თბილისში, სან-ზონის დასახლების 25-ე კორპუსში კორპუსის თავმჯდომარეს, ნინო ჩხეიძესა და ამავე კორპუსის მცხოვრებ თეა მატიაშვილს შორის დავა წარმოიქმნა. მეზობლებს შორის, მით უმეტეს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი დავები ჩვეულებრივი ქალაქის ჩვეულებრივი მოვლენაა და ინტერპრეტაციას თუ მივმართავთ „მეზზობლებს შორის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა“, - მეზობლები მეზობლებად რჩებიან და, ადრე თუ გვიან, მორიგებასაც ახერხებენ. აი, თუ საქმეში ოფიციალური უწყება ერთვება და მით უმეტეს, საქმე აბსურდის თეატრს ემსგავსება, მედიისთვის სერიოზული საკბილო ხდება.
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ეს ისტორია სათავეს 2 ათეული წლის წინ იღებს და მას ასე იხსენებს თეა მატიაშვილი:
„20 წლის წინ, კორპუსის მიმდებარედ, მამამ საგარაჟე ადგილი მონიშნა, მეზობლების თანხმობით და შესაბამისი კრების ოქმით, გამგეობას მიმართა ნებართვისთვის. თხოვნა ჩვენც დაგვიკმაყოფილეს, ისევე როგორც სხვა მეზობლებს და მამამ იქ რკინის კონსტრუქცია ჩადგა. მოგვიანებით, როდესაც ადგილის საკუთრებად დარეგისტრირება გადავწყიტე, საჯარო რეესტრში აზომვითი ნახაზები მომთხოვეს. არქიტექტურის სამსახურიდან სპეციალისტი მოვიყვანე, ადგილი სატელიტიდან დააფიქსირეს, სათავსოს ზომები მონიშნეს, დანომრეს, საჯარო რეესტრში ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე და 2015 წელს გავხდი მესაკუთრე“, - ყვება თეა მატიაშვილი.
ერთი წლის წინ, თეას მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დარჩა სტუდენტი შვილი და ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. თეამ გადაწყვიტა სათავსო გაექირავებინა, რომ ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა. რამდენიმე დღის წინ, მან სათავსოს გამოსუფთავება დაიწო. ამის შემხედვერე ნინო ჩხეიძემ ზედამხედველობის სამსახურში ცხელ ხაზზე დარეკა და კარეგორიულად მოითხოვა, რომ თეა მატიაშვილის საკუთრება მოეშორებინათ იმ ტერიტორიიდან. საქმეში „ზედამხედველი“ ლევან ფოფხაძე ჩაერთო და საქმის ძირფესვიანად შესწავლა გადაწყვიტა, თუმცა, მანამდე მატიაშვილს, როგორც „კანონდამრღვევს“ 8000-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწინასწარმეტყველა.
თეამ ფოფხაძეს საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა „ზედამხედველს“ არაფრის გაგონება არ უნდოდა - 20 წლის წინანდელი ჯიხურის ჩადგმის ნებართვა მომიტანეო, - კატეგორიულად მოითხოვა. თუმცა, მატიაშვილს მაინც შეპირდა, ხვალ თათბირზე გავიტან თქვენს საკითხს და ვნახოთ რა იქნებაო.
თეა მატიაშვილმა ადვოკატებთან გაიარა კონსულტაცია, ადვოკატებმა დააიმედეს, საკუთრება შენია და ხელს ვერავინ ახლებსო.
მეორე დღეს ლევან ფოფხაძემ მატიაშვილს შეატყობინა, საკუთრების დამადასტურებელი ყველა საბუთი წესრიგში გაქვს, მაგრამ სათავსო მაინც უნდა აიღოო.
„ლევან ფოფხაძემ მითხრა: მიწა შენია, შენობა შენია, მაგრამ სათავსო რომ დადგი, ამის ნებართვა გაქვსო? თუ ამ ნებართვას არ მოიტან სათავსო უნდა აიღოო. ვკითხე - თუ არ ავიღებ, თქვენ გაქვთ უფლება რომ აიღოთ-თქო? ამაზე მიპასუხა - არ მაქვს უფლება, რადგან თქვენი საკუთრებაა და მოპარვაში ჩამეთვლებაო. ანუ, კანონიერად მაქვს, მესაკუთრე ვარ და მაშინ რატომ მაჯარიმებ-თქო როცა ვკითხე, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. მაშინ ის გადაწყვეტილება მოვითხოვე, რის საფუძველზეც მავალდებულებდნენ სათავსოს აღებას, რათა სასამართლოში გამესაჩივრებინა. როგორც გაირკვა, სინამდვილეში არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობდა და ბოლოს ლევან ფოფხაძე დამპირდა, კიდევ ერთხელ გავიტან თქვენს საკითხს თათბირზე, მაგრამ მაინც იგივეს მეტყვიან, ალბათო. არაფერი მესმის, საკუთრებას მართმევენ და ამას საბუთი არ სჭირდება? მათი სიტყვიერი გაფრთხილებაა მხოლოდ საჭირო? ვერ გავიგე რა ხდება“, - ამბობს თეა.
