გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნდოვანმა მომავალმა თავად უმრავლესობაშიც გააჩინა კითხვები. თავდაპირველად გაურკვევლობა იყო იმასთან დაკავშირებით, ოპტიმიზაციის შედეგად ხომ არ შეუერთდებოდა გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს?! მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ, პირიქით ხდებოდა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა შეერთებოდა გარემოს დაცვის უწყებას. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი შერწყმა ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი, რადგან სოფლის მეურნეობაც და გარემოს დაცვაც იმსახურებს იმას, რომ ჩვენისთანა განვითარებად ქვეყანაში ძლიერად იყოს წარმოდგენილი.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, გარემოს დაცვა არც ერთი ხელისუფლებისთვის არ იყო პრიორიტეტული. ამითაც აიხსნებოდა ის ფაქტი, რომ ეს უწყება ერთ-ერთ ყველაზე დაბალბიუჯეტიანად ითვლებოდა.
თუმცა ერთიცაა, რეალურად რამდენად ქმედითი სტრუქტურა იყო გარემოს დაცვის სამინისტრო და რას აკეთებდა ბუნების გადასარჩენად?!
გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის უწყების შერწყმის ფაქტს აღფრთოვანებით არ შეხვედრია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე. For.ge-სთან საუბარში ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად დარჩენილიყო, რადგან ბუნებრივი რესურსების დაცვა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„ბუნებრივი რესურსების მართვის საქმეში ფისკალური ეფექტის მიღება ყოვლად დაუშვებელია. არაერთი გამოცდილება ჰქონია ამ მიმართულებით საქართველოს, როცა არანაირი ფისკალური ეფექტი და მოგება საქართველოს ამით არ მიუღია. ბუნებრივ რესურსთა მხოლოდ გაყიდვაზე აგებული ეკონომიკა, როგორც წესი, არამდგრადია. მწარმოებლური და გამოყენებითი დამოკიდებულება ბუნებისთვის დამღუპველია. ასევე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა სოფლის მეურნეობის დამოუკიდებლად განვითარება.
როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და მთავრობის ყოფილი წევრი, მივიჩნევ, რომ სოფლის მეურნეობის დარგიც იმსახურებს იმას, ცალკე სამინისტრო ჰქონდეს ისევე, როგორც დამოუკიდებელ განვითარებას იმსახურებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსთა დარგი. არ უნდა მოვიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს როგორც გარემოს დაცვის სფერო და რესურსების მოხმარება, ასევე, დააკნინოს სოფლის მეურნეობის განვითარება“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ და შეკითხვის პასუხად, რამდენად ქმედითი სტრუქტურა იყო გარემოს დაცვის სამინისტრო, განმარტა, რომ ქმედითი სტრუქტურა იყო, თუ არაქმედითი, ძალიან ძნელია ამის თქმა, რადგან ყველა მინისტრს ჰქონდა, როგორც მიღწევები, ასევე, პრობლემები.
მისი აზრით, რაც უფრო მეტად ვითარდება კაცობრიობა და მეტი ამოცანები დგას გარემოს დაცვის სფეროში, მით უფრო რთულია გარემოს დაცვის უწყების მართვა. ამიტომ, როცა ასეთი რთული პერიოდია ზოგადად გარემოსთვის და კაცობრიობასაც ემუქრება საფრთხე, ცხადია, ასეთ დროს არაგონივრულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაქრობა და დაბრუნება მე-19 საუკუნის ეკონომიკისკენ.
ნინო ჩხობაძის შეხედულებით, მე-19 საუკუნის ეკონომიკა რესურსმოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ახლაც უფრო მეტად წარმოჩინდა ეს ამოცანა, რომ ჯერ თურმე ეკონომიკა უნდა ავაღორძინოთ და გარემოს მერე მივხედოთ. ცხადია, როცა ასეთ ამოცანას ისახავ მიზნად, შედეგიც უარყოფითია და დამოუკიდებელი სტრუქტურის გაქრობაც არალოგიკურია.
