასსაც გვაძლევდნენ და კმაყოფილებიც ვიყავით. თავის დროზე აბელ ენუქიძემ კრემლში წაიღო სოჭის თესლი და კრემლის ეზოში რამდენჯერმე მოვფერებივარ იმ ხეებს, მაგრამ ახლა 15 ტონის ნაცვლად, 70 ტონა და კიდევ მეტი იყიდება. ამიტომაც დაეცა სოჭის თესლის ფასი მსოფლიოში, ამიტომაცაა ჩვენი სოფლის მაღაზია ნისიებით სავსე, რადგან სააკაშვილის პოლიტიკის შემდეგ აქაურ გლეხობას გაუჭირდა“, -აღნიშნა მურმან ქევანიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა „ჭკვიანმა“ მთავრობამ აუქციონზე გაიტანეს საქართველოს ტყეები, რის გამოც ქართველი გლეხიც და ტყეც თანაბრად დაზარალდა. მართალია, ხელისუფალნი მაშინ ამაყობდნენ, 52 მილიონი შევიდა ბიუჯეტში ამის წყალობითო, მაგრამ ამ სიმდიდრეს თუ გაყიდი, ეს ქვეყანა აღარ იქნება. მურმან ქევანიშვილის თქმით, უცხოელებზე ტყის მიყიდვის შემდეგ სოჭის ხეების გამრავლებაც შემცირდა, რადგან არავინ ფიქრობს, დარჩება თუ არა სოჭის ნაყოფი საქართველოში.

„ბიზნესს გადააყოლეს ქვეყანა. ის ბიზნესმენიც ხომ უნდა იყოს ვალდებული ჩვენი ქვეყნის წინაშე?! იცით, ამ ხეების გამრავლება როგორ ხდება? სოჭის თესლი ბუნებრივად რომ ჩამოცვივა, როგორც პარაშუტი უკან აქვს გამოწეული და 20-30 კილომეტრზე მიფრინავს და ამით მრავლდება. წინათ ეს ტყე ულევი იყო. ახლა კი იმ რაოდენობით ვერ გამრავლდება, რადგან ყველაფერი გატანილია. სოჭის თესლი ჩვენთვის იყო ოქრო, რომელიც ხალხს მოპარეს. აქაურები მოატყუეს, 52 მილიონად გავყიდეთო, მაგრამ არანაირი 52 მილიონი არ შესვლიათ ბიუჯეტში. უბრალოდ, მიჰყიდეს უცხოელებს და ახლა ის უცხოელი, რომელიც ადრე ჩვენგან ყიდულობდა, თავად გახდა ბიზნესმენი. უცხოელებზე მიწები გაყიდულია რაჭაშიც, ბორჯომშიც.

როგორც ვიცი, უცხოელები ახლა სოჭის თესლის სამაჩაბლოდან გატანაზეც ფიქრობენ. ერთი უცხოელი მეკითხებოდა, როგორი ტყეა „ოსეთშიო“?!“

ასეთი პოლიტიკიდან გამომდინარე, მურმან ქევანიშვილი ფიქრობს, რომ ვერც 15 ათასი მეცნიერის გაფრთხილება უშველის გაჩანაგებულ სოჭის ტყეებს და ვერც საუკუნეების განმავლობაში წარმოქნილი ჩვენი უნიკალური წყალი დაიბრუნებს პირვანდელ ღირსებას. როგორც კი ბიზნესინტერესი ჩაერევა ბუნებაში უხეშად, ყველაფერი შეიცვლება. კერძოდ, რაჭა-ლეხუმში არის შაორის წყალსაცავი, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე კლიმატიც შეცვლილია. სადაც კი ასეთი ჩარევა მოხდა, ყველაფერი საზიანოდ გარდაიქმნა.

„ყოველი ამომავალი კვამლი ჰაერს აფუჭებს. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. ჩემთვის მოწინავე ქვეყანა არ არსებობს. ყველა იმაზეა გადასული, ფული როგორ წაართვას გაჭირვებულს. მდიდარი კაცი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მასზე ვინ იტყვის, სამშობლოს და დედაბუნებას არ უვლიდაო?!“