for.ge დაინტერესდა ჰქონდა თუ არა მატიაშვილის ყველა დოკუმენტაცია წესრიგში და ამ თვალსაზრისით აქვს თუ არა პრობლემა კანონთან. ამისათვის საჯარო რეესტრს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს:
„მატიაშვილი კანონიერად არის შენობის და მიწის მესაკუთრე. შესაბამისად, მას კანონთან პრობლემა არ აქვს“.
for.ge ასევე დაუკავშირდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, ლევან ფოფხაძეს, რომელმაც თავდაპირველად გვითხრა, რომ ვისთანაც ანგარიშვალდებულია, სწორედ იმას აუხსნიდა დეტალებს. თუმცა, მოგვიანებით კომენტარზე დაგვთანხმდა და დაადასტურა, რომ მატიაშვილს ნამდვილად აქვს მიწის და ამ მიწაზე მდგარი სათავსოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ არის გაცემული, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორაზე სათავსოს განთავსების უფლება არ აქვსო.
„ამ ნებართვას გასცემს არქიტექტურის სამსახური, რაც არ წარმოუდგენია. თუ წარმოადგენს არქიტექტურის ნებართვას, რომ შეუძლია მას ამ ადგილიას განათავსოს ჯიხური, კი ბატონო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება საქმის წარმოება. რამდენადაც ვიცი, ახლა უკვე, ჯიხურებზე და ავტოფარეხებზე არქიტექტურის სამსახური ნებართვას არ აძლევს“, - აცხადებს ლევან ფოფხაძე.
კითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვს იმ დოკუმენტაციას, რომელზეც, წესით, არქიტექტურის სამსახური ნებართვას არ იძლევა, ლევან ფოფხაძე პასუხობს:
„როდესაც განათავსა ეს ჯიხური, მაშინვე უნდა მიემართა არქიტექტურის სამსახურისთვის ნებართვაზე. მაშინ შეიძლება სხვა ფორმით იყო ნებართვის გაცემა, ახლა სხვა ფორმით ხდება. მე ვითხოვ იმას, რასაც კანონმდებლობა მთხოვს. თუ წითელ ხაზებში და საკუთრებაშია განთავსებული, მაგრამ უნებართვოდ არის განთავსებული ჯიხური, ასეთ შემთხვევაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კანონის თანახმად, მესაკუთრე ჯარიმდება 8 ათასი ლარით. თუ წითელ ხაზებს გარეთ, ანუ სახელმწიფოს ტერიტორაზეა, მაშინ ჯარიმა შეადგენს 10 ათას ლარს.
ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს არის მითითება. საქმის წარმოება იწყება მითითებით. მოქალაქეს ევალება წარმოადგინოს ამ ჯიხურის განთავების კანონიერების დოკუმენტაცია, ან მოახდინოს მისი დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ეძლევა რამდენიმე დღე, შეიძლება იყოს 5 დღე, ან 1 თვე. ამის შემდეგ იწერება შემოწმების აქტი, სადაც ფიქსირდება, რომ მოქალაქემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ან ვერ წარმოადგინა. თუ ვერ წარმოადგინა, მაშინ უნდა მოხდეს დემონტაჟი. ჯარიმა პირდაპირ არ იწერება, ეს დროში გაწერილი პროცესია. ჩვენ სიტყვიერი გაფრთხიელება მივეცით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ფოფხაძემ.
20 წლის წინ არქიტექტურის სამსახური არავითარ ნებართვას არ გასცემდა, შესაბამისად, თეა მატიაშვილს ვერავინ მისცემდა მას. როცა დაკანონების საქმეში არქიტექტურის სამსახურის ჩართვა მოითხოვა კანონმა, მატიაშვილმა მაშინ მიმართა მას და საბუთები წესრიგში მოიყვანა. რაც შეეხება უკანონობას, თუ ამ საქმეში კანონდარღვევაა, ერთადერთი დამნაშავე, გამოდის, საჯარო რეესტრია, რომელმაც მატიაშვილს კონკრეტულ მიწაზე, კონკრეტული სათავსო დაუკანონა. რეესტრი კი მსგავს გადაწყვეტილებას ჰაერზე არ იღებს და რატომაა მისი დოკუმენტი ლევან ფოფხაძისთვის არასაკმარისი, გაუგებარია.
მოკლედ, მატიაშვილის და ზედამხედველობის სამსახურის საქმე ასეა: „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის!“.