„ამ გადაწყვეტილებამ მარტო გარემოს დამცველთა კი არა, თანამედროვე ეკონომისტების აღშფოთებაც დაიმსახურა. გამოდის, რომ საქართველოში თანამედროვე ეკონომისტები არ გვყავს, რომლებმაც წარმატებული ეკონომიკა შეუქმნეს ახალ ზელანდიას, ნიდერლანდებს, ფინეთს. რატომღაც ვიმეორებთ ცუდ მაგალითებს. რატომ ვაკეთებთ ასე, ვერაფრით ვხვდები“.
ორი სამინისტროს შერწყმას მიესალმება ფინანსისტი და ეკონომისტი, გარემოზე გულშემატკივარი მურმან ქევანიშვილი. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ ამდენი სამინისტრო და ამდენი ხარჯი საჭირო არ იყო. ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტოს შეუერთეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ორი დარგი ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა. გარემოს დაზიანება, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას აზიანებს და, თუ ვინმე ისეთი გამოჩნდება, რომელსაც გარემოს დაცვის საკითხებიც თანაბრად ეცოდინება და სოფლის მეურნეობაც, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება.
„არავის არაფერი გაუუქმებია. რომელი შტატიც საჭირო იყო, ის აუცილებლად დარჩება. მთავარია, ვინ დაინიშნება თანამდებობაზე, თორემ გარემოს დაცვაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ. გადაუარეს ხალხს ჭიათურაში. მოგეხსენებათ, სოფელ შროშაში ხალხი თიხის ნაწარმს აკეთებს და ამით გააქვთ თავი. ამ თიხას გამოწვა სჭირდება, რასაც ფიჩხი და ტყეში ნაყარი შეშა ესაჭიროება. კვამლი რატომ ამოუშვითო და ეს საწყალი ხალხი გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექციის სამსახურმა დააჯარიმა.
წლების განმავლობაში ეს სამსახური რაჭაში ჩამოსული არ მინახავს, რატომღაც შროშელები დააჯარიმეს, რატომ არ დაწერეთ აქტი იმაზე, ტყე რომ ჩაიბარეთ და შემდეგ ჩააბარეთო. ამ უწყებაში მნიშვნელოვან პრობლემებზე თვალს ხუჭავდნენ. ტყეში რომ გაიაროთ, შეგეცოდებათ ხეები. ტყეს რომ მოჭრი, ის ადგილი უნდა გაასუფთავო, რომ ახალი ამოვიდეს. წინათ გლეხს იმდენი შეგნება ჰქონდა, ფიჩხს რომ გაიტანდა ტყიდან, იმ ფიჩხისგან გაეწმინდა ტერიტორია, რომ ახალი ხე ამოსულიყო და არ გაეფუჭებინა იქაურობა. ახლა ერთ ხეს რომ მოჭრის და გამოატარებს ტრაქტორს, ის პატარა ნერგი, რომელიც წამოზრდილია დიდი ხის გვერდში, ნადგურდება“, - აცხადებს მურმან ქევანიშვილი და მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს პატრონი სჭირდება, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში იგი უპატრონოდ იყო მიტოვებული.
მისივე თქმით, ზაფხულის ხანძრების დროსაც დამტკიცდა, რომ ეს სტრუქტურა არაფერს აკეთებდა. ხანძრები რომ მოხდა, იძახდნენ, მოულოდნელი იყოო. მაშინ, როცა წინასწარ უნდა სცოდნოდათ ნებისმიერი სტიქიის შესახებ და გაეტარებინათ ღონისძიებები.
„ვერტმფრენებს მათხოვრობდნენ. მეზობლის სახლს ცეცხლი რომ წაეკიდება, გადამტერებული მეზობელიც კი მივა მის საშველად. რუსულ ვერტმფრენებზე როგორ შეიძლებოდა უარის თქმა?! ამიტომ ფუნქციებშეცვლილ ორივე სამინისტროს ახლა ერთიანად მოუვლის ჭკვიანი ხელმძღვანელობა“.